"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გივი თარგამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კატეგორიულად ითხოვს, განხორციელდეს რეალური ზომები ე.წ. კანონიერი ქურდის, "ლავას ოღლის" "აჭარაში ბოგინის აღსაკვეთად".
როგორც გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რამოდენიმე კვირის წინ პოლიციამ ბათუმში კოსმეტიკური ღონისძიებები ჩაატარა, როდესაც ორ წყებად იქნა დაკავებული "კანონიერი ქურდის" "ლავას ოღლის" მიმდევრები.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ამან არ შეცვალა რადიკალურად სიტუაცია, რადგან ეს ადამიანები არ იყვნენ ის მთავარი ბირთვის წევრები, რომელიც განაპირობებს კრიმინალური ვითარების გამწვავებას.
"სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე კვირის წინ აჭარის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის განყოფილების უფროსი, ზვიად ქედელიძე მოემართებოდა რესტორნიდან სამსახურებრივი მანქანით ნასვამ მდგომარეობაში და დაეჯახა შემხვედრ მანქანას. სანამ ადგილზე პატრული მივიდოდა, ქედელიძემ სიმთვრალის დასაფარად გამოიძახა თავისი თანამშრომელი, გამომძიებელი ირაკლი ანანიძე და სიტუაცია გაფორმდა ისე, თითქოს საჭესთან იჯდა სწორედ გამომძიებელი ანანიძე. შესაბამისად, პატრულთან ვითარება მოგვარდა და მეორე მხარეს მისცეს პირობა, რომ მანქანას შეუკეთებდნენ. მეორე მხარე ითხოვდა ახალი მანქანის ყიდვას, რაზეც თავდაპირველად დაეთანხმა ანანიძე, შემდეგ საბოლოო ჯამში, მაინც გაკეთების ვერსია არჩია.
ამას მოყვა არც მეტი არც ნაკლები, ანანიძესთან "სკაიპით" ზარი "ლავას ოღლისგან", რომელიც გაეცნო, როგორც მინდია გორაძე, თუმცა უთხრა, რომ მისთვის ის არის ქურდი "ლავას ოღლი". მან კატეგორიულ ტონში უთხრა, რომ უყიდოს მანქანა ბიჭებს, რომლებიც უმანქანიოდ დაუტოვა და ამისთვის მისცა გარკვეული ვადა", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მისი თქმით, ამ ინციდენტის შემდეგ ანანიძე გენერალურ ინსპექციაში გამოიძახეს. უკან დაბრუნებულ ანანიძეს ისევ დაურეკა "ლავას ოღლიმ" და ერთი კვირა მისცა იმისთვის, რომ ახალი მანქანა ეყიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ანგარიშსწორებით დაემუქრა.
"ასეთი ანგარიშსწორება ბათუმში განხორციელდა პროკურორის, ციხის უფროსის მოადგილის მიმართ და ბუნებრივია, ანანიძეს აქვს შეგრძნება, რომ მის მიმართაც ეს რეალური მუქარაა და ის მართლაც შეიძლება განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, კატეგორიულად ვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, განხორციელდეს რეალური ზომები "კანონიერი ქურდის", "ლავას ოღლის" აჭარაში ბოგინის აღსაკვეთად. ერთხელ და საბოლოოდ შეჩერდეს პროცესი, რომელიც უკვე ნელ-ნელა ვრცელდება მთელ დასავლეთ საქართველოზე და მიიღონ ზომები იმ ბირთვის წინააღდმეგ, რომელიც აჭრაში თესავს შიშს", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მისივე თქმით, "ლავას ოღლის" დაჯგუფების წევრია მუხრან ვახტანგაძე და იმის მაგივრად, რომ მას პასუხი აგებინონ, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა.