სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა, საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი არიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.
ორგანიზაციის განმარტებით, 2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სულ 9,585,115.04 აშშ დოლარი, ხოლო სხვადასხვა კერძო პირებისა და პარტიების მიერ კი 5,270,490.09 აშშ დოლარი დაიხარჯა.
"ჯამურად წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 7.2 მლნ აშშ დოლარი 2012 წელს დაიხარჯა. აღნიშნული მეტწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოში ამ პერიოდში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე ხარჯები გაწია ასევე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა.
ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა: საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი, რომლებზეც ჯამურად მოდის 2008-2015 წლებში გადახდილი მთლიანი თანხის 98%, ანუ 14,6 მლნ აშშ დოლარი", - აცხადებენ IDFI-ში.
მათივე ინფორმაციით, ერთი წლის მანძილზე, ყველაზე მეტი თანხა 2008 წლიდან დღემდე გადახდილი აქვს ბიძინა ივანიშვილს (2012 წელს – 5,147,185.09, 2011 წელს – 75,305).
"თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა ლობისტური საქმიანობა დაიწყო მხოლოდ 2011 წლის ბოლოდან (როდესაც პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა) და შეწყვიტა 2012 წელს. რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების მიმართვას ლობისტურ საქმიანობაზე, მოცემული წლების განმავლობაში ჯამურად ყველაზე დიდი თანხა 6,6 მლნ აშშ დოლარი გადახდილი იქნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ", - განმარტავენ ორგანიზაციაში.
როგორც IDFI-ში განმარტავენ, აღნიშნული სამი მსხვილი მოთამაშის გარდა, დარჩენილი 1,8 მლნ აშშ დოლარი ამ წლების განმავლობაში 6 მოთამაშეზე ნაწილდება (პრემიერ-მინისტრის აპარატი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სალომე ზურაბიშვილი).
"პრემიერ-მინისტრის აპარატის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში ლობისტური კომპანიების ძირითადი საქმიანობები მოიცავდა საქართველოს ოფიციალური პირების შეხვედრების ორგანიზებას, საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, აშშ-ს მედიასთან ურთიერთობას, საქართველოს თავდაცვითი და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ დისკუსიების ორგანიზებას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემთხვევაში 2011-2012 წლებში ლობისტური კომპანიისთვის გადარიცხული თანხები ძირითადად მოხმარდა პროექტის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ("Teach and Learn with Georgia") შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. პროექტი, რომელიც 2010 წელს დაიწყო, გულისხმობდა საქართველოში ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლების ჩამოყვანას. ლობისტური კომპანიის დახმარებით განათლების სამინისტრომ პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა როგორც აშშ-ს მედიას, ისე სენატორებსა და კონგრესმენებს. აღნიშნულ საქმიანობებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წელს გადაიხადა 20,000 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წელს - 50,041.7 აშშ დოლარი, სულ - 70,041.70 აშშ დოლარი.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ლობისტური კომპანია ეხმარებოდა პარტიის მოსაზრებების, მიზნების, პოზიციებისა და პროგრამების აშშ-ს ისეთ აუდიტორიამდე მიწოდებაში, როგორიცაა კონგრესის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები ა.შ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 2014 წელს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აშშ-ში განხორციელებულ ლობისტური საქმიანობაზე გაწია 42,000 აშშ დოლარის ხარჯი.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი ლობისტური საქმიანობა დაახლოებით 10 დღეს მოიცავდა 2013 წლის აგვისტოს ბოლოდან. სწორედ ამ პერიოდში სალომე ზურაბიშვილი აპირებდა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის გამო 2013 წლის სექტემბრის დასაწყისში ცესკო-მ მისი კანდიდატურის დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა და ამავდროულად შეწყდა მისი აშშ-ში ლობისტური საქმიანობაც. სალომე ზურაბიშვილმა ლობისტურ საქმიანობაზე 2013 წლის აგვისტოდან სექტემბრის დასაწყისამდე გაწია 6,000 აშშ დოლარის ხარჯი", - აღნიშნავენ IDFI-ში და ხაზს უსვამენ, რომ 2012 წლის არჩევნებამდე 2,73-ჯერ მეტი საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე, ვიდრე არჩევნების შემდეგ.