ფიქრები ნამარშევს

ფიქრები ნამარშევს

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ... არც 1913 წელია, არც შუაღამე იწვის/დნება და არც სარკმლით მონაბერი სიო მეუბნება ველთა ზღაპარს.


კალენდარზე 2011 წლის 28 სექტემბერია, დღის 11 საათი და 40 წუთი. ვზივარ, ვწერ და ვფიქრობ 27 სექტემბერს განხორციელებულ ”ქართველთა მარშზე”.

მართალი გითხრათ, ამ სახელწოდების ვერაფერი გავიგე. პროფესიით ისტორიკოსი ვარ და სხვაზე უკეთ თუ არა, ნაკლებად არ ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამის დროიდან მოსახლე უცხოტომელთა უმრავლესობას (არა უბრალო, არამედ უდიდეს უმრავლესობას) საქართველოს ბედი ყოველთვის ფეხებზე ეკიდა, მაგრამ მოძრაობის დასახელებაში ქართველთა და არაქართველთა პოლარიზაცია-დიფერენციაციის ასე მკაფიოდ გამოხატული ტენდენცია მაინც შეცდომად მიმაჩნია.

მოჯადოებულივით ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ და დაუსრულებლად ვიმეორებთ უკვე დაშვებულ შეცდომებს.

თუ შილერის ფრანც მოორისთვის სინდისი ჩიტების შესაშინებლად ღობეზე გამოკიდებული საფრთხობელა იყო, ჩვენთვის გამოცდილება ორი ზომით ნაკლები კალოშია, რომელიც შეცდომით შევიძინეთ სექენდ ჰენდში და არ ვიცით, რა მოვუხერხოთ- არც ვიცვამთ, გადასაგდებადაც გვენანება.

აგერ, გუშინ არ იყო, როცა თვალნათლივ დავინახეთ, არაქართველთა როგორი გაღიზიანება მოჰყვა პატრიარქის მიერ ინიცირებულ კამპანიას ქართველის მკვლელი ქართველის სახელის შავ წიგნში შეტანის თაობაზე?



ვფიქრობ, მართალიც იყო ის ხალხი. ქართველის მიერ მეორე ქართველის სიცოცხლის ხელყოფა რომ გვაღიზიანებს, ლოგიკურია, მაგრამ სხვები? სომეხმა და აზერბაიჯანელმა, ოსმა და აფხაზმა რა დააშავა? საკითხის ამგვარად დასმა ირიბად ხომ ნიშნავს, რომ არაქართველის მკვლელი ქართველი, ოსის მკვლელი აფხაზი, ბერძნის მკვლელი სომეხი, სომხის მკვლელი აზებაიჯანელი ან ებრაელის მკვლელი ლეკი შერისხვისა და შავ წიგნში შეტანისგან დაზღვეულია?

ზოგჯერ (ხშირად, სულ მცირე - არც თუ იშვიათად) ჩვენივე დაუკვირებლობით ვაღრმავებთ უფსკრულს ქვეყნის მკვიდრ ეთნიკურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, მერე კი მხრებს ვიჩეჩავთ და სადღაც, ცხრა მთის გადაღმა ვეძებთ მათ მიერ გამომჟღავნებული ინდიფერენტიზმის მიზეზს. ქართველთა მარშთან დაკავშირებითაც რაღაც ამდაგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მოქმედი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას დღეს თანაბრად გამოხატავენ როგორც ქართველები, ასევე- ნაციონალურ უმცირესობათა წარმომადგენლები. იდეაში ვერავინ დამარწმუნებს, რომ მათ უმრავლესობას სურვილი არ ამოძრავებდეს მთლიანად ქვეყნის თუ არა, საკუთარი პირობების გასაუმჯობესებლად მაინც და მზადაა, ხმამაღლა გამოხატოს პოზიცია. ვთქვათ, მარშში მონაწილეობა სურს ავლაბრელ სურენას, ისნელ იაკოფას, ფონიჭალელ მამედას, წალკელ იანგულას, ბაკურიანელ ვალოდას და ა.შ. რატომ ვხვდებით მათ დასაწყისშივე გამოვლენილი არაკეთილმოსურნე განწყობით?! რატომ აღვმართეთ საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე ამკრძალავი ნიშანი- შესვლა აკრძალულია?! დგომის, დგომის თუ არა, გაჩერების უფლება მაინც მივცეთ ამ ხალხს.

იქნებ ვინმემ მითხრას, ახლა შენც ნუ ახურებ ამ პუბლიცისტური კაზუისტიკით, არავისთვის არ აუკრძალავთ მარშში მონაწილეობა, ოღონდ მოსულიყვნენ და სულ ”დუხავოი” მუსიკით შევხვდებოდითო. მესმის, განა არ მესმის, მაგრამ მთლად ასე მარტივადაც რომ არაა საქმე? რომ არ თვლიან იაკოფა, სურენა, იანგულა და და ვალოდა თავს საქართველოს მოქალაქეებად (ქართველობაზე აღარაფერს ვამბობ)? ამის დიდი სურვილი არც არასდროს ჰქონიათ, მაგრამ ჩვენ თვითონაც რომ გავინაპირეთ ისინი? მერე ამით სხვამ ისარგებლა, ტვინი აურია, შხამი ჩააწვეთა და საბოლოოდ ჩამოგვაშორა. ჰოდა, ვცხოვრობთ დღეს იზოლირებულად ჩვენ-ჩვენ კერძ საქართველოში და იმასაც ვერ ვხვდებით, რომ ეს ქვეყანა უკვე არა თუ საერთო საერთო სამშობლო, სამკვიდროც აღარაა ჩვენი. ნამდვილად აღარაა, რადგან მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ურთიერთობაში კარგა ხანია დაიკარგა მავასხელობითი ურთიერთზრუნვისა და პატივისცემის ელემენტი. დღეს ქვეყანა გადაიქცა დესპოტ,პარაზიტ მამინაცვლად (გნებავთ - აშარ დედინაცვლად), რომელიც მხოლოდ მოითხოვს და გვაიძულებს სამსახურს, მაგრამ არაფერს იმეტებს ჩვენთვის ხელკეტების, პლასტიკური ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გარდა.

თხემით ტერფამდე ქართველი ვარ, ძაფი ნერვი არ მაქვს არაქართული, ათადან და ბაბადან ჩემს ჯიშსა და მოდგმაში ერთი წვეთი უცხო სისხლი არ ურევია, მაგრამ ქართველთა მარშის, როგორც ბრძოლის მეთოდის, მომხრე არ ვარ (იმის მიუხედავად, რომ აქციაში მონაწილეობა მივიღე).

საქართველოს მოქალაქეთა მარში მირჩევნია, თუ საქმით არა, მანამდე სახელით მაინც (მერე რა, რომ ორივე წმინდა წყლის ფიქციაა?)

როგორც გნებავთ, ისე ჩამომართვით!

+++ 

როგორც მომიტინგეს, სტაჟი ნამდვილად არ დამეწუნება. 1988 წლის შემოდგომიდან მონაწილეობა მაქვს მიღებული თითქმის ყველა, მეტნაკლებად მნიშვნელოვან საპროტესტო აქციაში (2003 წლის ნოემბრის ჩათვლით). ძირითადად, ვიდექი და ვუსმენდი, ხანდახან - მეც ვლაპარაკობდი... დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, სახალხო მრისხანების იმგვარი ამოფრქვევა, რასაც 2008 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, 1992 წლის იანვარ-თებერვლის შემდეგ აღარ მინახავს. რესპუბლიკის მოედანსა და იპოდრომზე გამართული მიტინგები იყო სამოქალაქო დრტვინვის აპოგეა, როდესაც მოსახლეობამ ხმამაღლა და ენერგიულად უთხრა ხელისუფლებას- (კმ)არა! ყოველივე ამას არა ოდენ ლოკალური, ბევრად უფრო მასშტაბური რყევა მოჰყვა სამთავრობო სტრუქტურებში და შენობა, რომელიც მანამდე თითქოს მყარად გამოიყურებოდა, საფუძვლიანად დაიბზარა. საკმარისი იყო აბობოქრებული სტიქიონის სწორი მიმართულებით წარმართვა და ბასტილიაც დაეცემოდა, მაგრამ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, პროცესები სრულიად საპირისპირო ნიშნით წარიმართა. პიკს მიღწეულმა სახალხო უკმაყოფილების ტალღამ სწრაფადვე დაიხია უკან. მოქცევას მიქცევა მოჰყვა და მომენტალურად გაშიშვლებულ მეჩეჩზე დატოვა არაერთი პოლიტიკური ლეში, რომლებიჩ სრულიად მოუმზადებელი შეხვდნენ ამ მოულოდნელ ლუსტრაციას.

27 ნოემბრის მარშის შემდეგ, ვიხსენებ რა ბოლო პერიოდში ანონსირებული გამოსვლების კალეიდოსკოპს და მოქალაქეთა მიერ გამოჩენილ პასიურობას, კიდევ ერთხელ ვცდილობ, პასუხი გავცე კითხვას - რატომ დუმს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა?

ბოლო ხანებში სოციალურ ქსელებში საინტერესო პოლემიკა გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით. იყო მცდელობა, ანალიზის დროს გამოეყენებინათ რევოლუციური სიტუაციის ლენინური ფორმულა და მიესადაგებინათ იგი თანამედროვე ქართული რეალობისათვის. მართლაცდა, თუ ჩავუკვირდებით, დღეს სრული საფუძველი არსებობს საიმისოდ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, ისარგებლოს საერთაშორისო სამართლის მიერ ლეგიტიმურ ნორმად აღიარებული აჯანყების უფლებით და თავიდან მოიცილოს არასასურველი (რბილად რომ ვთქვათ) რეჟიმი. ცარიელი და უშინაარსო საუბარი რომ არ გამომივიდეს, აქვე მოვახდენ თანამედროვე საქართველოს მოსახლეობის სოციალურ სტრატიფიკაციას და ვეცდები, ლოგიკურად ჩამოვაყალიბო მისი უკმაყოფილების მიზეზები.

დავიწყებ იმით, რასაც საბჭოთა პერიოდში ფენა ინტელიგენცია ერქვა, ანუ დიპლომირებული მასით. თუ გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს წარსულში უმაღლესი განათლების მქონეთა რაოდენობით (პროცენტული თვალსაზრისით) ლამის უალტერნატივო ლიდერი ვიყავით მსოფლიოში, ცხადია, ამ კატეგორიის ადამიანთა რიცხვი კვლავაც დიდია და მათ შეუძლიათ, სერიოზული გავლენა მოახდინონ მოვლენათა ფორსირებულ განვითარებაზე.

განათლება - სახეზეა სრული ქაოსი, სისტემის დეგრადაცია, სუმბურული რეფორმა, ტრადიციული ფასეულობების უარყოფა, პოლიციური რეჟიმის დამკვიდრება, ტოტალური უუფლებობა, სამუშაოდან დათხოვნილი ათეულათასობით ადამიანი, გაუქმებული და გაყიდული სასწავლო დაწესებულებანი, ფასიანი სწავლა-აღზრდის დამკვიდრება, საერთაშორისო მასშტაბით ნაჩვენები სამარცხვინო შედეგები (საკმარისია გავიხსენოთ ”წერა-კითხვა კრიტიკული აზროვნებისათვის” ფარგლებში ჩატარებული ბოლო ორი კამპანია), მიზერული ანაზღაურება, ყოველგვარი საჭიროების გარეშე ჩამორეკილი უცხოელი ”მასწავლებლები” და ყბადაღებული ფლეტჩერიზაციის რეციდივები.

ჯანდაცვა - ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ და შეიძლება ჩემი მსჯელობა ზედაპირულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თვითონ მედიკოსები აცხადებენ, რომ სისტემაში განხორციელებული რეფორმა აბსოლუტურად არ პასუხობს არც მათ, არც პაციენტთა ინტერესებს. დღეს საქართველოში არსებობს გარედან ლამაზად მოფასადებული და შიგნიდან ჩაოხრებული კლინიკები, კატასტროფული ტარიფები, უსაფუძვლოდ შეკვეცილი სოციალური პროგრამები და უნუგეშოდ მიტოვებული ავადმყოფები, რომლებსაც უსახსრობის გამო არ შეუძლიათ თავი გაართვან გავრცელებულ ჰეპატიტებს, დიაბეტსა და შიდსს, მასობრივად გაყიდული სამედიცინო დაწესებულებანი და მოსახლეობის სრული უნდობლობა ხელისუფლების კამპანიური პოლიტიკის მიმართ (ამის ნათელი დასტურია ე.წ.იაფფასიანი დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის სრული კრახი).


ხელოვნება - საერთო სურათის აღსადგენად და დარგისადმი ხელისუფლების მიერ გამოჩენილი ყურადღების საილუსტრაციოდ საკმარისია გავიხსენოთ ბორჯომის კომპოზიტორთა სახლთან და მწერალთა კავშირთან დაკავშირებული ამბები. ე.წ. ”სტურუას საქმე” ამ კამპანიის ჯერჯერობით უკანასკნელი და ყველაზე სკანდალური ეპიზოდია. ხელისუფლება არც მალავს, რომ მიზნად ისახავს, ჩაკლას ხელოვანში თავისუფალი სული, ჩაუხშოს კრიტიკული აზროვნების უნარი და სურვილი, აქციოს იგი კარის მეხოტბე ლაზღანდარად, მუსიკალური ბომონდის აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად.


მმართველობის რვა წლის განმავლობაში ხელისუფლებამ გამოავლინა სრული უუნარობა ქვეყნის ტერიტოტიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. პირიქით, მისი დამსახურებაა მეტნაკლებად კონტაქტური პროცესების დაკონსერვება, ავანტურისტულ სამხედრო ოპერაციაში ჩაბმა, ომი რუსეთთან, რასაც შედეგად მოჰყვა კოდორის ხეობისა და ახალგორის რაიონის დაკარგვა. საკუთარი საცხოვრებლიდან აყრილთა რაოდენობა თითქმის 50%-ით გაიზარდა.


სოციალურად უკმაყოფილო ელექტორატში განსაკუთრებულ და ყველაზე მრავალრიცხოვან სეგმენტია დევნილთა თითქმის ნახევარმილიონიანი არმია. ამ ადამიანების ყოფა შუასაუკუნეობრივი ყმობის ოდნავ სახეშეცვლილ ვარიანტს წარმოადგენს. ისინი განთავსებული (ზუსტი ტერმინია) უცხოელი დამკვირვებლების დასანახავად სპეციალურად თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მიმდებარედ გაშენებულ ”პიტომნიკებში”, არ გააჩნიათ ელემენტური საყოფაცხოვრებო პირობები და მათ მიერ შერჩეულ ადგილზე ბინადრობის არანაირი გარანტია. ბოლო პერიოდში პრივატიზაციის მანიით შეპყრობილმა ხელისუფლებამ მასობრივად დაიწყო დევნილთა გაძევება დედაქალაქიდან და პერიფერიულ რეზერვაციებში ჩასახლება, რის გამოც მათმა დიდმა ნაწილმა დაკარგა სახელმწიფოს მხრივ ხელშეწყობის გარეშე, დამოუკიდებლად მოპოვებული საარსებო სახსარი. უმწეო ადამიანების გასახლება მოხდა/ხდება სტალინ-ბერიას მეთოდებით, უკიდურესი ცინიზმით, ხაზგასმული სისასტიკითა და ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული ნორმების ხელყოფით. დევნილები ცხოვრობენ ტოტალური შიშისა და ანგარიშსწორების პირობებში და მინიმალური პროტესტის გამოხატვის შემთხვევაშიც კი ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ.


არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია გლეხობა. ხელისუფლების აგრარული პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს. ზარ-ზეიმით გაფიარებული ტრქტორ-კომბაინების პარკი სტალინისდროინდელი ”ემტეესების” უბადრუკ პაროდიას წარმოადგენს. მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელი რჩება საწვავზე გაზრდილი ფასების გამო. მევენახეები მოკლებული არიან ყოველგვარ სტიმულს. ბევრ მათგანს ორი წლის წინ ჩაბარებული ყურძნის ფულიც არ მიუღია. ამერიკული სიმინდის კამპანია სამარცხვინოდ ჩაფლავდა. არ არსებობს გასაჯაროებული ინფორმაცია აგროსექტორის ასაღორძინებლად გამოყოფილი გრანტებისა და ინვესტიციების ხარჯვის შესახებ. ქვეყნის უდიდეს ნაწილში მოუწესრიგებელია სასოფლო ინფრასტრუქტურა.


მრეწველობა - თავად ეს სიტყვა თანამედროვე საქართველოს სინამდვილეში უკვე ანეკდოტს წარმოადგენს, მაგრამ რაკი ჩვენს სინამდვილეში ჯერ კიდევ არიან ქალაქის სამრეწველო პროფილის დაწესებულებებში ”დასაქმებული” ადამიანები, მათზე შეიძლება ვისაუბროთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეაქციული შრომის კოდექსის გათვალისწინებით. რომ არაფერი ვთქვათ დარგში დასაქმებულთა მიზერულ ანაზღაურებასა და შრომის ჯოჯოხეთურ პირობებზე, უკმაყოფილების მასაზრდოებელ წყაროს წარმოადგენს ყბადაღებული 37-ე მუხლის ”დ” პუნქტი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციას შეუძლია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვოს მუშაკი, წინასწარი შეტყობინების გარეშეც კი (კომუნისტების დროინდელი კოდექსი ითვალისწიებდა გაფრთხილების ორთვიან ვადას და პროფკავშირის აუცილებელ თანხმობას, ახლა კი თვითონ დასაქმებულია ვალდებული, ერთი თვით ჩააყენოს საქმის კურსში პლანტატორი სამსახურიდან წასვლის თაობაზე). ადამიანებს აკრძალულიაქვთ საკუთარი ინტერესების ლობირება, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ პროფესიული სოლიდარობისა და კოლექტიური პროტესტის გამოხატვის უფლება და შესაძლებლობა. ყოველივე ეს რელიეფურად გამოჩნდა ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ”ჰერკულესის” მუშათა ამასწინანდელი გაფიცვის დროს, როდესაც ხელისუფლებამ ნიგერიული მეთოდებით დათურგნა დეკლასირებულ თანამემამულეთა (უკაცრავად, მაგრამ ამ ძველ, თითქოსდა ყავლგასულ მარქსისტულ ტერმინზე შესატყვისი ფოერმა ვერ მოვძებნე) სამართლიანი მოთხოვნები და მათ საწინააღმდეგოდ მხარში დაუდგა შრომის საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული ელემენტური ნორმების ფეხქვეშ გამთელავ გადამთიელ ინვესტორს.


ორიოდე სიტყვით ტრანსპორტელებზე. განზოგადებისთვის საკმარისია, გავიხსენოთ დედაქალაქის მერიის მიერ ამას წინათ ჩატარებული სამარშრუტო ტაქსების ტენდერი...


დავუმატოთ ამას უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი...

ფასების რეკორდული ზრდა...

უსამართლო სასამართლო და შერჩევითი სამართალი...

დრაკონული საგადასახადო კოდექსი და დატერორებული ბიზნესი...

საკადრო პოლიტიკაში გამეფებული ნეპოტიზმი, ნათელმირონობა და კლიენტელიზმი...

სრული განუკითხაობა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაში...

მერამდენედ გაყალბებული არჩევნები...

მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ აგორებული მიზანმიმართული კამპანია...

პრივატიზებული მედიასივრცე...

პატიმართა უსაშველოდ დიდი რაოდენობა და ბიუჯეტის შევსების ნოუ ჰაუდ წოდებული საპროცესო გარიგებანი...

სახელისუფლებო პირამიდის წვერში ლოკალიზებული ფანტასტიკური მასშტაბების კორუფცია, ჩაწყობილი ტენდერები და ”ატკატების” აპრობირებული პრაქტიკა...

პროტესტის გამოსახატავად გამოსული მოსახლეობისთვის უსასტიკესი ფორმით ანგარიშსწორება; ფიზიკური ტერორის დამკვიდრება, შიშისა და დაუცველობის სინდრომის დამკვიდრება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში...

მოკლედ, თუ ზედმეტი გულმოდგინება არ გამოვიჩინე, ვგონებ, არცერთი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი სეგმენტი დამიტოვებია ყურადღების გარეშე. ზემოთ წარმოდგენილი ჩამონათვალი და არგუმენტები, ლოგიკურად, იმის საწინდარი უნდა იყოს, რომ პირველ თუ არა, მეორე დაძახილზე მაინც, უზარმაზარი მასა გარეთ გამოვიდეს და ქვეყნის სამიათასწლოვან ისტორიაში ყველაზე ანტიხალხურ, მართვის ცინიკური მეთოდების დამნერგავ რეჟიმს წერტილი დაუსვას. დიახ, ლოგიკურად ამის წინაპირობა არსებობს, მაგრამ ხშირად ლოგიკა ულოგიკობაშია, ან პირიქით. 2009 წლის 26 მაისის ცნობილი აქციის შემდეგ (”დინამოს” სტადიონზე დაწყებულ და დეპოში ჩაყაბალახებულ დემონსტრაციას ვგულისხმობ), პროტესტის ტემპერატურა სინდიყის სვეტზე თითქმის ნულამდე დაეცა. ფაქტია, ხალხი ქუჩაში აღარ გამოდის და ამის თვალსაჩინო ილუსტრაცია იყო სახალხო კრების მიერ 2010 წლის 27 ნოემბერსა და 20011 წლის 21-26 მაისს მოწყობილი აქციები. აგერ, კიდევ ერთი ცოცხალი მაგალითი - 27 სექტემბრის მარში.

ვსვამ სრულიად ლოგიკურ კითხვას, რომელიც, იმედია, მხოლოდ მე არ გამჩენია - რა ხდება?!

ამ კითხვაზე პასუხს ეძებს დღეს მთელი მოაზროვნე, ან აზროვნებაზე მეტნაკლებად პრეტენზიის მქონე საქართველო. პასუხს ეძებენ ცხოვრების სიდუხჭირის გამო საზღვარგარეთ გადახვეწილი ჩვენი თანამემამულენი და ბარიერს აქეთ დარჩენილებს მოგვჩერებიან გაოცებული, მომლოდინე მზერით - იქნებ, ამათ მაინც იცოდნენ მიზეზიო.

არანაირი პრეტენზია არ მაქვს, კითხვას ბოლომდე და ამომწურავად გავცე პასუხი, მაგრამ მოდით, ერთად დავფიქრდეთ, იქნებ რაღაც საერთო აზრამდე მივიდეთ.

დათა თუთაშხიასი არ იყოს, კაცი ფიქრისთვისაა გაჩენილი!

+++

ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გულში დაგროვილ კრიტიკულ პოზიციას საჯაროდ არ გამოხატავს და ნარის სხვისი ხელით გლეჯვას ამჯობინებს. ამგვარი მიდგომა ბოლო წლებში ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ლამის ნაციონალურ თავისებურებად ჩამოყალიბდა. სახეზეა ორი, სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიის დომინანტი, რომელთაგანაც ერთი სამყაროსავით ძველია და რომლის არსი შესანიშნავადაა გახსნილი პოეტურ ფორმულაში - ”უჩემოდ ვით იმღერეთა”?!. მეორე კი, ასევე მოკლედ - ”ჩემს ნაცვლად თქვენ იომეთა” ფორმულით გამოიხატება. თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ადამიანი, ვინც ამ ორ უკიდურესობას შორის ეძებს გამოსავალს, ნერვებს და ნაპირებს ასკდება, მაგრამ ვერ პოულობს.

პროცესები, რომლებიც საზოგადოებაში მიმდინარეობს, ძირითადად, ფიზიკის კანონებიდან გამომდინარეობს. ამაზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს. ვიტყვი მხოლოდ ერთს- ქმედება აღძრავს უკუქმედებას. განა ვინმე დაობს იმაზე, რომ ადამის დროიდან მომხდარი ყველა აჯანყება-ამბოხება-პუტჩი-გადატრიალება და რევოლუცია ამ უნივერსალური კანონზომიერების შედეგია? ცხადია, არა. თუმცა, თანამედროვე ქართული საზოგადოების ეთნოფსიქოლოგიაზე დაკვირვება ნათლად მეტყველებს, რომ რაღაც პარანორმალური (ყოველ შემთხვევაში - ძნელად აღსაქმელი) ფაქტორის ზემოქმედების გამო ამ საბაზისო ფიზიკური კანონის მოქმედება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ზემოთ ჩამოთვლილი კატალიზატორების მიუხედავად, არ ვრცელდება. ეს გარემოება, ძალაუნებურად, გვიბიძგებს დასკვნისაკენ: ან მოსახლეობის უმეტესობა კმაყოფილია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით და პროტესტის გამომხატველთა მცირერიცხოვანი ჯგუფი მის მარგინალიზებულ ნაწილს წარმოადგენს, ან ეროვნული ფსიქოლოგია მუტანტი, აქამდე უცნობი ვირუსის ზემოქმედების არეალშია მოქცეული.

პირველი მოსაზრება უნდა გამოვრიცხოთ. ჩვენ ყველანი რეალურ გარემოში ვცხოვრობთ, გაგვაჩნია ყოველდღიური, ცოცხალი თუ ვირტუალური კონტაქტი სხვა ადამიანებთან, ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს, ვმგზავრობთ, ვყიდულობთ პროდუქტებს, ვიხდით გადასახადებს, ვკითხულობთ პრესას, ვხედავთ ნაგვის ბუნკერებში ქექვის პროფესიად მქცეველ ადამიანებს, უსახლკარო მაწანწალებსა და ”სახლკარიან” დევნილებს... ღვთის წყალობით, ჯერჯერობით, აზროვნების, აღქმისა და ანალიზის უნარი არ დაგვიკარგავს. ყველა შინაგანი და გარეგანი ნიშნის მიხედვით საზოგადოება ღიად, აშკარად უნდა გამოხატავდეს საკუთარ მოთხოვნებს და ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობის შემთხვევაში მიმართავდეს უახლოეს წარსულში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (საბერძნეთი, საფრანგეთი) აპრობირებულ მეთოდებს. მაგრამ, სინამდვილეში არაფერი მსგავსი არ ხდება. გეოგრაფიული სივრცე ანაკლიიდან ალაზნამდე მოუცავს პირუტყვულ მდუმარებას და მხოლოდ ცხვირთან მიტანილი სარკე თუ მეტყველებს, რომ ეროვნული ორგანიზმი ჯერ კიდევ სუნთქავს, თუმცა, კომატოზურ მდგომარეობაში ნამდვილად იმყოფება. აქა-იქ იმპულსურად გამოვლენილი პოლიტიკური თუ სოციალური აქტივობა (მაისის, ნოემბრისა და სექტემბრის აქციები, ქუთაისელ მეტალურგთა გაფიცვა...) ტვინის ჯერ კიდევ დაუვირუსებელი უჯრედების კონვულსიური გაბრძოლებაა, თუმცა, ისინი უკვე ვეღარ ახდენენ გავლენას სხეულის სასიცოცხლო ორგანოთა კოორდინებულ ფუნქციობაზე. საქართველოს სახელმწიფო და და საზოგადოება ჰგავს სასიკვდილო სარეცელზე მწოლარე, ზიზილ-პიპილოებში გამოწყობილ ავადმყოფს, რომელსაც თავზე ადგანან მისი გარდაცვალებისა და მემკვიდრეობის განაწილების მომლოდინე ჭირისუფლები. ზოგს მონეტა უჭირავს თვალებზე დასაფარებლად, ზოგს- პირსახოცი, ქვედა ყბის ასაკრავად, ზოგსაც- წინასწარ შედგენილი სამგლოვიარო განცხადება პრესაში გამოსაქვეყნებლად.

მძიმე სურათი დავხატე, არა?!

სამწუხაროდ, ასეთია რეალობა!

ალბათ, დიდი ხნის წინ გამოგონებული ველოსიპედის ხელმეორედ გამოგონებაში არ ჩამომერთმევა, თუ ვიტყვი, რომ ეს პანქართული ლეთარგია რამდენიმე ფაქტორის პარალელურ რეჟიმში არსებობამ და ურთიერთმიმართებამ განაპირობა.

ყოვლის მომცველი შიში...


ტოტალური ფრუსტრაცია...


ხელოვნების დონეზე აყვანილი ტვინების გამორეცხვის კამპანია...

ფაქტია, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ აითვისა, შემოქმედებითად განავითარა და სრულყოფილების ხარისხში აიყვანა ადამიანთა ფსიქოლოგიაზე ზემოქმედების ბოლშევიკურ-კაგებეშნიკური მემკვიდრეობა. მან უმოკლეს ვადაში შეძლო ქვეყნის პოლიციურ რელსებზე გადაყვანა, ჩამოაყალიბა საკუთარი (და არა - სახელმწიფოებრივი) უსაფრთხოების გარანტორი- მობილური, თანამედროვე საშუალებებით ეკიპირებული და ნებისმიერი უკანონო ბრძანების სადისტური გულმოდგინებით აღმასრულებელი ძალოვანი სტრუქტურები, აამოქმედა თვალთვალისა და დაშინების მანამდე არნახული მექანიზმი, საპყრობილეები გადაჭედა ადამიანებით და მათ სიცოცხლეზე მანიპულირებით უზრუნველყო პატიმართა მრავალრიცხოვანი სანათესაო-საგულშემატკივროს ”მხარდაჭერა”. ისინი, ვინც ჯერც კიდევ ინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს, დრაკონული შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმყოფებიან საარსებო წყაროს დაკარგვის ყოველდღიური საფრთხის წინაშე. ასეთმა მდგომარეობამ მოსახლეობაში აღძრა იქნებ არც მთლად ძნელად გასაცნობიერებელი, ცხოველური შიში, რამაც მეტნაკლები ინტენსივობით მოიცვა ყველა სოციალური ფენა და ჯგუფი. 

თვალი გადავავლოთ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და დავრწმუნდებით, რომ ავადსახსენებელი 37-ის გარდა, ვერ გავიხსენებთ მეორე ისეთ ხანას, როდესაც ”დადედლებული შიშისგან, აღარ ვვარგოდით მამლადა”. თუ ცნობიერებაში რადიკალური გარდატეხა არ მოხდა, მალე დადგება დრო, როდესაც გულში დაგროვილი სათქმელის განდობა მხოლოდ მიწისთვის იქნება შესაძლებელი (მოსმენილი მაქვს ისტორია ერთ ლეჩხუმელ ბერიკაცზე, მრწამსით იდეურ სოციალ-დემოკრატზე, რომელიც კაენის სულის აღზევების წლებში ეზოს ბოლოზე ამოთხრილ ორმოში ჩაჰყოფდა ხოლმე თავს და ისე აგინებდა სტალინს). თუმცა, მითვალყურადების თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, შეიძლება კომუნიკაციის ეს წყაროც დაგვეხშოს. რას იზამ, (ორმოს) კედლებსაც ყურები აქვთ.

რაც შეეხება ფრუსტრაციას, ეს იმ სურათისა და ტენდენციების კანონზომიერი შედეგია, რაც აგერ უკვე 20 წელია შეინიშნება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. დიდი იმედგაცრუება მ ო ბ ე ზ რ ე ბ ა-მ ო ყ ი რ ჭ ე ბ ი ს თანამდევი პროცესია. 1992 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ შეცვლილა პოლიტიკური სპექტრი. ზედაპირზე, როგორც მმართველ ელიტაში, ისე ოპოზიციაში, ტრიალებენ ერთი და იგივე სახეები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ყველანაირი მონაცემით (განათლება, ინტელექტი, შინაგანი კულტურა, გამოცდილება, პასუხისმგებლობის გრძნობა, სიტუაციური ორიენტირების უნარი, ბიოგრაფია...) ძალიან შორს დგას პოლიტიკოსის კლასიკური სტანდარტისგან (ეს განსაკუთრებით მმართველ გუნდს, კერძოდ კი მის უმაღლეს ეშელონს ეხება). ხელისუფლების ცვლის საკარუსელო პრინციპი და ატრაქციონებში მონაწილე პერსონათა არა თუ ერთგვაროვნება, ე რ თ ს ა ხ ო ვ ნ ე ბ ა ც კი განაპირობებს სამოქალაქო ფასეულობებისგან შორს მდგომ ობივატელურ მასაში ყოვლის დამთურგნავი ნიჰილიზმის დამკვიდრებას. 

უნებლიეთ, მახსენდება ჯემალ ღაღანიძის პერსონაჟი აბულაძის ფილმიდან ”ნატვრის ხე”, მდელოზე წამოგორებული მუზმუზელა კახელი, რომელიც ქვის გამხეთქი ფილოსოფიით ხსნის თავის სიზარმაცეს - ”ეს ქვეყანა მაინც არ გასწორდება და ძილი რატომღა დავიკლოო”... სწორედ ეს ინდიფერენტიზმია იმის მიზეზი, რომ კუჭის პრობლემები პრევალირებს სულიერებაზე, საზოგადოების მორჩილ უმრავლესობას არ ესმის და არც სურს შეიგნოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი და ხმის მნიშვნელობა. არჩევნებზე, უკეთეს შემთხვევაში, მოსახლეობის 40% მიდის და მისი საკმაოდ დიდი ნაწილიც- შიშის გამო, რომ დიდი თვალი მათ არყოფნას შეამჩნევს. პანქართული აპათია საზოგადოებრივი ყოფიერებისა და ცნობიერების იდეალური მოდელია, რომელზეც შეიძლება იოცნებოს სააკაშვიის რეჟიმის მსგავსმა ხელისუფლებამ და მან წარმატებით გადაჭრა კიდეც ეს პრობლემა (ყოველ შემთხვევაში- ჯერჯერობით). გადაჭრა, მით უმეტეს, ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. პირიქით, იოლიცაა, რადგან ოპონენტები ხელს კი არ უშლიან, თავისი სიბრიყვითა და მცონარობით უიოლებენ კიდეც საქმეს. ბოლო ოთხი წელი და მოსახლეობის სამოქალაქო აქტიურობის უპრეცედენტო დაქვეითება (2008 წლის იანვრიდან დღემდე) ამისი ნათელი დასტურია.

არასერიოზული იქნება, ვიფიქროთ, რომ რიყეზე, რესპუბლიკის მოედანსა და იპოდრომზე შეკრებილმა მასამ (ეს ხომ მცირე ნაწილი იყო ზოგადად ოპოზიციური ელექტორატისა) ხელისუფლების მიმართ აზრი შეიცვალა და მადლიერების გრძნობით განიმსჭვალა (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დროის ამ შუალედში ქვეყანამ წააგო ომი, დაკარგა ტერიტორია, გაიზარდა უმუშევრობა და გადასახადები, ამაღლდა ფასები, ე.ი. დამძიმდა სოციალური ფონი). ცხადია, არა. მოქალაქეთა განწყობა იგივეა, ოღონდ არა გარეგნულად გამოხატული, არამედ მყარად ჩაქვესკნელებული რეჟიმის მიერ აგებულ რკინა-ბეტონის სარკოფაგში. დავუმატოთ ამას ალტერნატივის უქონლობა, უფრო სწორად - მცირე ალტერნატივა და ამისი მიზეზი ისევ და ისევ ტელეეკრანიდან შეჩვეული სახეების მოყირჭებაა. ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები მყავს მხედველობაში, რომლებმაც ტრივიალური რიტორიკის გარდა დღემდე ვერაფერი შესთავაზეს ცვლილებათა მომლოდინე საზოგადოებას. რაც მთავარია, მათ ვერ გვიჩვენეს საერთო მიზნის (თუნდაც დროებითის და შუალედურის) ირგვლივ გაერთიანებისა და მთელი ფიზიკურ-ინტელექტუალური პოტენციალის ერთ კალაპოტში წარმართვის უნარი. პირიქით, ქართული ოპოზიციური პოლიტიკის ნორმად დამკვიდრდა, რომ დაპირისპირება აღემატება ერთობას, ანტითეზა - თეზას, უპრინციპობა - პრინციპს და უპასუხისმგებლობა - პასუხისმგებლობას.

საზოგადოების მეტნაკლებად მოაზროვნე ნაწილი ამჩნევს, რომ ოპოზიციური სპექტრის საქმიანობას საფუძვლად უდევს არა იმდენად სიტუაციიდან ლოგიკური გამოსავლის ძიების, არამედ ბროუნის მოძრაობის პრინციპი. პარტიები და სუბიექტები სტიქიურად ეჯახებიან და უპირისპირდებიან ერთმანეთს.მათ საქმიანობაში ნაკლებად შეინიშნება შინაგანი კანონზომიერება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა კმაყოფილია შექმნილი სიტუაციით- ერთნი იმით, რომ უალტერნატივოდ არიან ხელისუფლებაში და ქონიანი დუმასავით თქვლეფენ ქვეყანას, მეორენი კი იმით, რომ არიან უალტერნატივო ოპონენტები და არავინ ჰყავთ ხელის შემშლელი იმავე ხელისუფლებასთან მარიფათიან ვაჭრობა-გარიგებაში (უტრირებას არ ვახდენ, მაგრამ ეს ძალიან ბევრს ეხება და მაგალითების დასახელება საჭირო არაა). პარადოქსია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დინამიკა სწორედ ამგვარ სტატიკურ წონასწორობას ემყარება და არცერთ მხარეს არ ამოძრავებს მისი შეცვლის სურვილი. ხელისუფლებას გასაგებია, რატომაც, მაგრამ ოპოზიცია მაინც ხომ უნდა იყოს დაინტერწსებული ახალი, ბუნებრივი მოკავშირის შეძენით. თქვენც არ მომიკვდეთ. საკმარისია, გამოჩნდეს ვინმე სხვა, რომ მის წინააღმდეგ ერთნაირად ირაზმებიან ორივე მხარის წარმომადგენლები და საფუძველშივე სურთ ჩაახშონ საზოგადოებისთვის განსხვავებული ხედვის შეთავაზების პერსპექტივა.

მესამე და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რამაც განაპირობა საზოგადოებრივი აზრის პლასტელინის ზღვად გადაქცევა, ხელისუფლების მიერ ხელოვნების რანგში აყვანილი ტვინების გამორეცხვის პოლიტიკაა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ ჩვენი ჩინოვნიკები ნამდვილი ვირტუოზები არიან. ყოველ მათგანს, პრეზიდენტით დაწყებული ნაცამქრის რიგითი წევრით დამთავრებული, შესანიშნავად აქვს გაცნობიერებული მედიის (განსაკუთრებით ელექტრონულის) უდიდესი მნიშვნელობა ძალაუფლების შენარჩუნებისა და უბირი ობივატელის კეთილგანწყობის მოპოვების საქმეში. სწორედ ამიტომაა დღეს რკინის მარწუხებით შებოჭილი და მონოპოლიზებული მთელი საინფორმაციო სივრცე, რომელსაც, პირობით, შეიძლება ვუწოდოთ განმაზოგადებელი სახელი - ”რუსთავი ყველა”.

დიახ, თითოეული მათგანი, ”რუსთავი 2”, ”იმედი”, საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა წვრილფეხა ტელეარხები, ფიარის ყველაზე ცინიკური, თავხედური, და ამორალური მეთოდებით ახდენენ მოქალაქეთა ზომბირებას. საინფორმაციო ნიუსების არქიტექტონიკა მთლიანად ექვემდებარება დანარჩენ მსოფლიოში აპოკალიფსური რღვევისა და ამ ფონზე საქართველოში არსებული, ვითომდა ბუკოლიკურ-პასტორალური ჰარმონიის წარმოჩენის ამოცანას. ეს კარგად აპრობირებული მექანიზმია, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანად ზემოქმედებს სოფლად მცხოვრებ ადამიანებზე. საინფორმაციო რადიაცია და ტვინის სააზროვნო კვანძების დასხივება იწვევს დაკვირვების, განსჯის, კრიტიკული ანალიზისა და დასკვნების გამოტანის უნარის ატროფიას. ასეთი მდგომარეობა ამ ათიოდე დღის წინ ხატოვნად დაახასიათა facebook-ში, საკუთარ კედელზე რესპუბლიკელმა დავით ზურაბიშვილმა, რომელმაც ჩვეული იუმორით ახსნა ოჯახური მიზეზების გამო რამდენიმე თვით სოფლად (ესე იგი, უმაესტრო და უკავკასიო ზონაში) წასული ახლობლის მსოფლმხედველობრივი მეტამორფოზა - ტიპი წავიდა ლამის რეზო ამაშუკელი და რუსთავი 2-ის ზემოქმედებით დაბრუნდა თითქმის სიმონა მასხარაშვილიო...

კიდევ ორ გარემოებაზე მსურს შევაჩერო თქვენი ყურადღება.

პირველი - ესაა ქართული მენტალიტეტისთვის ტრადიციული პატერნალისტური ცნობიერება. მხედველობაში მაქვს აზროვნებისა და აქედან გამომდინარე - მოქმედების სიზარმაცე, რომელიც, ძირითადად, სხვათა მოიმედეობას ემყარება. ეს ”სხვა” ქვეცნობიერში, ან სულაც მის მიღმა, ვირტუალურ სამყაროში არსებული სუბსტანციაა, მავანი მეფე, პატრიარქი, თეთრ რაშზე ამხედრებული გმირი, ცისკარა ან ბაზალეთის ტბის ფსკერზე, აკვანში მწოლარე ყრმა, რომელიც, ყველა ასტრონომიული გათვლით, ახლა წვერულვაშაბიბინებული, თორ-აბჯარში ჩამჯდარი რაინდი უნდა იყოს და წინ მიუძღოდეს ერს წყაროს ჩამკეტავი დევის შესამუსრად. ამ ლოდინში გადის ძვირფასი დრო, წლები, თვეები, დღეები და ვერ მივმხვდარვართ, რომ კონკრეტული ლიდერი სხვაა, აბსტრაქტული მესია- სხვა და მათ ”შუა უზის დიდი მზღვარი”, რომ დასახული მიზნის მისაღწევად მასის შინაგან მზაობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა მითიურ შავნიღბიან ზოროს. ამ თემას აღარ განვავრცობ. თუ ვინმეს აინტერესებს, შეუძლია აქვე, ბლოგების არქივში ნახოს ჩემივე სტატია ”დიდი ჩიხის კონტურები”..., რომელშიც უფრო ვრცლადაა განხილული პრობლემის არსი.

და ბოლოს, სიტუაციის ანალიზის სისრულისთვის საჭიროა, ორიოდე სიტყვით შევეხო ინტუიციის ფაქტორს. ბოლო ოცწლეულის გამოცდილებამ მასობრივ დონეზე დანერგა მოსაზრება, რომ ჩვენი ბედი წყდება არა ადგილზე, არამედ შორს, რამდენიმე სუპერსახელმწიფოს დედაქალაქში. მათზეა დამოკიდებული, საით წავა ქვეყანა, როგორი იქნება მისი ფუნქცია რეგიონულ თუ გლობალურ კონტექსტში, ბოლოს და ბოლოს - ვინ იქნება ხელისუფალი? 

ვერ ვიტყვი, რომ ამ მოსაზრებას საფუძველი არ გააჩნია. პირიქით. გამსახურდიას შემდეგდროინდელი საქართველოს ისტორია სწორედ ამის დასტურია. შევარდნაძის მოსვლა, წასვლა და სააკაშვილის გახვანთქრება ისე მოხდა, რომ ხალხისთვის არავის არაფერი უკითხავს. ასე იყო სტრატეგიულად. განსხვავებული იყო მხოლოდ ანტურაჟი. თუ პირველ შემთხვევაში საქმე გვქონდა გარედან თავსმოხვეულ უზურპაციასთან, 2003 წლის ნოემბერში იგივე განხორციელდა უფრო დახვეწილი ტექნოლოგიის გამოყენებით - მისი უდიდებულესობა ხალხის აქტიური მონაწილეობით. მოლოდინი დღესაც არსებობს, იმის მოლოდინი, რომ კავკასიონსიქითელ და ატლანტიკისგაღმელ ბიძებს უკვე ყელში ამოუვიდათ უშჯულო და ცუნდრუკი აღსართანის სისულელეები, რომელიც ქრონიკულ თავის ტკივილად იქცა მისივე დემიურგებისთვისაც კი. ყველა ელის იმ ბედნიერ დღეს, როცა ხაროში ჩამჯდარი ზებო ზარს შემოკრავს და შესძახებს - ”მორჩა კინო”! ეს დაძაბული მოლოდინი იგრძნობა ყველგან და ყველაფერში. ერთნი ძრწოლით ადევნებენ თვალს მოვლენების განვითარებას და არ ეთმობათ ლოჟა-პარტერში გამთბარი სავარძლები, მეორენი გულის ფანცქალით ელიან დარბაზის დაცარიელებას და მომდევნო სეანსის დაწყებას (ოღონდ ეგაა, როგორც წესი, ერთ ადგილზე რამდენიმე ბილეთია გაყიდული, განსაკუთრებით სამთავრობო და ბენუარის ლოჟებში).

დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ ამგვარი ინტუიცია, რამდენადაც ობიექტური უნდა იყოს იგი, მიბმულია და აძლიერებს ზემოთ ნახსენებ პატერნალისტურ ცნობიერებას.

+ + +

სადაა გამოსავალი?

იმდენად თავხედი არ ვარ, აქ მზამზარეული რეცეპტები გამოვფინო. ჯერ ერთი, ეს ძალიან მძიმე ტვირთია ჩემი შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის. მეორეც - არ მინდა თავი მოვიბრძენფილაფოზო და იმ ჩხირკედელა შტატიან ექსპერტებს დავემსგავსო, პლატონისებური იერით რომ ღერღავენ წყალწყალა ანალიზებს.

მაგდენი რომ ვიცოდე, ქართული ტრადიციიდან გამომდინარე, დიდი ხანია მიწაში ვიქნებოდი.

სამაგიეროდ, სხვა რამ ვიცი, ოღონდ ეს სიბრძნე გაცილებით ადრე თქვა ერთი შესანიშნავი ქართული ფილმის პერსონაჟმა, ეროსი მანჯგალაძის მიერ გენიალურად განსახიერებულომა მილიციელმა (როგორ გაეპარა ცენზურას?)

-”რა ვქნა, ძმაო, ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ, მე კიდევ ქრისტე ღმერთი არ ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვაარ”!

+ + +

და, ამ დროს, ვიღაც (ვინ?) ირონიული, გამქირდავი ღიმილით გვიმზერს ქვევრშინა და ქვევრგარეშე მდგომარეობაში მყოფ სტატისტებს და გულში ფიქრობს: ”ორშაბათს მოხვალთ ჩემთან შენც და ისიცა. თუმცა, ის როგორ მოვა? მოკლედ... მოხვალთ და იქ გავარკვევთ”!

სად უნდა მივიდეთ, სააად?!