საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, გაეროს გენერალური ასამბლეისთვის არა პრემიერ-მინისტრს, არამედ მას უნდა მიემართა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.
რაც შეეხება იმას, რომ გაეროში პრემიერის გამოსვლასთან დაკავშირებით მან განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ აქცენტებს მიესალმა, პრეზიდენტის თქმით, ის მიესალმა პრემიერ-მინისტრის გამოსვლის პათოსს და არა თავად ფაქტს.
"მე მივესალმე პრემიერ-მინისტრის გამოსვლას და არა ფაქტს, რომ პრემიერი გამოვიდა. მიმაჩნია, რომ ყველა წესით და ყველა რიგით, როცა ქვეყანაში ვიყავი მე და იყო საპრეზიდენტო დელეგაცია, სწორედ საპრეზიდენტო დელეგაციას უნდა მისცემოდა გაეროსთვის მიმართვის შესაძლებლობა, მით უმეტეს, რომ ეს არ იყო კონკრეტული მოლაპარაკება კონკრეტულ დეტალებზე, ეს იყო ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე აზრით, იმით, რომ აღნიშნული პოზიციის მიუხედავად, მან გაეროში პრემიერ-მინისტრის გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მდგომარეობა გააძლიერა.
"ქართული დელეგაციის გაძლიერება ბუნებრივი ნაბიჯია ნებისმიერი ქართველისგან, როცა დელეგაცია ცდილობს საქართველოს საკითხი წინ წაწიოს საერთაშორისო დღის წესრიგში. ამიტომაც მივესალმე არა ფაქტს პრემიერის გამოსვლის, არამედ თვითონ პათოსს და ჩემი რწმენით გავაძლიერე მათი მდგომარეობა იმ მომენტისთვის ნიუ იოკრში. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი გასაკეთებელი იყო. ბუნებრივია, სადაც იქნება საქართველოს ინტერესებზე საუბარი, მე ყოველთვის ქართულ ინტერესს წავწევ წინ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დეტალები შეიძლება არასწორად მიმაჩნდეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.