ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს მიმართ აბსოლუტური მხარდაჭერა იყო გამოხატული , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, უკლებლივ ყველა მინისტრის მხრიდან საუბარი იყო იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ნატო-ს პაკეტის იმპლემენტაციაში მიაღწია, ასევე, თავდაცვის სფეროში რეფორმებზე.
"საუბარი იყო იმაზე, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები ერთხმად თანხმდებიან, რომ მზად არიან უფრო მეტი რესურსი გამოყონ როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური, რათა ეს პროცესი, იგივე ჯეიტეკის (JTEC) გახსნით დაწყებული პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად და წარმატებით წარიმართოს. საუბარი იყო ერთმნიშვნელოვნად იმის შესახებ, რომ ეს პროგრესი, რომელსაც საქართველო აჩვენებს ალიანსს, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოიხატოს ვარშავის გადაწყვეტილებებში. ეს იყო პირველი სხდომა, რომელიც მსჯელობდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ვარშავის სამიტამდე. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტური უალტერნატივო და რაიმე მაგრამისგან თავისუფალი მხარდაჭერა. ამიტომ ახლა ველოდებით ამ პროცესის გაგრძელებას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თუ აქამდე პაკეტის თანამონაწილე 15 ქვეყანა იყო, დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომ პაკეტის თანამონაწილე უკვე 20 ქვეყანაა.
"დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბერში იქნება ღია საუბარი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, გამომდინარე იქიდან, რომ საბედნიეროდ, როგორც ჩანს, კონსენსუსი მიღწეული იქნება მონტენეგროსთვის მოწვევის გაგზავნაზე. ბუნებრივია, ნატო-ს მიერ გამოცხადებული ამოცანა, რომ ნატო-ს კარი ღიაა მისი პარტნიორებისთვის, მიუხედავად სკეპტიკოსების განცხადებისა, რომ ეს პოლიტიკური განცხადებაა და სინამდვილეში ასე არ ხდება. დეკემბერში ეს მითი გაიფანტება და ნატო-ს კარში კიდევ ერთი პარტნიორი ასპირანტი ქვეყანა შეაბიჯებს, რაც ბუნებრივია, რომ საქართველოსთვისაც ქმნის შესაძლებლობას, რომელიც რიგში შემდეგია. ჩვენს შორის ამ რიგში აღარვინ არის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებს მიმართა, რომ "კარგია ქალბატონი მინისტრი რომ მოგზაურობს თქვენს ქვეყნებში, მაგრამ უკეთესი იქნება, თქვენც თუ ჩაბრძანდებით საქართველოში და თავად ნახავთ იმ პროგრესს, რომელიც იქ არისო".