მთავრობა და ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს
ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გახდა ცნობილი, სადაც პროექტთან დაკავშირებით, შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ფონდი „ქართუს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესწრებიან.
კონკრეტულად კი, საქართველოს მთავრობა და ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN), იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა (CNAO) და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან (ENFN) ითანამშრომლებენ.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ CERN-ის სამეცნიერო დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველი ქრისტოფერ შეფერი, CNAO-ს გენერალური მენეჯერი სანდრო როსი და ENFN-ს პრეზიდენტი ფერნანდო ფერონი.
CERN, CNAO და ENFN ქართულ მხარეს ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობასა და ფუნქციონირების საქმეში მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ. აღნიშნული ორგანიზაციები ქართულ მხარეს გადასცემენ ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის საპროექტო დოკუმენტაციას, ასევე, გამოყოფენ სათანადო გამოცდილების ექსპერტებს, რათა ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ეფექტურად დაიწყოს ფუნქციონირება. მხარეები ითანამშრომლებენ სტუდენტებისა და მკვლევარების მომზადების ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში.
აქვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი შეიტანა, რომლის საფუძველზე ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი უნდა დაფუძნდეს. ცენტრის დაფუძნების ინიციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრს თბილისში ფონდი „ქართუ“ ააშენებს. აღნიშნული ორი პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს.