სასამართლო პროცესები ღიაა არა მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოსული ჯგუფებისთვის, არამედ ყველასთვის

სასამართლო პროცესები ღიაა არა მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოსული ჯგუფებისთვის, არამედ ყველასთვის

სასამართლო პროცესები ღიაა არა მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოსული ჯგუფებისთვის, არამედ - ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში ყველას აქვს უფლება, დაესწროს სასამართლო პროცესებს. მისივე განმარტებით, ევროპულ საზოგადოებასა და საქართველოში მართლმსაჯულება არ ხორციელდება საიდუმლოდ.

"ჩვენი მართლმსაჯულების რეფორმის პირველი ტალღა სწორედ ამას ეძღვნებოდა. სასამართლო დარბაზში თუკი წინა ხელისუფლების დროს ვერავინ ვერ შეყოფდა ცხვირს, თუ არ იყო სასურველი სტუმარი, ჩვენი რეფორმის წყალობით ყველას შეუძლია არა მხოლოდ შევიდეს და დაესწროს სხდომას, არამედ ჩვენ შევიყვანეთ მედია და კამერები სასამართლო დარბაზში. ამიტომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ვისაც უნდა ჩამოვიდეს და ამ სასამართლო პროცესების დამსწრე გახდეს. ყველა ევროპულ საზოგადოებაში და ჩვენთანაც მართლმსაჯულება არ ხორციელდება საიდუმლოდ, ის ხორციელდება საქვეყნოდ, ის არის ღია ყველასთვის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველომ გამოთქვა სრული მზადყოფნა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით, ღია კომუნიკაციაში შევიდეთ ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან, რათა ბოლომდე ამოვწუროთ თუ რაიმე შეკითხვა არსებობს ჩვენს მიმართ.

"ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხებს შეისწავლის", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, იოჰანეს ჰანთან შეხვედრის კომენტირებისას.

მისივე თქმით, საქართველო მზად არის, იმ საკითხებზე, რომელთა მიმართებაშიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან არსებობს ინტერესი, შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რაც საშუალებას მისცემს ევროპელ პარტნიორებს მიიღონ ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე.