ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის განცხადებით, უკვე რამდენიმე საათია უშედეგოდ ელოდებიან აღმასკომის სხდომის დაწყებას.
მისი განცხადებით, ქვორუმი უკვე არის, თუმცა ყრილობის დაწყებას მე-18 დელეგატის დარბაზში არყოფნა უშლის ხელს.
„რამდენი ხანია დარბაზის კართან ვართ, ველოდებით. ვიცი, რომ უკვე 18 დელეგატი დარეგისტრირდა, თუმცა დარბაზში მხოლოდ 17 დელეგატი ზის. სხდომა არ იწყება იმის გამო, რომ როდესაც დელეგატები კიბეებზე ამოდიოდნენ, რამდენიმე ადამიანმა ისინი ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, სადაც რეზი არველაძე იმყოფება და ამ დრომდე არ ხერხდება ამ ადამიანების იმ ოთახიდან გამოსვლა. ჩაკეტილები ჰყავთ ოთახში და არ უშვებენ. რეზიმ უნდა მოუწოდოს დელეგატებს გამოვიდნენ და დაესწრონ სხდომას, რომ ჩატარდეს არჩევნები“, - განაცხადა კობიაშვილმა.
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა. სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. როგორც ცნობილია ხმის მიცემის უფლების მქონე დელეგატები ერთ ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი და მათ გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.
პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა მედიასაშუალებებს მოუწოდა, შექმნილი სიტუაციით დაინტერესდნენ და შევიდნენ იმ ოთახში, სადაც დელეგატები ჰყავთ ჩაკეტილი.
ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატმა, რევაზ არველაძემ დელეგატებს მოუწოდა, ყრილობა მანამდე არ დაიწყონ, სანამ დაკავებულ დელეგატ გეგა გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი გეგა გობეჯიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ითვალისწინებს.
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ყრილობა. ცნობილია, რომ 18-მა დელეგატმა რეგისტრაცია უკვე გაიარა.