ევროსაბჭოს ექსპერტები აზერბაიჯანთან ადამიანის უფლებების სფეროში თანამშრომლობას წყვეტენ. საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიერნ იაგლანდმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უკვე აცნობა. თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზად აზერბაიჯანში ვითარების "დრამატული გაუარესება" დასახელდა.
"დამოკიდებულება უფლებადამცველთა მიმართ მკვეთრად გაურესდა. ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ აქტივისტს იჭერენ. ევროსაბჭომ ციხეში მათი ყოფნის მიუღებელ პირობებზე საგანგაშო ინფორმაცია მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროსაბჭოს ექსპერტები იმ სამუშაო ჯგუფში მუშაობდნენ, რომელიც ბაქოში 2014 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს. აღნიშნულ ჯგუფში ასევე იყვნენ გაწევრიანებულნი აზერბაიჯანის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე უფლებადამცველები. სამუშაო ჯგუფის მიზანი სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის დიალოგის ხელშეწყობა იყო. ამ სამუშაო ჯგუფში გაწევრიანებული იყო რადიო "თავისუფლების" აზერბაიჯანული ბიუროს ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვაც, რომელსაც 1-ელ სექტემბერს 7,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.