საქართველოს ამოცანა, მიზანი, სწრაფვა, ოცნება არ არის MAP-ის მიღება, ეს არის ანბანური ჭეშმარიტება, საქართველოს მიზანი, ამოცანა, სწრაფვა არის ნატო-ში გაწევრიანება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ნატო-ს შტაბბინაში ქართველ ჟურნალისტებთნ საუბრისას განაცხადა.
"სტრატეგიულად, ტაქტიკურად თუ ვილაპარაკებთ, ამოცანა ამ მინისტერიალის, შემდეგი სამიტის, მანამდელი სამიტების მდგომარეობს იმაში, რომ ისეთი ტიპის ურთიერთობა გვქონდეს ნატო-სთნ, ისეთი ტიპის ნახტომებით ვიაროთ, რაც ჩვენს სტრატეგიულ ამოცანას დაგვაახლოვებს. სახელი რა დაერქმევა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის პირადად არის, რომ საქართველო ვარშავის შემდეგ გამოვიდეს იმ ეტაპზე, სადაც აღარ იარსებებს შუალედური ნაბიჯი ჩვენს ქვეყანასა და ნატო-ს შორის. შესაბამისად, როდესაც ვამბობ, რომ MAP-ი არ არის ჩემი ამოცანა, სწორედ ამას ვგულისხმობ", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, თუ საქართველო MAP-ს მიიღებს, ეს შუალედური ნაბიჯი უკვე ქრება და საქართველოს პირდაპირ შეუძლია დაიწყოს მუშაობა წევრობაზე.
"MAP-სთუ არ მივიღებთ, ამოცანად იგივე რჩება, რომ მივიღოთ ისეტი ტიპის დეკლარაცია, რომელიც გვეტყვის, რომ შუაში უკვე არაფერი გვაქვს.მე მირჩევნია, MAP-ის გარეშე მოხდეს ეს ვარშავის სამიტზე. დიახ, მე ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, იმაზე ორჯერ და სამჯერ მეტი ინსტრუმენტი, რომელიც სხვა ქვეყანას ჰქონია, ვისაც დღეს აქვს MAP-ი ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდებიან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდება ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრებს. ბრიუსელში ხვალ გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც ფორმატით - 28+1.
ნატო-ს მინისტერიალზე ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სირიასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულ მოვლენებსა, ავღანეთში გართულებულ უსაფრთხოების გარემოს განიხილავენ.