ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, შესაბამისი განცხადება იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის გუშინდელ სხდომაზე გააკეთა, რომელიც ნატო-ს შტაბბინაში, 28+1 ფორმატით გაიმართა.
ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთი დღესაც არღვევს საქართველოს საზღვრებს.
"საქართველო სუვერენული ქვეყანაა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მას აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი მომავალი და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკუთარი მექანიზმები. ამასთან, რუსეთი დღესაც არღვევს საქართველოს საზღვრებს. ნატო მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ ვისწრაფვით ამ ურთიერთობის გაღრმავებისკენ", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.