ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზეა და საქართველო არის სწორ გზაზე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნატო აღიარებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია. თუნცა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. "დღეს ჩვენ მივესალმეთ იმ პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ. მაგრამ ჯერაც ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ გვჭირდება მეტი პროგრესი რეფორმების ძირითად ნაწილში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხრივ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, სხდომაზე ალიანსის წევრებს შორის საქართველოსთან დაკავშირებით კარგი განწყობა იყო და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. "დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრები აღიარებენ საქართველოს ამ მიღწევებს დეკემბრის მინისტერიალზე, ასევე ვარშავის სამიტზე. ასე რომ, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პროგრესს, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას როგორც საქართველო, ისე ნატო. ჩვენ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს და საქართველო ამბიციური რეფორმების გზაზე დგას", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. "რუსეთს არ შეუძლია შეცვალოს საერთაშორისო სამართლის რეალობა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ნაწილი", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.