აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი სირიის ოპოზიციაზე იერიშების მიტანაში დაადანაშაულა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, რუსული ავიაციის ავიდარტყმების 10%-ზე ნაკლები "ისლამური სახელმწიფოსა" და "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ იყო მიმართული.
"სირიაში რუსული ავიადარტყმების 90%-ზე მეტი მიმართული არ იყო ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსა" და "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ. უმეტესწილად, ბომბავდნენ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებსაც სირიისთვის უკეთესი მომავალი სურთ და არ უნდათ, რომ ასადის რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩეს", - განაცხადა კირბიმ.
მანამდე, ანალოგიური ბრალდება ამერიკელებს რუსეთმა წაუყენა. როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, ამერიკული ავიაცია ტერორისტების პოზიციებს არ ბომბავს.
სირიაში რუსეთის ქმედებებზე დღეს ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალზე იმსჯელებენ.