საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ეთნიკური წმენდის ნაწილში აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის პროკურორის ოფისთან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.
"ჰააგის პროკურორის ოფისი 2008 წლის აგვისტოდან იკვლევს ფაქტებს აგვისტოს ომის საქმეზე და დღეს ირკვევა, რომ ქალბატონმა ბენსუდამ, ჰააგის პროკურორმა, გადაწყვიტა, გადადგას პირველი ნაბიჯები, რომ თავად ჰააგის პროკურორის ოფისი ჩაერთოს ამ გამოძიებაში. ჩვენ რომის სტატუტის წევრი ვართ 2003 წლიდან, გვევალება მათთან თანამშრომლობა და ვთანამშრომლობთ. აუცილებლად ვითანამშრომლებთ, მითუმეტეს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე ჩვენი ინტერესია, ეთნიკური წმენდის ნაწილი იქნეს ბოლომდე გამოძიებული, რადგან, ჩვენ ყველას გვახსოვს, ქართველთა ეთნიკური წმენდა 2008 წლის აგვისტოში არის მომხდარი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მთავარი პროკურატურა ამ ნაწილში დღემდე ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა ბენსუდას ოფისთან.
"ერთადერთი, რაც ჩვენ ვერ შევძელით, არის ის, რომ ხელი არ მიგვიწვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, და ქალბატონი ბენსუდას ჩართულობა, მე იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარება, გამოვასწოროთ ეს ხარვეზი რომ ის შეძლებს ამ ტერიტორიებზე მოხვდეს და გამოძიება სრულფასოვნად ჩაატაროს. რა თქმა უნდა, ქალბატონი ბენსუდა ეწვევა საქართველოს, ამას ითვალისწინებს პროცედურა, მაგრამ ის ეწვევა და აუცილებლად უნდა ეწვიოს მოსკოვსაც", − განაცხადა თეა წულუკიანმა.