საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჟენევის დისკუსიების შემდეგ გამოქვეყნდა.
"აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზარდი შეშფოთება საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების გამო. კერძოდ, აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს გაღრმავებული თანამშრომლობის ე.წ. პაკეტის პრაქტიკული რეალიზაციის დაწყება, აგვისტოს ბოლოს ალიანსის სასწავლო ცენტრის გახსნა, აშშ-ის გეგმები ქართულ ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო სწავლებების მასშტაბის გაფართოების შესახებ - რეგიონში დესტაბილიზაციას ახდენს. ეს ყველაფერი არ შეესაბამება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებას სამხედრო შეკავების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.
ჟენევის დისკუსიების რიგით 33-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს გაიმართა.