ნატო-ს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პროგრესის დასაფასებლად გზა მოიძებნება

ნატო-ს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პროგრესის დასაფასებლად გზა მოიძებნება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს პროგრესსა და მის კონტრიბუციას ნატო-ს სხვადასხვა ოპერაციებში, დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და ივლისში, ვარშავას სამიტზე დააფასებს. ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"საქართველო ნამდვილად აღწევს პროგრესს. ეს არის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, ინსტიტუტებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და მთელი საზოგადოების რეფორმირება, მათ შორის კანონის უზენაესობისაც, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი ელემენტია. ამასთან, საქართველოს ნამდვილად წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში, ნატო-ს სხვადასხვა ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში კონტრიბუციით",-აღნიშან ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და ივლისში, ვარშავას სამიტზე მინისტრები მოძებნიან გზებს ამის დასაფასებლად.

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ. საქართველოსაც და ნატო-საც საშინაო დავალება აქვთ შესასრულებელი. ჩვენ გავაგრძელებთ არსებითი პაკეტის რეალიზაციას. საქართველო კი, რეფორმების ამბიციურ გზას გააგრძელებს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.