პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, ყველა კითხვას, რომელიც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეებთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებს აქვთ, პასუხი უნდა გაეცეს.
ეკა ბესელია ამ თვალსაზრისით საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზებას მიესალმება. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის ნაცვლად, სჯობს, ყველა პირი, ვისაც ეს საქმეები აინტერესებს, ჩამოვიდეს და ადგილზე მიიღოს ინფორმაცია.
"გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზება არის კარგი და ეს არ არის პირველი შეთავაზება. ხელისუფლების ინიციატივით, მოხდა ეუთო-ს მისიის და რამდენიმე სადამკვირვებლო ჯგუფის მოწვევა, რომლებიც მიმდინარე სასამართლო პროცესებს აკვირდებოდნენ – განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომელიც მაღალი რანგის ყოფილ თანამდებობის პირებს ეხება. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაკვირვება გახსნილი სასამართლო პროცესის ვითარებაში ეწარმოებინათ. ვფიქრობ, ის, რაც მინისტრმა გააკეთა, კარგი შესაძლებლობაა. არის მთელი რიგი საქმეები, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს იწვევს და ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ მათ ვთავაზობთ, ადგილზე ნახონ ვითარება. დააკვირდნენ სასამართლოს, მიიღონ ინფორმაცია და ნახონ, რა ბრალდებებზეა საუბარი. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებზე, როგორიც არის წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა, კორუფციული დანაშაულები, მკვლელობაში თანამონაწილეობა ან ორგანიზება, ასეთ შემთხვევაში, ვერც ერთი პირი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, კანონზე მაღლა ვერ დადგება. გადაუმოწმებელი ინფორმაციის ნაცვლად, სჯობს, ყველა პირი, ვისაც ეს საქმეები აინტერესებს, ჩამოვიდეს და ინფორმაცია ადგილზე მიიღოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ეკა ბესელიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველომ გამოთქვა სრული მზადყოფნა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით, ღია კომუნიკაციაში შევიდეთ ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან, რათა ბოლომდე ამოვწუროთ თუ რაიმე შეკითხვა არსებობს ჩვენს მიმართ.
"ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხებს შეისწავლის", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, იოჰანეს ჰანთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მზად არის, იმ საკითხებზე, რომელთა მიმართებაშიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან არსებობს ინტერესი, შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რაც საშუალებას მისცემს ევროპელ პარტნიორებს მიიღონ ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე.