დიდი სახელითა და უდიდესი საქმითა (მეორე ნაწილი)

დიდი სახელითა და უდიდესი საქმითა (მეორე ნაწილი)

დავით აღმაშენებელი გაორებული პიროვნება იყო, რასაც იგი მწვავედ განიცდიდა და რამაც ესოდენ მკაფიოდ გამოხატული ფორმა მიიღო მის შემოქმედებაში (ამის თაობაზე, ვრცლად - ქვემოთ. ამის უმთავრესი მიზეზი ერთ მსოფლმხედველობაში ზნეობრიობის ორი საწყისის დაპირისპირება გახლდათ. მეფე, რომელიც სახარების პრინციპებზე იყო აღზრდილი და ყოველ პრაქტიკულ ნაბიჯს სიკეთის ბალავარზე აფუძნებდა, იძულებული იყო გარკვეული ხარკი გადაეხადა პოლიტიკური მორალისთვისაც, რაც ხშირად ითხოვდა მისგან არასტანდარტულ, ერთი შეხედვით-- საკუთარი ბუნების საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებას. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა ეკლესიასთან დამოკიდებულებაში. 

არ ვიცით, რამდენად მართებულ მოსაზრებას ვამბობთ, მაგრამ ფაქტია, რომ დავით აღმაშენებელი, სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უნებურად ხელსაც კი უწყობდა მის ზნეობრივ „დეგრადირებას“. მესმის, რომ თუნდაც ეს ერთი წინადადება (წინწკლებში ჩასმული სიტყვის გათვალისწინებითაც კი) პარადოქსულად ჟღერს და რაღა დამრჩენია, მისი ჭეშმარიტების დამტკიცება უნდა ვიკისრო. გავიხსენოთ, რას წარმოადგენდა ქართული ეკლესია XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე. მართალია, მას უკვე აღარ გააჩნდა გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელის ეპოქინდელი გავლენა, მაგრამ ინერციით ჯერ კიდევ ინარჩუნებდა პირველხარისხოვანი ელემენტის მნიშვნელობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასეთი მდგომარეობა იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმდროინდელ ევროპაშიც. 

შეიძლება გავიხსენოთ რომის პაპის გრიგოლ VII-ის მაგალითი, რომელმაც გერმანიის იმპერატორი ჰენრიხ IV ანათემას გადასცა და აიძულა, პერანგისამარა, ფეხშიშველი ხლებოდა კანოსას ციხე-დარბაზში. ასევე, საქართველოში ”წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად ”სჯულთა საღმრთოთა ურჯულოებასა აწურთიდეს მის ქუეშეთა ყოველთა”. ისტორიკოსი განსაკუთრებით წუხდა იმის გამო, რომ სიწმინდის ნაცვლად ”თვით სახლით უფლისათ და მღდელთაგან გამოვიდოდა ყოველი ურჯულოება და ცოდვა, რომელთა თუალი ღმერთისა ხედვიდა ყოველთა”... 

ცხადია, ზნეობის გზით მავალ მეფეს და სახელმწიფოს ასეთი ეკლესია ფარად არ გამოადგებოდა და დავით აღმაშენებელმაც რადიკალური ნაბიჯი გადადგა მდგომარეობის გამოსასწორებლად. რა მოხდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე და რა მოხერხებული მანევრით შეძლო უპირველესმა ბაგრატოვანმა ეკლესიის სახელმწიფო ხელისუფლებისთვის დაქვემდებარება (შესაძლოა, მთლად ზუსტი ტერმინი არცაა, უფრო - გვერდით დაყენება), კარგადაა ცნობილი და ამის შესახებ სიტყვის განგრძობას არ ვაპირებთ. მხოლოდ გვსურს, თქვენი ყურადღება შევაჩეროთ დავითის საეკლესიო გარდაქმნათა შედეგზე, როგორც მისი პიროვნული გაორების ერთერთ წყაროზე. გავიხსენოთ ძაგან და მოდისტოს აბულეთის ძეთა განდგომა. 1123-1124 წლებში შიო-მღვიმის მონასტრისადმი გაცემულ ანდერძში დავითი წერდა: ”ძაგანმან, შემაწუხებელმან ღმერთისა და მონათა მისთამან, მძლავრებით ღმრთისაცა არამრიდმან, თანავე ძმისა თვისისსა, მოდისტოს - წინა-უკმოისა მღდელთ-მოძღუარისა, რომელმან ერთმან პატრონთა თვისთა წყალობაი მათ ზედა საისრელად აღმახუა, ხოლო მეორემან ღმრთისადა განკუთნვითა ეკლესიები საზესთმჩენოდ მიიტაცა”... მეფის რისხვას გაქცეული ძაგანი შიო-მღვიმეს შეეხიზნა, მაგრამ ” მწყემსი უკაროი ჭეშმარიტთა მწყემსთა მიერ დაემხუა”. ბერებმა მონასტერს თავშეფარებული ძაგანი გათოკეს და მეფეს ჩააბარეს...

რა შეიძლება ითქვას ამ ფაქტის შესახებ?

აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ძაგანის განდგომა ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა რუის-ურბნისის კრებასა და სხვა საეკლესიო რეფორმებს. საერთო ჯამში, ბერთა საქციელი მაინც დავითისდროინდელ სასულიერო პირთა ზოგად ზნეობრივ ეტალონად ჩაითვალოს. ერთი შეხედვით, ძნელია, გამართლება მოეძებნოს ბერების მიერ ეკლესიაში თავშეფარებული ადამიანის გაცემას, ვინც უნდა ყოფილიყო იგი. ეს დაუწერელი წესი მკაცრად იყო დაცული ყველა დროსა და რელიგიაში. თითზე ჩამოსათვლელია მაგალითები, როცა ღვთის სახლში თავშეფარებული, თუნდაც გამოუსწორებელი დამნაშავე არ შეეწყალებინოთ. სანიმუშოდ, შეიძლება გავიხსენოთ ფილიპე მაკედონელის მკვლელის პავსანიას ისტორია. იგი თავის გადასარჩენად ტაძარში შევარდა, მაგრამ განრისხებულმა მდევრებმა ზედ საკურთხეველზე მოუღეს ბოლო; აგრეთვე - აშოტ კუროპალატი, რომელიც მოკლეს ”გარდაბანს, ეკლესიასა შინა და სისხლი მისი, რომელი მაშინ დაითხია, აწცა იხილვების ვითარცა ახალი”.

შიომღვიმელი ბერების საქციელი, თითქოსდა, არაზნეობრივია. მათ დაარღვიეს ღვთის მცნება და დევნილ ადამიანს, რომელიც თავშესაფარს ითხოვდა, დახმარების ხელი არ გაუწოდეს. პირიქით - შეიპყრეს კიდეც და მდევნელს გადასცეს. ზემოთ შემთხვევით როდი გამოვიყენეთ სიტყვა ”თითქოსდა”. დიახ, ბერების მოქმედება არაზნეობრივად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ხელოვნურად ამოვგლეჯთ კონკრეტული ეპოქის სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტიდან და ილუზორულ ვაკუუმში განვიხილავთ. მაგრამ, ამგვარი მიდგომა არასწორი იქნებოდა. ნებისმიერი ისტორიული ფაქტი ამა თუ იმ ეპოქის კონკრეტულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში უნდა იქნას განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი ამომწურავად შეფასება. მოცემულ შემთხვევაშიც ასეა. უდავოდ, ბერები საძრახისად მოიქცნენ, როდესაც ძაგანი გასცეს, მაგრამ ერთი წუთით განვიხილოთ ამ გამცემლობის პოლიტიკური და ზნეობრივი შედეგები. დავით აღმაშენებელმა ქვეყნისთვის მძიმე ჟამს თავიდან მოიცილა სახელმწიფოში შფოთისა და არეულობის ერთერთი მოთავე, განამტკიცა დისციპლინა და ხელისუფლების ავტორიტეტი, შეძლო, მობილიზაცია გაეკეთებინა მთელი შინაგანი ძალებისთვის და წარემართა იგი სელჩუკთა წინააღმდეგ...

შედეგი სახეზეა - ”ქუაბ ავაზაკთა ქმნილი” და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მიუღებელი ეკლესიის ნაცვლად დავით აღმაშენებელმა მიიღო ერთგული, მაგრამ დევნილთა გამცემი ეკლესია და სამღვდელონი, რომლებიც ერთი დღის წინ სახელმწიფოებრივად არალიალურ მორწმუნეთა აღსარებიდან მიღებულ ინფორმაციას მეორე დღეს მეფის მსტოვრებს გადასცემდნენ. ზნეობრივი პოზიციიდან გამომდინარე, ორივე შემთხვევა ქრისტიანული მორალის გმობად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ეროვნული პოზიციიდან, რა თქმა უნდა, ასე არაა. ესე იგი, შეიძლება დავასკვნათ - ის, რაც ეროვნულია, შეუძლებელია, იყოს არაზნეობრივი, მაგრამის, რაც არაზნეობრივია, შეიძლება იყოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი... ამ ერთი შეხედვით ალოგიკურ მსჯელობაში არის შინაგანი ლოგიკა, მაგრამ არის წინააღმდეგობაც, რასაც შესანიშნავად ხედავდა და გრძნობდა დავით აღმაშენებელი. მისთვის შინაგანად (ჩვენი ღრმა რწმენით) მიუღებელი იყო ეკლესიის ორთავე ვარიანტი, მაგრამ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული იყო, არა თუ შეგუებოდა მეორეს, წაეხალისებინა კიდეც იგი. ალბათ, ესეც განაპირობებდა მის პიროვნულ გაორებას და თვითგვემის განუმეორებელ მასშტაბს, რითაც ესოდენ დამუხტულია ”გალობანის” ყოველი სტროფი...

+ + +

დავით აღმაშენებლის ზნეობრივ-ესთეტიკურ ფენომენს მნიშვნელოვნად განაპირობებდა მისი უაღრესად ყოფით-ადამიანური იერსახე (ბოლო პერიოდში მოდურად ჰაბიტუსად წოდებული). თავისი სახელმწიფოებრივი მისიის გამო მეფეს ურთიერთობა უხდებოდა ათასობით ქვეშევრდომთან (გავიხსენოთ მისი ბრძანებით შექმნილი უმაღლესი სასამართლო ინსტანცია- ”სააჯო კარი”), მშფოთვარე ფეოდალური ეპოქის ღვიძლ შვილებთან, რომლებიც აღსავსენი იყვნენ ჭეშმარიტად ქართული ვნებებით - ერთგულებითა და თავდადებით, ქედფიცხობითა და პირმოთნეობით, მზვაობრობითა და უკიდეგანო ამბიციებით. უნიკალური, ღვთისაგან ბოძებული შინაგანი ჭვრეტის უნარი დავითს შესაძლებლობას აძლევდა რენტგენის სხივების დარად ღრმად ჩასწვდომოდა ქვეშევრდომთა ხასიათის უქვედაეს შრეებს, ამოეცნო მათი ნამდვილი განაზრახი და ამაზე დაემყარებინა თაყვანება-დალოცვის მექანიზმი. მეფეს, როგორც არავის, მოეთხოვებოდა ერთგულთა შეწყალება და ორგულთა ”წურთნა”.  

პატრონყმობის იერარქიულ სისტემაზე დამყარებული სახელმწიფო წარმოუდგენელი იყო ამ პრინციპის სრულყოფილი რეალიზაციის გარეშე და რამდენადაც აუცილებელი იყო იგი, იმდენადვე ძნელად განსახორციელებელიც... მხოლოდ-- არა დავითისთვის. მემატიანე ხაზგასმით აღნიშნავს და სულაც არ ცდილობს შთამომავლობას დაუმალოს მეფის მაყვედრალთა და მოლიზღეთა უმთავრესი არგუმენტი - ”შეიყუარნის ვინმე და განადიდნის ვინმეო, და კუალად მოიძულნის ვინმე და დაამცირნისო, ესე აღამაღლის და ესე დაამდაბლისო”. ანონიმ ისტორიკოსს კარგად ესმის ამგვარ არგუმენტთა უსუსურობა და, თითქოსდა, მხრებგაშლილი, ერთგვარი ირონიით სვამს კითხვას - ”ვინ იხილა ესე საუკუნითგან, ეი, კაცო? ამისთვის რად არა ღმერთსაცა აბრალებ, უგუნურო, ამასვე ესრეთ მოქმედსა”? მისი აზრით, ცოდვა-მადლის განკითხვა და მტერ-მოყვარის გარჩევა ღვთაებრივი საწყისიდან იღებს სათავეს და მიწიერი ადამიანისთვის, თუნდაც ძლევამოსილი მეფისთვის მსგავსი რაიმეს დაყვედრება იგივე მკრეხელობად უნდა ჩაითვალოს - ”უკეთუ მეფემან ერთგულნი, ფრთხილნი და ახოვანნი, ნაცვლად ორგულთა, ჯაბანთა და უღირსთა ადიდნეს, რა უსამართლო ქმნა”? - სვამს იგი კითხვას და განაგრძობს - ”ნუ უკუე დუხჭირმანცა აბრალოს სარკესა, რამეთუ სახე მისი ცხადად უჩუენის: უხმარნი და უღირსნი ნუ მას, არამედ თავთა თვისთა აბრალებდენ”. მემატიანის მეტაფორა ნათელია. იგი დავით აღმაშენებელს სარკეს ადარებს, რომელშიც ყოველი სულდგმული საკუთარი ფიზიონომიის ანარეკლს (მახინჯს თუ დიდებულს) ხედავს და შესატყვის რეაქციასაც ამჟღავნებს. ”უკეთუ არა, ვინ იყო ესოდენ მართლად აღმწონელ საქმეთა და მცნობელ ვითარებასა კაცისასა”... ერთგულთა სამსახურის ღირსეულად დაფასების კლასიკური ნიმუშია გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის გარდაცვალების ეპიზოდი, რომელიც ”იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითა მამა და უმეტესცა მამისა”... მხოლოდ მეორე ვაჟის შეძენის შემდეგ დაეხსნა იგი გლოვას. 

სწორედ დავითის ამ თვისებიდან გამომდინარე შედეგია ის, რომ ”ქუე-კერძო მისსა დაიმკვიდრეს მხეცთა ქუეყანისათა, და შორის რტოთა მისთა მკვიდრობა ჰყვეს მფრინველთა ცისათა, და მისგან იზრდებოდა ყოველი ხორციელი” აქ, მსჯელობისას, მემატიანე, თითქოსდა, გადადის მოკვდავთა სამოღვაწეოდ უზენაესი განგების მიერ დადგენილ სამანებს და დავითზე ისე საუბრობს, როგორც არა ხორციელ არსებაზე, არამედ განგების ნებით მიწიერ ადამიანად მოვლენილ ბუნებისმიერ არსზე, ცოცხალი სამყაროს ერთგვარად მატერიალიზებულ მოციქულზე, რომლის უზენაეს სურვილს ემორჩილება ცისქვეშეთში ყოველი სულიერი. 

დავითი უფრო მეტია, ვიდრე მეფე. იგი ჩვეულებრივ მოკვდავზე ბევრად მეტი ჩანს, რადგან საკუთარ არსებაში მაქსიმალურად შეიმეცნა ადამიანურობის არსი. ცოცხალი დავითი თავისი ამქვეყნიური ფუნქციით სადღაც გარდამავალ ზონაში იმყოფება, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს მიწიერ და ზეციურ სამყაროს, ხოლო გარდასახვის შემდეგ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი უფლის გვერდით. იგი განგებამ დასაჯა და წილად არგუნა მეფობა საქართველოში, მაგრამ, ამასთან, ბედის ნებიერაცაა. მას თავად განგება მფარველობს. სწორედ უფლის ნებამ გაუცუდა ტყორცნა მტრის ჯარისკაცს, რომელმაც ციხიდან კარვის წინ მდგარ უჭურველ დავითს ისარი ესროლა და ”ჰკრა ხატსა მთავარანგელოზისასა, რომელი ეკიდა ყელსა, ოქროსა მცირე და ძალმან საღმრთომან განარინა მშვიდობით”. ასევე, ღვთის ხელი ერია მის გადარჩენაში, როდესაც მუხნარში ნადირობისას ცხენმა მოიყოლა და ”სამ დღე ყოვლად უსულო მდებარე იყო უძრავად, სამშვინველისაგან ოდენ საცნაური ცოცხლად”. 

ფათერაკებით აღსავსე ცხოვრებაში სხვა არაერთ განსაცდელსაც გადაეყარა დავითი, მაგრამ ”არაოდეს მიუშუა ღმერთმან კუერთხი ცოდვილთა მართალსა მას ზედა”. არა თუ მეფის პრაქტიკული მოღვაწეობა, თვით გარდასახვაც კი მემატიანეს ღვთაებრივ აქტად აქვს წარმოდგენილი - ”ეგრეთვე ჟამსა შინა შუენიერსა და ჯეროვანსა მოუწოდა ღმერთმან შემყუარებელსა თვისსა და მარადის მოსურნესა სამარადისოდ მეფობად წინაშე მისსა” - დასძენს ბოლოს იგი და ასეთი ფინალური აკორდით აგვირგვინებს დიდებული გვირგვინოსნის ამქვეყნიურ ოდისეას.

+ + +

დავით აღმაშენებლის მონუმენტურ ფიგურას და მოყვასის კეთილდღეობისკენ მიმართულ ღვთივკურთხეულ მოღვაწეობას ღრმა და მრავალმხრივი განათლება ედო საფუძვლად. მისი სახით ქართველ ხალხს ჰყავდა განათლებული მონარქი, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებდა როგორც უწმინდეს ეროვნულ, ასევე ჰუმანიზმის კაცობრიულ იდეალებს. სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია და ამაში არაფერია გადაჭარბებული, რომ დავითის სახით საქართველომ მთელი ექვსი საუკუნით გაუსწრო ევროპას (იქ მხოლოდ მე-18 საუკუნეში ალაპარაკდნენ განათლებული გვირგვინოსნის როლსა და მნიშვნელობაზე, რომელიც საბოლოოდ განმანათლებლური იდეების ქვაკუთხედად ჩამოყალიბდა). 

დავით აღმაშენებელი იყო არა მხოლოდ განათლებული მონარქის კონკრეტული გამოხატულება, არამედ კრებსითი სახე, თითქმის იდეალურთან მიახლოებული განსახიერება გვირგვინოსნის უზენაესი დანიშნულებისა. მის არსებაში ჰარმონიული პროპორციით იყო განზავებული ანტიკური სიბრძნე და ქრისტიანული სიქველე. ეს შემთხვევითი არცაა, რადგან დავითის ფენომენი კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის წიაღში ყველაზე უფრო ღრმად შეღწეული ამ ორი, უმთავრესი ფესვიდან იღებდა მასაზრდოებელ ნექტარს და გარეშე მტრებთან ბრძოლაში დამაშვრალი სწორედ კაცობრიული ცოდნის ამ ორ იპოსტასთან ზიარებით აღიდგენდა ჩაშრეტილ ენერგიას. აქ, ალბათ, უპრიანია, გავიხსენოთ, რომ დავით აღმაშენებლის მიერ საფუძველჩაყრილი გელათის აკადემია მის სიცოცხლეშივე იქცა”ყოვლისა აღმოსავლისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად”. 

ქართულ მეცნიერებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ დავითის ისტორიკოსის მიერ ათენისა და იერუსალიმის, ანტიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანული რწმენის ამ ორი სიმბოლოს დაკავშირებას საფუძვლად ედო შუა საუკუნეების ქრისტიანული სამყაროსთვის დამახასიათებელი პრინციპი რწმენისა და ცოდნის ერთიანობისა. ყოველივე ამის შემდეგ, ალბათ, გადაჭარბებულად არ შეიძლება მოგვეჩვენოს ”აბდულმესიანის” ავტორის შეფასება - ”ვნატრი ელადსა, თვით მას გელათსა” არც ის იყო შემთხვევითი, რომ დავით აღმაშენებელმა გელათის ახალდაარსებულ აკადემიაში სამოღვაწეოდ სწორედ იოანე პეტრიწი მიიწვია, რომელმაც თან მოიყოლა ბიზანტიის მოწინავე კულტუროსნულ-საზოგადოებრივი მემკვიდრეობა. პეტრიწი და არსენ იყალთოელი მიქაელ პსელოსის იდეებზე იყვნენ აღზრდილები, რომელიც თეოლოგიას, ზოგადად, უმაღლესი ფილოსოფიის რანგში განიხილავდა და უმთავრეს მიზნად ანტიკური სიბრძნისმეტყველების ქრისტიანობასთან შეხამება მიაჩნდა. პირდაპირი მითითება არ გაგვაჩნია, მაგრამ შეუძლებელია, ამ იდეებს გავლენა არ მოეხდინა დავით აღმაშენებელზე. თუ ყურადღებით გადავიკითხავთ მისი მემატიანის თხზულებას და, განსაკუთრებით, ”გალობანის” ტექსტს, აშკარად დავრწმუნდებით, რომ უპირველესი ბაგრატოვანის მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა ამ ორი ჰუმანური საწყისის შერწყმასა და მიწიერ ენაზე შესრულებულ თარგმანს წარმოადგენს.

მემატიანე განსაკუთრებით უსვამს ხაზს დავითის მისწრაფებას ცოდნის შეძენისკენ. მან ”საღმრთონი წერილნი... შეიკრიბნა, რაოდენნი პოვნა გარდამოღებულად ენასა ქართველთასა სხუათა ენათაგან, ძუელნი და ახალნი...” ამგვარი გარჯა არ ჰგავდა მსუბუქი, ზედაპირული განათლების მქონე მონარქის კოკეტობას საკუთარი ინტელიგენციის წინაშე თავის მოსაწონებლად. დავითი არც მეცენატობანას თამაშობდა. კითხვა იყო მისი უპირველესი სულიერი მოთხოვნილება ”საზრდელ, ყოველთა გემოან, და სასმელ ტკბილ და საწადელ; იგინი-- შუება, განცხომა საწურთელ და სარგებელ”. სადაც უნდა ყოფილიყო იგი, რაოდენ მძიმე ლაშქრობა უნდა ჰქონოდა წინ, ყველგან თან დაჰქონდა ჯორ-აქლემზე აკიდებული ბიბლიოთეკა (გავიხსენოთ ნაპოლეონის ცნობილი ფრაზა, წარმოთქმული ეგვიპტის სამხედრო ექსპედიციის დროს, მამლუქებთან გადამწყვეტი შეტაკების წინ - ”ვირები და მეცნიერები შუაში) ”და სადა გარდახდის ჰუნესა, პირველ ყოვლისა წიგნნი მოაქუნდიან ხელითა”. არა თუ ველად სადმე ამხედრებული, ”შემდგომად სერობისა, ნაცულად ძილისა ანუ სხვისა რასმე საქმისა”, მეფე ისევ საყვარელ ეტრატებს მიმართავდა და როცა თვალები დაეღლებოდა, სხვებს აკითხვინებდა ხოლმე. თვით ჯერგა-ნადირობისას, ტევრში ან ლერწმოვანში ჩასაფრებულ მეფეს ცალ ხელში მშვილდი ეპყრა, მეორეში წიგნი და როცა ნადირი გამოჩნდებოდა, მაშინღა მისცემდა მსახურს, რომ მხეცს გამოდევნებოდა. ერთგან მემატიანეს უფიქრია კიდეც, რომ მკითხველს დავითის კითხვისმოყვარეობაზე მისი მსჯელობა გაზვიადებულად მოეჩვენებოდა და ხაზგასმით აღნიშნავს ასეთ ფაქტს. მეფეს ჩვეულებად ჰქონია, რომ სამოციქულო წიგნის წაკითხვის შემდეგ ტექსტის ბოლოს სპეციალურ ნიშანს დაუსვამდა ხოლმე. როცა დაითვალეს, აღნუსხეს, რომ, წელიწადში 24 ასეთი ნიშანი დაესვა, ესე იგი, თვეში, საშუალოდ, წიგნი სამოციქულო ორჯერ მაინც წაეკითხა.

დავით აღმაშენებლის წიგნიერებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით საინტერესოა მისი ისტორიკოსის მიერ აღწერილი ეპიზოდი, როდესაც მეფე თავის მხედრებთან ერთად ლოჭინის ხევში ჩაუსაფრდა თურქებს. ანაზდად გამოჩენილი სელჩუკები თავს დაესხნენ მის მეომრებს, დავითი კი ”შეექცა კითხვასა და ესეოდენ წარიტყუენა მისგან გონებითა, რომელ სრულიად დაავიწყდა წინამდებარე საქმე”. იგი მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა ბრძოლის ყიჟინა და ხმლების ჩახა-ჩუხი ყურის ძირში გაისმა. მაშინ მეფე ”შთაბრიალდა ვითარცა არწივი” და მტრის მეომართა ”ფრიადისა ცემისაგან (მისმა) ხრმალმანცა დაღულარჭნილმან უარ ყო ქარქაში თვისი” (ესე იგი, დეფორმირებული მახვილი ქარქაშში აღარ ჩაეტია)...

დავითის ცოდნისა და სწავლისმოყვარეობა შორს დგას ყოველგვარი ეგოცენტრიზმისგან. იგი არ ირჯებოდა მხოლოდ საკუთარი თავისა და ინტელექტუალური თრობისათვის (ფსიქოლოგიიდან ცნობილია, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ლამის ცხოველურ სიამოვნებას ანიჭებს რაიმე თვალსაზრისით სხვაზე მაღლა დგომა. ასეთები სხვას არ ურჩევენ მათთვის ცნობილი წიგნების წაკითხვას, სხვა მკვლევარს არ გაუმხელენ, ვთქვათ, არქივში მის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტის არსებობას, მზად არიან, საკუთარ საძინებელში დაკიდონ მილიონებად ნაყიდი ვან-გოგის ან დალის ესა თუ ის შედევრი და ა.შ.). სწავლის ფასის კარგად მცოდნე მეფეს კარგად ესმოდა სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაწინაურებაში განათლებული ადამიანების როლი და მნიშვნელობა. ამ თვალსაზრისით, იგი ნამდვილად იყო ქართული მერიტოკრატიის საფუძვლის ჩამყრელი და ბიზანტიის საქვეყნოდ აღიარებულ საგანმანათლებლო ცენტრებში ახალგაზრდების მასობრივად გაგზავნის ფაქტი ამ სიტყვების საუკეთესო დასტურია.

+ + +

დავით აღმაშენებლის ზნეობრივი პორტრეტის დასახასიათებლად ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს მისი თხზულება, რომელიც ”გალობანი სინანულისანი”-ს სახელითაა ცნობილი. აქ მოკლედ ვიტყვით იმის თაობაზე, რომ ქართულ მეცნიერებაში ”გალობანი სინანულისანი” უკვე კარგა ხანია, აღარ მიიჩნევა ამ ნაწარმოების სათაურად. გალობანი არის ლიტერატურული ჟანრის აღმნიშვნელი ტერმინი, დახლოებით ისეთი, როგორებიცაა მოთხრობა, ნოველა, რომანი, დრამა და ა.შ. აღნიშნული ჟანრი მე-8 საუკუნეში ჩაისახა ბიზანტიურ სასულიერო მწერლობაში და მის ფუძემდებლებად ითვლებიან მსოფლიო სახელის მქონე ჰიმნოგრაფები - იოანე დამასკელი და კოზმან იერუსალიმელი. თუმცა, ეს მხოლოდ ფორმალური მომენტია. რაც უნდა ერქვას თხზულებას, იგი სწორედ ზეკაცობრიული სინანულის გამომხატველ კრებულს წარმოადგენს. მასში დიდი მეფე მაღალმხატვრული ოსტატობით პირველ პირში გვიამბობს საკუთარი ცოდვების შესახებ და მიმართავს უფალს, მიუტეოს მორწმუნე ქრისტიანისთვის შეუფერებელი მიწიერი სისუსტენი. ფაქტობრივად, ესაა ლიტერატურული აღსარება, რომელიც დავითმა ჩააბარა არა კონკრეტულ სულიერ მოძღვარს, არამედ, არამედ სრულიად საქართველოს და მის უდიდებულესობა ისტორიას. ჩვეულებრივი აღსარებისგან განსხვავებით, ეს არაა რელიგიურ ექსტაზში მყოფი მორწმუნის მონოლოგი, არამედ წლების განმავლობაში დაგროვილი და ეტრატზე გადმოტანილი განცდილ-ნააზრევი, ცივი გონების დარჯაკში გატარებული და საბოლოო სახის მიცემამდე არაერთგზის გაზომილ-გაცხრილული.

”გალობანი”-ს წაკითხვა დამთურგნელ ეფექტს ახდენს მკითხველზე, ვისაც ქრესტომათიულ დონეზე მაინც სმენია დავით აღმაშენებლის როლისა და მნიშვნელობის შესახებ საქართველოს ისტორიაში. მართლაცდა, ერთი შეხედვით, ძნელი ასახნელია ის უზარმაზარი სხვაობა , ანუ ”შეუსაბამობა- წინააღმდეგობა”, რაც ჩანს დავითის შესახებ სხვათაგან თქმულ-დაწერილსა და დავითის მიერ საკუთარი თავის შესახებ თქმულ-დაწერილს შორის. თავისთავად, ჩნდება კითხვა, რა მიწიერი ცოდვა ჰქონდა ასეთი დიდებულ ბაგრატოვანს, რომ ორზნევანი ჭიაყელების მსგავსად თავის სამართლებელი ალიბების კრებული კი არ დაუტოვა შთამომავლობას, არამედ ლიტერატურული თვითგვემის მსოფლიო რანგის შედევრი.

როგორია დავითის, როგორც მსოფლიო ცოდვილის სახე ”გალობანი”-ს მიხედვით?

რას უჩიოდა ”ღვთის მცნებათა მგმობი” ბაგრატოვანი საკუთარ თავს?

ამის ბოლომდე აღსაქმელად, უპრიანია, გავეცნოთ დავითისეულ ტროპართა მოკლე შინაარსს (მცირეოდენი კუპიურებით მომყავს ზ. ჭავჭავაძის მიხედვით, რომელმაც შესანიშნავი გამოკვლევა მიუძღვნა ამ თხზულებას).

- თვითმპყრობელობის მემკვიდრეობით მიღებულ პორფირთან ერთად სხვადასხვა სამეფოთა გვირგვინებიც მომანდე, უფალო, ხოლო მე ბილწ ვნებებს მონად მივყიდე თავი, რამეთუ კაცი, რისგანაც იძლევა, მისი მონაა სწორედ...
- კაენური საზრისი, სეითის ძეთა ავხორცობა, ხუთქალაქელთა წაბილწვის მყრალი ლაფი კიდევ უფრო ვამრავლე და ვაძლიერე, ვითარცა აღმართისკენ მიმჩქეფარე ბოროტების მდინარემ...
- ეგვიპტური სისასტიკე, ქანაანური ჩვეულებანი, ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა, მისნობა და მარჩიელობა, თმის დალალები და სხვა, რისი არმიბაძვაც შენ ბრძანე, უფალო, უთავხედურესად შევიძინე...
- მე ვარ უფსკრული, რომელშიც გროვდება უწმინდურების ნიაღვარი...
- ურჯულოებს ვბაძავდი, კერპებს ვუკმევდი და ციურ ძალებს თაყვანს ვცემდი...
- საღმრთო მოძღვრების მიუხედავად ციურ სხეულთა ასურული მისნობის, ვარსკვლავთმრიცხველობის, ადამიანის ბედ-იღბალისა დაბადების თარიღის შესახებ ვფიქრობდი/მაბოდებდა...
- ძველ ელინთა მსგავსად,შემოქმედის მიერ შექმნილთა მონაცვლეობითი თაყვანისცემა სრულვყავი და სხვადასხვა ვნებას დავემონე...
- ფეხით გავთელე საღმრთო წერილისა და ახალი ჭეშმარიტი კანონები, კანონი გონებისა ცოდვებისა და ხორციელების კანონს დავუმორჩილე...
- რამდენიმე მხეცის შეერთებით მიღებულ ნადირს დავემსგავსე, მრავალგვარსა და მრავალსახას, მათსავით დაუნდობელსა და გამძვინვარებულს...
- არ შევუშინდი მფრინავ ნამგალს, რომელიც სიკვდილს მოანატრებს მათ, ვინც ჩემსავით მუდამ ტყუილად იფიცებდა შენს სახელს...
- სოლომონის წურბელასავით გაუმაძღარი ახალ მხარეებს ვეძებდი დასაპყრობად და ამ სურვილს საქრისტიანოს ფარგლების სიმცირით ვამართლებდი...
- ბოროტად დავარღვიე საზღვრები და შემოვიერთე ახალი სამფლობელოები. სუსტებსა და უმწეოთ წავართვი საკუთარი წილხვედრი და ვესწრაფოდი უმეზობლობას, რათა მხოლოდ მე ვყოფილიყავი მსოფლიო მბრძანებელი...
- უმოწყალოდ ვარღვევდი ღვთის მცნებას, ვმრუშობდი და საძაგელი მაგალითის მიცემით ცოდვებისკენ ვუბიძგებდი ერს...
- მიწასავით დავაგროვე ვერცხლი და შარაგზის ტალახივით- ოქრო, ანგარების მამონას ისე ვემონე, როგორც ძველები- ბაალს, ასტარტეს და ქამოსს...
- ერტგულთა ნათქვამს ყურად არ ვიღებდი, მლიქვნელთა მზაკვრულ სივერაგეს ვიწონებდი, დამსმენთა ბჭობას ვიზიარებდი და უმართებულო განაჩენი გამომქონდა...
- ქვრივ-ობოლთა გულამომჯდარი ტირილი არ მესმოდა, არ გავეცი მოწყალება გლახაკთა ზედა..
- ვინც ყბაში გამარტყა, მეორე ლოყა არ მივუშვირე, თუმცა ესოდენ გახრწნილს შენზე ხელი არ ამიღია და სხვა ღმერთი არ მიწამებია…

ამდენი ”ცოდვის” ჩამდენი დავითი მუხლმოყრილი სთხოვს სამყაროს შემოქმედს მიტევებას, ვითარცა მეორე მანასე. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბოლო ”გალობანი”-ს პირველი ტროპარი, როგორც მხატვრული სიტყვის უბადლო ნიმუში: ”ჟამი რა წულილთა და ხმელთა აღმოფშვინვათაი წარმოდგეს, / ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, / ყუავილოვნებაი დაჭნეს, / სხუამან მიიღოს სკიპტრაი, / სხუასა შეუდგენ სპანი- / მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!” (მკითხველი, ალბათ, ხვდება, რომ ტექნიკური მიზეზების გამო ტექსტის ციტირება არასრულყოფილია და იძულებული ვართ, მხოლოდ თანამედროვე ქართული ანბანის ასოებით დავკმაყოფილდეთ).

ჩვენში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო დამკვიდრებული მოსაზრება, თითქოს ”გალობანი”-ს დაწერის მიზეზი გახლდათ დავითის სინანული მამის, მეფეთამეფე გიორგი II-ის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ტახტიდან გადაყენების გამო (ზოგიერთები დღემდე ვერ ელევიან ამ ყავლგასულ და პრიმიტიულ ახსნას, იმის მიუხედავად, რომ მას ისტორიული საფუძველი არ გააჩნია. სინამდვილეში დავითს არანაირი ძალმომრეობით, მით უმეტეს - სასახლის გადატრიალების გზით, არ მიუღია ტახტი და 1089 წელს არც მამამისი ჩამოუშორებია ქვეყნის მართვის სადავეებისგან (დავითის გამეფებიდან 15 წლის შემდეგ გამართული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერის მოსახსენიებელში ეს უკანასკნელი მეფეთა-მეფედ და ”ყოველსა აღმოსავალისა და დასავალის კესაროსადაა” დასახელებული).

არაფერია იმაზე მეტად ღიმილის მომგვრელი, ვიდრე სერიოზული მსჯელობა დავით აღმაშენებლის ცოდვილიანი ბუნების შესახებ და რეალური წანამძღვრების ჩხრეკა ნარატიულ თუ დოკუმენტურ წყაროებში. სინამდვილეში, სწორედ ,,გალობანი” გახლავთ მისი ზნეობისა და ღრმადმორწმუნეობის უტყუარი დასტური. თავის დროზე ზ. ჭავჭავაძემ მართებულად შენიშნა, რომ დავითის მიერ მსოფლიო ცოდვილად თავის წარმოჩენა და საკუთარ მკრეხელობათა შესახებ პირველ პირში საუბარი მისი მსოფლმხედველობრივი მრწამსის დამახასიათებელი თვისებაა და ამაში გასარკვევად სწორედაც რომ ქრისტიანული მოძღვრების გათვალისწინებაა საჭირო.

კერძოდ, "მთასა ზედა ქადაგებაში” ნათქვამია: „გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მიმართ: არა კაც ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანამდებ არს სასჯელისა. ხოლო მე გეტყვ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა... გესმა, რამეთუ არა იმრუშო. ხოლო გეტყვ თქუენ, რამეთუ ყოველნი, რომელი ჰხედვიდეს, დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა... და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი. გესმა, რამეთუ თქმულ არს: შეიყუარე მოყუასი შენი და მოიძულე მტერი შენი. ხოლო მე გეტყვ თქუენ: გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და აკურთხებდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცებდით მათ, რომელნი გმძლავრობდნენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ... უკუეთუ, გიყუარდეს მოყუასნი ხოლო თქუენნი, რაი სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან. და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან? - იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს” (მათე, 5, 21-48).

როგორც აქედან ჩანს, სახარება უფრო მაღალ ზნეობრივ კატეგორიებს უყენებს ქრისტიანს, ვიდრე მოსეს რჯული - არა კაც ჰკლა, არ იმრუშო, გიყუარდეს მოყვასი შენი და ა. შ. ის, რასაც ძველი აღთქმა მოითხოვდა ადამიანისგან, ქრისტიანობაში მხოლოდ წესიერი პიროვნების ცხოვრების მინიმალურ-ზნეობრივ კატეგორიად განიხილებოდა. ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, უცოდველობა არა მხოლოდ ზაკვისგან პრაქტიკულად თავის შეკავებას, არამედ მის ცნობიერში დამარცხებასაც გულისხმობს (ე.ი. არა მხოლოდ არ უნდა იმრუშო, ან მტერს ავზე ავით უპასუხო, არამედ ამის თაობაზე აზრი გულშიც არ უნდა გაივლო) ცხადია, ამის გაკეთება ადამიანთა უმრავლესობისთვის, მით უმეტეს, ერისკაცისთვის წარმოუდგენლად რთულია, პრაქტიკულად - შეუძლებელიც. აღარაფერს ვამბობთ სახელმწიფოს მეთაურზე. როგორ წარმოგიდგენიათ მონარქი, რომელიც მზადაა ყოველ მთხოვნელს ყოველივე დაუნანებლად უბოძოს, მაგალითად - სახელმწიფოს მიწა-წყალი, ან ყველა ჯურის მომხვდური შეიყვაროს და არა თუ მის დამორჩილებაზე, ბოროტებისთვის სამაგიეროს გადახდაზეც აღარ იფიქროს? ეს ხომ სრული აბსურდია? ცხადია, აბსურდია, მაგრამ ამასთან ერთად, ესაა წინააღმდეგობათა წყარო და ცოდვათა საფუძველიც, როგორც გარდაუვალი მოცემულობა. ყოველივე ეს ეხება დავით აღმაშენებელსაც. იმის უარყოფა, რომ მას, როგორც მეფეს, ერისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებელ პიროვნებას, ჰქონდა ქრისტიანული თვალსაზრისით არაერთი ცოდვა, იგივეა რაც მისი რეალურ პიროვნებად ყოფნის უარყოფა.

უნდა ითქვას, რომ თვითონ ქრისტიანული მოძღვრებაც ხედავდა ამ უცილობელ წინააღმდეგობას და მიტევება-შენდობის სახით უკანდასახევს უტოვებდა მორწმუნეს. ამის შესანიშნავი მაგალითია და მეზვერისა და ფარისევლის სახარებისეული იგავი, როდესაც უფალმა საკუთარ ზნეობრივ სიმტკიცესა და უბიწოებაზე მოქადაგე ფარისეველზე წინ ცოდვილი, მაგრამ მონანული მეზვერე დააყენა. ქრისტიანული მორალი ცხადადაა გამოხატული სიტყვებში- ,,რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავის თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს" (ლუკა, 18, 10-14).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, „გალობანში” ასახული კოსმიური თვითგვემის მოტივები. დავით აღმაშენებელი, დიდებული მეფე და ქართული სახელმწიფოებრიობის გვირგვინი, იყო ისეთივე მოკვდავი, როგორც ვინმე, უბირი მეჯადაგე. ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, მისთვის უცხო არ იყო არაფერი ადამიანური- ქმედება, ვნება თუ გადაცდომა. იგი გატაცებული იყო ქრისტიანული დოგმატით აკრძალული ასტრონომია-ასტროლოგიით (ვარკვლავთმრიცხველობა), კიდეც ომობდა, სხვა ქვეყნებსა და ხალხებს იმორჩილებდა, ავზე ავით პასუხობდა და სხვა მიწიერი, მამრისთვის დამახასიათებელი ცოდვებიც უმძიმებდა სულს. მაგრამ ეს არაა მონანიების განმსაზღვრელი ფაქტორი. მთავარი მიზეზი სხვაა-- დავითი, როგორც მოკვდავი საკუთარ თავს განიხილავს, როგორც პირველქმნილი ცოდვის ნაყოფს, აღსავსეს ყველა ბიბლიური, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე ბიწიერებით. განსხვავება ისაა, რომ ის სხვაზე მეტად განიცდიდა საკუთარ მიწიერ სისუსტეებს და მაღალზნეობრივ მოთხოვნებს უყენებდა თავს.

მსოფლიო კულტურის საგანძურში ამ ჟანრის რამდენიმე ისეთი ავტორი და თხზულებაა ცნობილი, რომლებთანაც/რომლებშიც უმაღლეს დონეზეა ასული თვითგვემის აპოთეოზი - დავითის ფსალმუნები და სოლომონ ბრძენი, ნეტარი ავგუსტინე და ანდრია კრეტელი. დავით აღმაშენებლის ,,გალობანიც” ამ ჯუფთის შედევრებს განეკუთვნება და ხამს, დიდი ბაგრატოვანიც ზემოთ დასახელებულთა გვერდით განვიხილოთ მსოფლიო მასშტაბის მოაზროვნეთა თანავარსკვლავედში.

+ + +

შეზღუდული მოცულობისა და უფრორე ბლოგტექსტის ავტორის მწირი ინტელექტუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ასეთია მოკლედ დიდი ქართველი მეფის ზნეობრივ-ესთეტიკური ფენომენი, რომელიც ერთგვარად ანაქრონისტული, მაგრამ ყველა სხვა თვალსაზრისით ლოგიკური მოწოდებით გვსურს, დავასრულოთ:

- წინ დავით აღმაშენებლისკენ!