„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე უშიშროების საგამოძიებო ორგანომ უკვე დაკითხა.
ბათიაშვილის ინფორმაციით, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის სამუშაოები ემიგრაციაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების გარკვეული წრეებში მიმდინარეობს. როგორც მან ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა "2030"-ში განაცხადა აღნიშნული ინფორმაცია მან სანდო წყაროსგან მიიღო, რომელთანაც ის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობისას თანამშრომლობს.
„როდესაც საჯარო განცხადება გავაკეთე, რამდენიმე დღეში მთხოვეს მისვლა და დავიკითხე უშიშროების საგამოძიებო ორგანოში. თუმცა კანონის შესაბამისად, მე არ მაქვს უფლება დეტალებზე ვისუბრო. რაც შეეხება განცხადებას, მე ის გავაკეთე კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მე სანდო წყაროდან, საკმაოდ სერიოზული არხიდან მივიღე. წყაროდან, რომელიც მე ვიცი იმ პერიოდიდან, როდესაც მე ვიყავი საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე, მაშინ 85% ჩემს გვერდით უშიშროების სამსახურის ნამდვილი, პროფესიონალი თანამშრომლები იყვნენ, მათ სერიოზული სანდო წყაროები ჰყავდათ. ყოფილი ხელისუფლების ემიგრაციაში მყოფი, ყოფილი თანამდებობის პირების გარკვეულ ვიწრო წრეში მიდის სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო, ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. ამას ჰქონდა გაგრძელება, რომ უკვე ჩამოსულია საქართველოში გარკვეული ჯგუფი, მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. მე არცერთ ინფორმაცის ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე არ ვეკიდები ასე იოლად, თუნდაც აპრობირებული წყაროდან იყოს. ინფორმაცია რომ სანდო გახდეს ის შენ უნდა შეგეძლოს მრავალჯერადად გადაამოწმო სხვადასხვა მეთოდებით, მე ამის საშუალება არ მქონდა, ამიტომ მე ვფირობდი, ღირდა თუ არა ამაზე რაიმე განცხადების გაკეთება. როდესაც მე მივხვდი, რომ გადამოწმების საშუალება არ მქონდა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელიც შეუტყობინებლობის მუხლს ითვალისწინებს, გამეკეთებინა საჯარო განცხადება. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ თუ კი გარკვეულ ძალებს საქართველოში სურთ ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის მოწყობა, ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შემთხვევაში ეს გაცილებით გაადვილდება, დღევანდელი ხელისუფლების სისუსტის გათვალისწინებით. ამიტომ, მე ვთქვი, რომ თუ კი რეალურია ეს ინფორმაცია, ამაზეა გათვლილი. მე ამ ინფორმაციას აბსოლუტურად ვერ ვენდობი, მაგრამ ვინაიდან სანდო წყაროდან არის მიღებული, ჩავთვალე ვალდებულებად, რომ საჯაროდ განმეცხადებინა. ეს ინფორმაცია სერიოზულია, თუმცა მე ინფორმაციას ვერ ვენდობი თუ ის ათმაგად არ არის გადამოწმებული“, - განაცხადა ბათიაშვილმა.
ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოში მისი დაბარების შემდეგ, აღნიშნულ განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა ეს ინფორმაცია დეზინფორმაციაც იყოს. კითხვაზე, რომელ ქვეყანაში იმყოფებიან ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირები, ვინც ამ აქტს გეგმავენ, ბათიაშვილმა კონკრეტული პასუხი ვერ გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს უკრაინაში ემიგრაციაში მყოფი პირებისგან მოდის.