ტონი და რონი

ტონი და რონი

Rainbow–დან დიოს წასვლისა და Black Sabbath–ის დაარსების პერიოდის როკ–სცენები ერთიმეორისაგან დიდად განსხვავდებოდა. ისე მოხდა, რომ არსებობის 10 წლისთავის იუბილე ლეგენდარულმა კოლექტივმა ახალ ვოკალისტთან ერთად 1970 წლისთვის წარმოუდგენელ გარემოში აღნიშნა. 


ამ დროისათვის Warning–ის ტიპის კომპოზიციების ჩაწერა უკვე, როგორც ქრონომეტრაჟის, ასევე – სულისკვეთების თვალსაზრისით, წარმოუდგენელი იყო. King Crimson–ის ლიდერის, რობერტ ფრიპის შეფასებით, დასრულდა ბაბინებიანი მაგნიტოფონებისა და ხანგრძლივი – გემოვნებიანი მუსიკალური კომპოზიციების ეპოქა. 80–იანების როკ–მუსიკა ბევრად გამარტივდა, რეპერტუარში იკლო იმპროვიზაციულმა მხარემ და, აქედან გამომდინარე, ან – პირიქით, მუსიკალურმა შოუ–ბიზნესმა ფულის შოვნის ხერხები გაიმარტივა. 

ასეთ რთულ ეპოქაში მიიღეს Black Sabbath-ის ლიდერ–გიტარისტმა ტონი აიომიმ და ბასისტმა გიზერ ბატლერმა ჯგუფში ყოფილი მომღერლისაგან ყოველმხრივ სრულიად განსხვავებული პიროვნება – რონი ჯეიმს დიო...

დღევანდელი გადასახედიდან კი აშკარაა, რომ საფუძველი ახალ ტანდემს ჯერ კიდევ 1976 წელს – ალბომ Technical Ecstasy–ით ჩაეყარა. ეს, Black Sabbath–თვის თითქოს რიგითი ალბომი, სინამდვილეში ისტორიულია, რადგან მისი სულისკვეთებით კიდევ ერთი – ოზი ოსბორნის სადებიუტო ალბომი – Blizzard Of Ozz არის გაჯერებული. რა უცნაურია – ერთიმეორისგან როგორი განსხვავებული მუსიკოსებია – გიტარისტები ტონი აიომი და რენდი როუდსი და მომღერლები ოზი ოსბორნი და რონი ჯეიმს დიო... Technical Ecstasy–ში ტონი აიომის გიტარული თვალსაწიერი როგორც სოლოს, ასევე – რიტმული მონახაზის თვალსაზრისით, თითქოს უფრო გამრავალფეროვნდა. აქ აღარაა War Pigs-ისა, თუ Iron Man–ის ტიპის მარადიული საკონცერტო ჰიმნები. სამაგიეროდ ვისმენთ ერთი შეხედვით ბევრი არაფრით გამორჩეულ All Moving Part–სა და მის (განწყობის თვალსაზრისით) შედარებით რთულ ვერსიას - Dirty Women, რომელთა გასაოცარი გადასვლები და თემათა განვითარება, ავტომატურად ითხოვს აიომის სოლო–ფანტაზიის გაღრმავებას, რაც საბოლოოდ განსაკუთრებით You Wont Change Me–ის სოლოების კასკადზე აისახება...

სამწუხაროდ გაგრძელებამ ვეღარ ივარგა და 1978 წლის ალბომი Never Say Die, ოზი ოსბორნის პერიოდის Black Sabbath-ის დისკოგრაფიაში არამცთუ ყველაზე სუსტი, არამედ 7 სხვა ალბომთან შედარებით, უბრალოდ უაზრო გამოდგა...

ამგვარად, დიომ სულზე წაუსწრო კრიზისულ პერიოდში მყოფ როკ–მუსიკის გრანდს, როკ–მუსიკისათვის კრიზისულ პერიოდში. 

1980 წელს ჩაწერილი ალბომი – Heaven & Hell, Black Sabbath-თვის შედევრად იქცა არამარტო მუსიკალური, არამედ იდეური თვალსაზრისით, რადგანაც დიომ ჯგუფში კეთილისა და ბოროტის მარადიული შერკინების თემა სამომავლოდაც დატოვა. უცნაურია, მაგრამ სიხალასითა და საოცარი უბრალოებით ეს ალბომი Ritchie Blackmore’s Rainbow–საც კი მოგვაგონებს. მაგრამ ეს ხომ არა 1975, არამედ 1980 წელია, თანაც Black Sabbath–ის ალბომი წესით ხომ Rainbow–ს Rising–ზე მძიმედ უნდა ჟღერდეს. სიმძიმე კი აქ თითქოს სიღრმითაა ჩანაცვლებული... 

რაშია საქმე? აქ ხომ არ მჟღავნდება Technical Ecstasy–ის ფუნდამენტი? ალბათ კი, მაგრამ, თანაც – არამარტო. Neon Nights, Die Young, Lady Evil, ვოკალური თვალსაზრისით მსგავსებას აუცილებლად ჰპოვებენ ბლეკმორ–დიოს ტანდემის Rainbow –თან. ახალი Black Sabbath-ის დაბადებაზე კი განსაკუთრებით თავად Heaven & Hell და ალბომის დამაბოლოვებელი შედევრი – Lonely Is The Word მეტყველებენ. მსგავსი ტიპის სიმღერები ადრე არც აიომის, არც დიოს თავ–თავიანთ ჯგუფებში არ ჰქონიათ... 

მომავალში აიომი იტყვის, რომ რონი ჯეიმს დიოს ვოკალურმა შესაძლებლობებმა მას დაკვრის უფრო ფართო დიაპაზონი გაუხსნა, რაც აისახა იმ განუმეორებელ სოლოებში, რითაც არანაკლებ მდიდარია 1981 წლის ალბომი Mob Rules. მაგრამ ეს უკვე სხვა Black Sabbath –ია. 

ახალმა მედოლემ – ვინი ეპისმა საგრძნობლად დაამძიმა ჟღერადობა, რაც საბოლოოდ ორნაწილიანი სიმღერის – Falling off the Edge of the World –ის თემათაშორისი გადასვლის მძიმე ინსტრუმენტულ კულმინაციურ მომენტზეც აისახა, თავის მხრივ 30–წამიან საყოველთაო მეტალ ჰიმნად რომ იქცა... საოცარია, მაგრამ კომპოზიციის პირველი ნაწილი Black Sabbath-ის სადებიუტო ალბომის დაუვიწყარ ბალადას – Sleeping Village მოგვაგონებს, ხოლო ზემოთხსენებული გადასვლის შემდგომი ტონი აიომის ტანთ ჟრუანტელ მომგვრელ საოცარ სოლო ნაზავი მეორე ნაწილი კი Black Sabbath-ის მეტალთან შედარებით, ჰარდ–როკზე მიკუთვნებაზე მიგვანიშნებს. Mob Rules -ის დამაბოლოვებელი – Lonely Is The Word –ის ტიპის ბლიუზური კომპოზიცია Over & Over, უკვე ალბომის ერთგვარი განტვირთვაა… 

ამგვარი განწყობის დამაბოლოვებლები Shame Of The Night–ისა, თუ Egypt -ის სახით, დიოს მომავალ სოლო ალბომებში კიდევ არაერთხელ გამოჩნდება და ზოგჯერ ადგილსაც შეიცვლის Stay Out Of My Mind-ისა და Lock Up The Wolves-ისა არ იყოს. იქამდე კი დიოსა და Black Sabbath –ის გზები 10 წლით გაიყარა და საბოლოოდ გიზერ ბატლერისა და დიოს მეუღლეების ინტუიციის წყალობით, კვლავ შეერთდა. 

Black Sabbath –ის მოყვარულები კი Technical Ecstasy –ის ანალოგიური ისტორიის მომსწრენი გავხდით, რადგან ალბომი Dehumanizer თავის მხრივ იქცა როგორც Black Sabaath-ის მომავალ ალბომ Cross Purposes-ის, ასევე დიოს 1993 წლის უმძიმეს ალბომ – Strange Highways წინაპირობად. Dehumanizer ჯგუფის ბევრმა მოყვარულმა უმძიმესი ჟღერადობიდან გამომდინარე, ადრინდელ სტუდიურ ალბომებსაც კი ამჯობინა, თუმცა ბევრია, ვინც რონი ჯეიმს დიოს პერიოდის Black Sabaath-ს საერთოდ არ აღიარებს და მათთვის მით უფრო არაფრისმთქმელია ოზის ბებრული დაჟინებიდან გამომდინარე Heaven & Hell –ად გადაკეთებული პროექტის მორიგი – 2009 წლის უმძლავრესი ნაწარმოები, სამწუხაროდ დიოსთვის უკანასკნელი რომ აღმოჩნდა... 

ერთი კია, რომ ოზი ვერასოდეს ისე ვერ შეასრულებდა Heaven & Hell –ს, Die Young–სა თუ Children Of The Sea-ს, როგორც დიომ Live Evil–ში იმღერა Iron Man, Children Of The Grave და რაც მთავარია ჯგუფის უკვდავი ჰიმნი – Black Sabbath...

ტონი აიომისა და რონი ჯეიმს დიოს ტანდემის სახით კი როკ–სამყარომ მიიღო საოცარი საჩუქარი. ამ პერიოდის Black Sabaath-ის რეპერტუარი ხომ თანაბარი დოზებითაა გაჯერებული მელოდიურობით, სიმძიმით, სიღრმით, რომანტიზმითა, თუ მისტიკით...

(გაგრძელება იქნება)