საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი იან კელი დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელჩის მიერ გაკეთებული კომენტარი საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.
"დღეს მე "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას შევხვდი, რათა გამეგო უფრო მეტი იმ სასამართლო საქმის შესახებ, რომელიც ტელევიზიის ფინანსურ მდგრადობაზე ახდენს გავლენას. მე დავარწმუნე "რუსთავი 2", რომ აშშ-ის საელჩო მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
შეერთებული შტატების მთავრობას ხშირად აღუნიშნავს საქართველოს ღია მედიაგარემო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება რეგიონში სანიმუშოდ აღიარებს. ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ისე ჩანს, რომ ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და მედიამრავალფეროვნებას, სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას. ნებისმიერი დემოკრატიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი, პასუხისმგებლიანი მთავრობა. მედიამრავალფეროვნება არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც თავის დროზე ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელებმა გვასწავლეს, მთავრობის უპირველესი ამოცანაა ჩვენი თავისუფლების დაცვა, ჩვენი თავისუფლება კი თავისუფალ, შეუზღუდავ და მრავალფეროვან მედიას ეფუძნება",-განახცადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.