ახლანდელ ხელისუფლებაში თავი იჩინა იგივე ნეგატიურმა ტენდენციებმა, რამაც სააკაშვილის ადრეული პერიოდის მიღწევების ნიველირება მოახდინა , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია უცხოურ გამოცემა politico-ში გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს. მასალა სათაურით "დავიწყებული მოკავშირე" ვებგვერდზე www.politico.eu დღეს გამოქვეყნდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი წერს, რომ რეგიონში საქართველო ყველაზე თავისუფალი და ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა.
"მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებიც ჩვენი მძიმე სამეზობლო გარემოთია განპირობებული, საქართველო კვლავაც აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ ჩვენი პირობა ურყევია. რეგიონში საქართველო ყველაზე თავისუფალი და ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა იმ პოლიტიკური პარტიისთვის, ვისაც ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა. ყოველწლიურად ჩვენ მილიონობით ადამიანს ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენი სტუმართმოყვარეობის, ბუნებისა და კულტურის გასაზიარებლად. 2008 წლის თავდასხმის შემდეგ ფეხზე დავდექით და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების თითქმის ერთი მესამედი ჯერ კიდევ ოკუპირებულია, ქართველებმა არ დავუშვით, რომ ამ ეგზისტენციალურ საფრთხეს შეეცვალა ჩვენი სული", - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მისივე შეფასებით, ჩვენ ამაყი, შრომისმოყვარე და რიგითი ყულჯანიშვილის მსგავსად, მამაცი ხალხი ვართ.
"მართალია, ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება აღარ ყიდულობს ჟურნალ ,,ეკონომისტის" მთელ სარეკლამო გვერდს, რომ იამაყოს საქართველოს მიღწევებით. ეს აღარ არის საჭირო, ვინც გვიცნობს მათ ეს ისედაც იციან. თუმცა, ჩვენ მეტი შეგვიძლია და მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენი თავისუფლება, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია, დაცული არ არის. უკვე მერამდენედ, ახალი ენერგიითა და იდეებით მოსულმა ხელისუფლებამ გადაუხვია გეზიდან და ავტორიტარულ გზას დაადგა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ, კოალიციამ ,,ქართული ოცნება", რომლის ნაწილი მაშინ ჩემი პარტიაც იყო, დაამარცხა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დესპოტური მთავრობა. სწორედ ამიტომ მოახერხა მანამდე სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად, შევარდნაძის სწორი განზრახვების მქონე, მაგრამ კორუმპირებული მთავრობის ჩანაცვლება", - აღნიშნავს ირაკლი ალასანია.
მისივე განცხადებით, მმართველმა კოალიციამ არაფერი გააკეთა საარჩევნო რეფორმის მიმართულებით, რომლის განხორციელების პირობა მან ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს დადო.
"დღეს ჩვენ შიგნიდან ვიღწვით დემოკრატიის გაძლიერებისა და შენარჩუნებისათვის. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან იყოს ანგარიშვალდებული მის მიერ გაცემულ ისეთ დაპირებებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის მეტი წარმომადგენლობითობა და მედიის დაცვა ისეთი ცენზურისგან, როგორიც ახასიათებს ევრაზიის რეგიონს. ახლანდელ ხელისუფლებაში თავი იჩინა იგივე ნეგატიურმა ტენდენციებმა, რამაც სააკაშვილის ადრეული პერიოდის მიღწევების ნიველირება მოახდინა. იხურება სატელევიზიო თოქ-შოუები, სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიზირებული, ხოლო სამართალი შერჩევითია", - წერს ირაკლი ალასანია.