ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან მკაცრად უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკა და ეკონომიკა

ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან მკაცრად უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკა და ეკონომიკა

თუკი "გაზპრომიდან" კომერციულად გამართლებული შემოთავაზება იქნება, რაც ეკონომიკას წაადგება და ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას არ დააზიანებს , ამაში მისასალმებელის გარდა, არაფერია, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა გააკეთა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ არც აზერბაიჯანის მხრიდან იქნება პრობლემა, თუკი საქართველო გაზის მოწოდების ალტერნატიულ წყაროებს მოძებნის.

ელოშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან მკაცრად უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკა და ეკონომიკა.

"რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სანდო პარტნიორია რუსეთი. მინდა, გითხრათ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტის 99 პროცენტი რუსეთიდან ხორციელდება და არასდროს არანაირი პრობლემა არ გვქონია. როდესაც არსებობს კომერციული გარიგებები, ეს გარიგებები რუსეთის მხრიდან ყოველთვის სრულდებოდა. რაც შეეხება "გაზპრომთან" დაკავშირებულ საკითხს, ჩვენ პრაგმატული ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პოლიტიკა და ეკონომიკა. აქ მთავარია, ჩვენ დივერსიფიცირებული ვართ სხვადასხვა მომწოდებლის მხრივ – გვაქვს როგორც საკუთარი ტრანზიტული რესურსები, ასევე გვყავს აზერბაიჯანი, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი. თუკი "გაზპრომიდან" იქნება კომერციულად გამართლებული შემოთავაზება, რაც ჩვენს ეკონომიკას წაადგება და არ დააზიანებს ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას, ამაში მისასალმებლის გარდა, არაფერია. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ვიყოთ პრაგმატულები და არა გადაწყვეტილებების ცხელ გულზე მიმღებები", - განუცხადა ჟურნალისტებს ელოშვილმა.