აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასი ათასობით აშშ დოლარი ირიცხება, - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შესაბამის საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ ანალიზშია ნათქვამი.
ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნულის ფონზე ლობისტურ საქმიანობაზე დახარჯული ფინანსების შესახებ ინფორმაცია საქართველოში ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია.
"ანალიზი ცხადყოფს, რომ აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასი ათასობით აშშ დოლარი ირიცხება, რის შესახებ ინფორმაციაც საქართველოში ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია. რასაკვირველია, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა დავის საგანს წარმოადგენდეს, თუ რამდენად საჯარო უნდა იყოს ქვეყნის ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები. თუმცა, აშშ-ს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მაგალითზე შეიძლება რამდენიმე არგუმენტის მოყვანა მეტი საჯაროობის სასარგებლოდ.
ათეულობით დოკუმენტის შესწავლის შედეგად თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტები (კონტრაქტები, გადარიცხული თანხების რეესტრი, განხორციელებული აქტივობების აღწერილობა) უმეტესწილად არ შეიცავს ისეთ სენსიტიურ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ზიანს მიაყენებდა. ინფორმაცია მოცემულია განზოგადებული სახით, მაგ. მითითებულია შეხვედრებში მონაწილე პირები და ზოგადი მიზნები, ან თემები, როგორიცაა "ურთიერთობა საქართველოსა და აშშ-ს შორის" ან "საქართველოში მიმდინარე არჩევნები", მაგრამ არ არის დაკონკრეტებული საკითხები და შედეგები. იშვიათ შემთხვევებში მოცემულია დაგზავნილი პრესრელიზების ან ოფიციალური წერილების ნიმუშები", - აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ში 2008 წლიდან დღემდე საქართველოდან სულ 9 დაწესებულება/პირი იღებდა აშშ-ში ლობისტური კომპანიების მომსახურებას. ესენია:
1. საქართველოს მთავრობა, 2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, 3. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი, 5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 7. ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და "თავისუფალი დემოკრატები", 8. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და 9. სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფი.
"აშშ-ში ლობისტური საქმიანობით სარგებლობდნენ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობებიც. ხელშეკრულებების გაცნობის შედეგად ცხადი ხდება, რომ სეპარატისტული რეჟიმების ლობისტური კამპანიები მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ. სულ 2009-2011 წლებში გაწეული ლობისტური მომსახურებისთვის აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას გადახდილი აქვს 430,000 აშშ დოლარი, ხოლო სამხრეთ ოსეთს იმავე პერიოდში - 457,850 აშშ დოლარი", - აღნიშნავენ IDFI-ში.