"თუ წინა ხელისუფლების დროს ვერავინ შეყოფდა ცხვირს სასამართლოში, ახლა ის ყველასთვის ღიაა"

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში, ყველას აქვს უფლება, დაესწროს სასამართლო პროცესებს.

წულუკიანი ამ განცხადებით საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ნათქვამს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არ უნდა არსებობდეს არცერთი ღია საკითხი და პასუხგაუცემელი შეკითხვა.

"სასამართლო პროცესები ღიაა არა მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოსული ჯგუფებისთვის, არამედ - ყველასთვის. თუ წინა ხელისუფლების დროს ვერავინ შეყოფდა ცხვირს, რადგან სასურველი სტუმარი არ იყო, ჩვენი რეფორმის წყალობით, ყველას შეუძლია არა მხოლოდ შევიდეს სასამართლო დარბაზში და დაესწროს სხდომას, არამედ ჩვენ შევიყვანეთ მედია და კამერები. ამიტომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ვისაც უნდა მოვიდეს, ჩამოვიდეს და ამ სასამართლო პროცესების მონაწილე გახდეს", - განაცხადა წულუკიანმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ გამოთქვა სრული მზადყოფნა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით, ღია კომუნიკაციაში შევიდეთ ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან, რათა ბოლომდე ამოიწუროს, თუ რაიმე შეკითხვა არსებობს საქართველოს მიმართ.