2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შესაძლოა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიძიოს. როგორც სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ვითარების წინასწარი შესწავლა 2008 წლის აგვისტოში დაიწყო. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, პროკურორმა ფატუ ბენსუდამ დაასკვნა - არსებობს "საფუძვლიანი ვარაუდი" იმისა, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესებით, პროკურორმა, სრულფასოვანი გამოძიების დასაწყებად, წინასწარი წარმოების პალატის ნებართვა უნდა მიიღოს.
ფატუ ბენსუდას განაცხადის მიღების შემდეგ, მოსამართლეები, მიღებულ დოკუმენტებსა და სხვა მასალაზე დაყრდნობით გადაწყვეტენ, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება.
წინასწარი წარმოების პალატაში, რომელიც აღნიშნულ საკითხს შეისწავლის, ჯოის ალუოჩი (კენია), კუნო ტარფუსერი (იტალია) და პეტერ კოვაჩი (უნგრეთი) შედიან.
ამასთან, 6 ოქტომბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მასალები რუსეთიდან გამოითხოვა.