საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული და აქტიური უნდა გახდეს.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, მათ შორის "ნელ-ნელა უნდა დაიწყოს იმ შესაძლებლობების ათვისება, რომელიც მართლა ძალიან დიდია საქართველოში".
"აუცილებელია პროგნოზირების მექანიზმის უფრო დახვეწა. ასევე, რაც ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ არის ის, რომ კიდევ უფრო აგრესიული და აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ტარდებოდეს. ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ არსებული შოკებიდან და დავიწყოთ იმ შესაძლებლობების ათვისება, რომელიც მართლა ძალიან დიდია საქართველოში, ამის ათვისება კი, ბუნებრივია, თავისთავად არ მოხდება.
უფრო აქტიური ეკონომიკური პოლიტიკაა საჭირო, მათ შორის თამამი, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული პასუხისმგებელი პირების მიერ და მე იმედი მაქვს, ნელ-ნელა ასე მოხდება", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა "მნიშვნელოვანი" უწოდა იმას, რომ ლარის კურსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ეროვნული ბანკი და მთავრობა "ერთად დასხდნენ და ერთობლივად აიღეს პასუხისმგებლობა". "ამ კონდიციამდე ისინი უფრო ადრეც უნდა მისულიყვნენ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური ვითარება ის მდგომარეობა, რომელსაც "ქართული ოცნება" ამომრჩეველს არჩევნებიდან 3 წლის თავზე ჰპირდებოდა, ქვეყნის პირველი პირი არ უარყოფს, რომ "ბევრად უფრო ოპტიმისტური მოლოდინები" ჰქონდათ.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის პარამეტრები, რაც დათვლილი გვქონდა, რეალურად ვერ განხორციელდა. დღეს ჩვენ გვაქვს 2,8 ეკონომის ზრდის მაჩვენებელი. ბუნებრივია ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდოდა", - განმარტა პრეზიდენტმა.