ძალიან იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ საქართველოს კომუნიკაცია ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ნატო-ს შტაბბინაში ასეთი ინტენსიურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შენობაში ინტენსიური საუბრებო მიმდინარეობს საქართველოზე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ნატო-ს შტაბბინაში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. იენს სტოლტენბეგთან შეხვედრის შემდეგ თინა ხიდაშელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პოზიტიური იქნება დეკემბრის მინისტერიალი და მაღალი ალბათობით ეს გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
"ნატო დაადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადებულია, ღია კარის პოლიტიკაა და იმ კარში შედიან სახელმწიფოები. მე ძალიან იდიდ იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად მოხდება, რაც ძალიან დიდ ოპტიმიზმს აძლევს საქართველოსაც. ბუნებრივია, რომ შემდეგი ეტაპი ჩვენთვისაც ნატოსთან ურთიერთობის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად გარანტირებული იქნება", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ოპტიმისტურად უყურებს ვარშავის სამიტს და გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო დაბრუნდება ვარშავიდან, იქნება ძალიან მარტივი, ადვილად აღქმადი და ადვილად გასაგები და არ დატოვებს მანიპულირების და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
"მთავარი ეს არის, რომ ჩვენ გადავიდეთ თვისობრივად სხვა ტიპის ურთიერთობებზე და გავაქროთ ბარიერები საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, რომელიც დღეს გვაქვს", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
თინა ხიდაშელმა ასევე ნაყოფიერი უწოდა ნატო-ს აკრედიტებულ 12 ელჩთან გამართულ შეხვედრას.
ხვალ საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრება ალიანსის მინისტერიალს, რომლის შემდეგ 28+1 ფორმატში გაიმართება საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა. სხდომის შემდეგ გამოქვეყნდება ანგარიში საქართველოს შესახებ.
ხვალვე თინა ხიდაშელი შეხვედრებს გამართავს თავის ფრანგ, ბრიტანელ, რუმინელ, ბულგარელ და პოლონელ კოლეგებთან.