სირიაში რუსული ავიაციის მიერ მიტანილი 57 დარტყმიდან მხოლოდ 2 იყო "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართული. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა.
დავუთოღლუს თქმით, მას არ სურს, რომ სირიის კონფლიქტი რუსეთ-ნატო-ს ან რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდეს. თუმცა, თურქეთი, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, საზღვრების დარღვევას არ დაუშვებს.
თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა რუსი და თურქი სამხედროების შეხვედრის ინიციატივით გამოდის.
ურთიერთობა ანკარასა და მოსკოვს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 და 4 ოქტომბერს რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. მოსკოვში განაცხადეს, რომ ინციდენტი ამინდით გამოწვეული შეცდომა იყო. ნატო-ში კი, მომხდარს მიუღებელი უწოდეს.