"შაითან-კაპიტანი"

“ვაშაკიძე ტარასი დავითის ძე (8. IV. 1873, სოფ. დიდი გუბი, ქუთაისის გუბერნია, ახლანდ. წულუკიძის რ-ნი, - 26. II. 1937, თბილისი), “შაითან-კაპიტნად” წოდებული. დაიბადა გლეხის ოჯახში. დაამთავრა ქუთ. საქალაქო (1891) და თბილ. იუნკერთა სასწავლებელი (1895). სამხ. სამსახური დაიწყო დერბენდის 154-ე პოლკში. I მსოფლიო ომში, კავკ. ფრონტზე, სარიყამიშის ოპერაციის დროს 1915 წ. 22 მარტს თავისი ასეულით დაატყვევა ოსმალთა ჯარის მე-9 კორპუსის სარდალი, 3 დივიზიის უფროსი, 80 ოფიცერი და 1306 ასკერი. 1922-დან სამოქალაქო სამსახურში იყო (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV., გვ. 327.)

+ + + 

პირველი მსოფლიო ომის დროს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საომარ ოპერაციებს კავკასიის ფრონტზე, სადაც რუსეთის არმიის წინააღმდეგ თურქთა მრავალრიცხოვანი, გერმანელი სამხედრო მრჩევლების მიერ გაწვრთნილი შენაერთები მოქმედებდნენ. კავკასიის საომარი თეატრი თავისებური რეგულატორის როლს ასრულებდა რუსეთ-გერმანიის ფრონტის მიმართ. აქ განცდილი წარუმატებლობის შემთხვევაში მოკავშირეთა ყურადღება ნაწილობრივ შორდებოდა აღმოსავლეთის ფრონტს და მდგომარეობას უმსუბუქებდა იქ მოქმედ რუსთა ძალებს.

კავკასიის ფრონტზე განვითარებული საომარი ოპერაციები კარგადაა შესწავლილი სამეცნიერო ლიტერატურაში. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ამ საკითხს საგანგებო გამოკვლევა მიუძღვნა რუსმა სამხედრო ისტორიკოსმა ნ. კორსუნმა (იხ. მისი “პირველი მსოფლიო ომი კავკასიის ფრონტზე, მოსკოვი, 1946). ჩვენ დროში რამდენიმე ახალი ნაშრომი გამოქვეყნდა. 1999 წელს თემაზე “პირველი მსოფლიო ომი და საქართველო” სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა გ. გოცირიძემ.

კავკასიის საბრძოლო პანორამის სრულ გაშუქებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის. როგორც ცნობილია, აქ რუსეთის არმიის შემადგენლობაში მრავალი ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი ირიცხებოდა, რომელთა ღვაწლი სათანადოდ ჯერ კიდევ არაა გამომზეურებული. ისინი, რუსულ მუნდირში გამოწყობილი მამულიშვილები, ფაქტობრივად, უძველესი ქართული მიწის დასაბრუნებლად იბრძოდნენ და ახალ, გაუხუნარ ფურცელს წერდნენ ეროვნულ მხედრულ მატიანეში.

ამ პერიოდის საბრძოლო ბატალიებში თვალსაჩინო ადგილი უკავია ე.წ. “სარიყამიშის ოპერაციას”, რომელიც 1914 წლის დეკემბერში განხორციელდა (საენციკლოპედიო სტატიაში შეცდომითაა მითითებული 1915 წლის 22 მარტი) და რუსეთის არმიის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ზემოთ ხსენებულმა ნ. კორსუნმა მას საგანგებო გამოკვლევა მიუძღვნა, რომელშიც დეტალურადაა გაანალიზებული ოპერაციის მიმდინარეობა, შედეგები და როლი კავკასიის საომარ კამპანიაში. გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოვლენილი საარქივო მასალები შესაძლებლობას იძლევა, კიდევ უფრო დაწვრილებით გავაანალიზოთ ამ ბრძოლის პერიპეტიები და ქართველთა როლი მის წარმატებით დაგვირგვინებაში.

სარიყამიშის ოპერაციის ერთ-ერთი ბრწყინვალე ეპიზოდი იყო თურქეთის მე-3 არმიის IX კორპუსის სრული შემადგენლობის დატყვევება რუსი ჯარისკაცების ერთი ასეულის მიერ. ეს დაუჯერებელი ფაქტი მაშინვე გახმიანდა და მას სათანადო გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო პრესაში. რევოლუციამდელ რუსულ და ქართულ პერიოდულ გამოცემებშიც არაერთხელ აღინიშნა ამის შესახებ (მაგ. “კავკაზსკოე სლოვო”, 1915, # 1; “ზაკავკაზსკაია რეჩ”, 1915, # 62; “თეატრი და ცხოვრება”, 1915, # 12; “ნივა”, 1915, #6). რამდენიმე პოპულარული ხასიათის სტატია მომდევნო პერიოდშიც გამოქვეყნდა (მაგ. ი. უგულავას წერილი ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ჟურნალში- “მხედარი” (1991, #3). ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ არაერთი დეტალი კიდევ დიდხანს რჩებოდა ჩრდილში. მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ საისტორიო ლიტერატურაში სათანადოდ არ იყო შეფასებული ამ ოპერაციის მთავარი მოქმედი გმირის, დერბენდის 154-ე პოლკის მე-14 ასეულის მეთაურის მეთაურის კაპიტან ტარასი ვაშაკიძის დიდი წვლილი. ეს სწორედ ის ტარასი ვაშაკიძეა, ვინც ერთი ასეულით დაატყვევა თურქეთის მესამე არმიის მე-IX კორპუსი სარდალი ისხან ფაშასთან ერთად. საკმარისია ითქვას, რომ ნ. კორსუნის დიდტანიან გამოკვლევებში ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი მისი დამსახურების შესახებ.

ქართველი გმირის საბრძოლო შემართების ამბავი სამზეოზე მკვლევარმა დიდიმ დათუაშვილმა გამოიტანა. მან ცენტრალურ საისტორიო არქივში მიაკვლია და მთავარი საარქივო სამმართველოს კრებულში - “საისტორიო მოამბე” გამოაქვეყნა საკითხთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, რის შედეგადაც ეს მასალები ხელმისაწვდომი გახდა სპეციალისტთა და მკითხველთა ფართო წრისთვის. წინამდებარე ბლოგტექსტიც სწორედ დ. დათუაშვილის მიერ მოძიებულ დოკუმენტებსა და პირველი მსოფლიო ომის დროინდელ საგაზეთო პუბლიკაციებზე დაყრდნობით დაიწერა.

+ + + 

სანამ მე-IX კორპუსის დატყვევების შესახებ ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვით უშუალოდ სარიყამიშის ოპერაციის თაობაზე.

ეს ქალაქი ყარსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, მდ. ჭოროხის მიმართულებით და იმ დროისათვის მას რუსეთის საკმაოდ მცირერიცხოვანი გარნიზონი იცავდა. 1914 წლის გვიან შემოდგომაზე ოსმალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ქეფრი-ქეისთან და ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა შეტევის სარიყამიშის მიმართულებით განვითარების პერსპექტივა. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრის შემთხვევაში სულთნის ხელისუფლება იმედოვნებდა რუსეთის მიერ 1877-78 წლების ომის შემდეგ მიერთებული ტერიტორიის დაბრუნებას, რეგიონში მცხოვრები მაჰმადიანი მოსახლეობის აჯანყებას, სამხრეთ კავკასიის გაწმენდას და ბორჯომი-თბილისის მიმართულებით შეტევის განხორციელებას. თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობა იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ გეგმას, რომ არმიის ხელმძღვანელობა სტამბოლიდან სპეციალურად წარგზავნილ ცნობილ ენვერ ფაშას დაეკისრა (წინა სარდალი იზეთ ფაშა ოპერაციის შესაძლო შედეგების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გამო 
გაათავისუფლეს). თურქთა არმის შტაბს გერმანელი გენერალი ბრონსარტ ფონ შელენდორფი ედგა სათავეში.

გეგმის თანახმად, მოკავშირეებს პირველ რიგში უნდა გაენადგურებინათ სარიყამიშთან განლაგებული გენერალ ბერხმანისა და მასზე დაქვემდებარებული ოლთისის რაზმები, შემდეგ კი აეღოთ იმ დროისათვის რუსთა კონტროლის ქვეშ მყოფი ყარსი და არდაგანი.

ჯამში, თურქებს დიდი უპირატესობა გააჩნდათ მოწინააღმდეგესთან შედარებით მთელ ფრონტზე როგორც ცოცხალი სამხედრო ძალის, ასევე - ზარბაზნების რაოდენობით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კონკრეტულად სარიყამიშის მიმართულებით რუსებს უფრო მეტი მძიმე ტექნიკა ჰქონდათ.

გენერალი ბერხმანი ფიქრობდა, რომ შეტევის დაწყებამდე დაესწრო მოწინააღმდეგისთვის და თვითონ დაერტყა ქეფრი-ქეის მიმართულებით. ეს ფრიად სარისკო გეგმა იყო ძალთა არსებული შეფარდების გათვალისწინებით. დეკემბრის დასაწყისში დანიშნულმა ახალმა სარდალმა გენერალმა მიშლაევსკიმ გეგმა შეცვალა და სარიყამიშთან თავდაცვის ორგანიზება გადაწყვიტა. იგი სერიოზულად შეაფიქრიანა მოწინააღმდეგის მიერ ბორჯომის მიმართულებით შეტევის პერსპექტივამ და ახალი არმიის ფორმირების მიზნით თბილისში დაბრუნდა. ბერხმანს დაევალა, მის დაბრუნებამდე მტკიცედ ემოქმედა არსებული სტრატეგიული გეგმის ფარგლებში.

1914 წლის 9-22 დეკემბერს სარიყამიშის ფრონტზე გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად თურქებმა მაინც ვერ შეძლეს საბოლოო წარმატების მიღწევა. მართალია, მათ ხელთ იგდეს არდაგანი და ზედა სარიყამიში, მაგრამ რეზერვის მოსვლის შემდეგ რუსებმა მოახერხეს შეტევის მოგერიება. მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა იმ გარემოებამ, რომ რთული კლიმატური პირობების გამო (ძლიერი თოვა და ნისლი) ოლთისთან ოსმალთა ორმა დივიზიამ შეცდომით ერთმანეთს გაუხსნა ცეცხლი და დიდი ზარალიც განიცადა.

რუსებმა შეძლეს საომარ მოქმედებებში გარდატეხის მოხდენა, ალყაში მოაქციეს სარიყამიშთან მდგარი მოწინააღმდეგე და აიძულეს იგი დანებებულიყო.

ჩვენთვის საინტერესო ფაქტი - თურქთა მე-IX კორპუსის დატყვევება, რაშიც გადამწყვეტი როლი კაპიტანმა ვაშაკიძემ ითამაშა, 22 დეკემბერს მოხდა, სარიყამიშის სამხრეთით, ხშირი ტყით დაფარულ მთიან მასივში.

ნ. კორსუნის მონოგრაფიაში ამის შესახებ მოკლედაა აღნიშნული. მისი თქმით, 22 დეკემბერს რუსთა ჯარები მტრისთვის მოულოდნელად გადავიდნენ შეტევაზე, ალყაში მოაქციეს მოწინააღმდეგე და ტყვედ ჩაიგდეს მთელი ცოცხალი ძალა კორპუსის სარდლის ჩათვლით. ე.ი. ავტორმა ისე დახატა სურათი, თითქოს მიღწეული წარმატება საერთო გეგმის მიხედვით განხორციელებული იერიშის შედეგი იყო და შეგნებულად აუარა გვერდი კაპიტან ვაშაკიძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს. შეგნებულად-თქო - შემთხვევით არ ვამბობ. საარქივო მასალას რომ თავი დავანებოთ, მკვლევარს თავისუფლად შეეძლო ამის შესახებ ვრცლად მოეთხრო თუნდაც იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თურქთა მე-IX კორპუსის დატყვევების მომენტში ვაშაკიძე საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა, იმის მიუხედავად, რომ პოლკის უფროსმა სასტიკად აუკრძალა დამოუკიდებელი მანევრირება. დივიზიის უფროსის სახელზე დაწერილ დერბენტის 154-ე პოლკის მეთაურის პოლკოვნიკ ნიჟარაძის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია (ამონარიდებს საარქივო დოკუმენტებიდან ნათარგმნი სახით ვიმოწმებ. იერ.), რომ “წინა საღამოს, 11-12 საათის შუალედში კაპიტანი ვაშაკიძე, საკუთარი ინიციატივით, გამოიჩინა რა არაჩვეულებრივი წინდახედულება, პრაპორშიკ ლებედევის და პოდპრაპორშიკ სოროკინის თანხლებით, იმყოფებოდა დაზვერვაზე. დილის 5 საათამდე მან დაზვერა და გამოიკვლია ტერიტორია მოწინააღმდეგის კოცონებისა და ხმაურის მიხედვით, რის შესახებაც წარმოადგინა რაპორტი”.

როგორც ქვემოთ გამოჩნდება, სწორედ ვაშაკიძის ინიციატივამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ოპერაციის წარმატებით დაგვირგვინებაში.

22 დეკემბერს დანიშნული იყო რუსთა საერთო შეტევა, რომელიც გეგმის მიხედვით დაიწყო კიდეც დღის პირველ საათზე. კაპიტანმა ვაშაკიძემ, რომელიც შეტევის ოპერატიულ გეგმას უნდა დამორჩილებოდა, სიტუაციაში სწრაფი ორიენტირების უნარი გამოამჟღავნა. მოცემულ მომენტში მისი მოქმედება ეწინააღმდეგებოდა კიდეც რუსთა ნაწილების საერთო დისლოკაციას, მაგრამ მიღებულმა შედეგმა მთლიანად გაამართლა რისკი.

იერიშის დროს ვაშაკიძემ იქით წაიყვანა ასეული, სადაც წინა ღამით ჩატარებული დაზვერვის შემდეგ მოწინააღმდეგე ეგულებოდა. ოპერაციის დასაწყისი ფრიად წარმატებული აღმოჩნდა. მან და მისმა მებრძოლებმა ტყიან ზოლში ხელთ იგდეს თურქთა 4 ზარბაზანი და არტილერისტები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ მე-IX კორპუსის მთავარი შტაბის მისადგომების დაცვა ევალებოდათ.

ზარბაზნების გაუვნებელყოფის შემდეგ, როგორც მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, ვაშაკიძემ მიიღო ზემდგომის სიტყვიერი განკარგულება- დარჩენილიყო ადგილზე და აღარ განეგრძო მოძრაობა მოწინააღმდეგის პოზიციების მიმართულებით. ამის მიუხედავად, იგი არ დაემორჩილა ბრძანებას და საკუთარი ინიციატივით განაგრძო მანევრი, რადგან ფიქრობდა, რომ მოცემულ სიტუაციაში ადგილზე შეჩერება მიღწეული შედეგის წყალში გადაყრას ნიშნავდა.

ისევ ამონარიდი პოლკოვნიკ ნიჟარაძის მოხსენებითი ბარათიდან: “კაპიტანმა ვაშაკიძემ რამდენჯერმე დააპირა შეტევაზე გადასვლა, მაგრამ იგი შეაჩერა ბატალიონის მეთაურმა, რომელიც მკაცრად მოითხოვდა საერთო მოძრაობას დანარჩენი ასეულების მწყობრიდან გამოუსვლელად. ეს ბრძანება მას (ე.ი. ვაშაკიძეს, იერ.) გადაეცა კაპიტან ლვოვის მეშვეობით... დარწმუნებული იყო რა საკუთარი მოსაზრების სისწორეში, კაპიტანმა ვაშაკიძემ დატოვა საერთო წყობა და ფორსირებული იერიშით გაიჭრა წინ, სადაც მტრის ძირითადი ძალები ეგულებოდა”.

ვაშაკიძის მანევრი აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა მოწინააღმდეგისთვის, რომლის სარდლობას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა მთავარი შტაბის მცველი ზარბაზნებისა და არტილერისტების განეიტრალების თაობაზე. ამის შემდეგ მთის ძირში დაბანაკებული თურქები (ისინი ღამისთევისთვის ემზადებოდნენ მომდევნო დღეს სოფ. ჩერმუქის მიმართულებით დაგეგმილი იერიშის წინ), ფაქტობრივად, ტომარაში აღმოჩნდნენ. საკმარისი ძალების არსებობის შემთხვევაში მათი განადგურება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ქართველი კაპიტნის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ასეული იყო. ძალთა არსებული შეფარდების გათვალისწინებით იგი ან რეზერვის მოსვლას უნდა დალოდებოდა, ან...

ვაშაკიძემ არჩევანი მეორე “ან”-ის სასარგებლოდ გააკეთა. მან წარმოუდგენლად რისკიანი, შეიძლება ითქვას, თავხედური მანევრი განახორციელა და ორ ნაწილად გაჰყო ასეული. პირველმა “პოლუროტამ” შეუმჩნევლად მოუარა ზურგიდან მტერს და პოზიციიდან უკან დასახევი ერთადერთი ბილიკი გადაუჭრა. მეორე “პოლუროტა” უშუალოდ ვაშაკიძის მეთაურობით სწრაფი მარშით დაეშვა თურქთა შტაბისკენ და ორივე მიმართულებით ერთდროულად გახსნა ცეცხლი. ქვაბში მომწყვდეულ ოცჯერ უფრო მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს, რომელსაც თოვლის სქელი საფარის გამო გადაადგილება უჭირდა, დანებების გარდა სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. ისხან ფაშა საუკუნე ვერ წამოიდგენდა, რომ მის პოზიციებს ვიღაც თავზეხელაღებული გურჯი ერთი ასეულით უტევდა. მან იფიქრა, რომ დიდი სამხედრო შენაერთის კარგად დაგეგმილი, კომბინირებული იერიშის მსხვერპლი გახდა.

ვაშაკიძე წინ გაიჭრა და მოწინააღმდეგეს ხაფი ხმით (“ზიჩნიმ გოლოსომ”, ასე წერია საარქივო დოკუმენტში. იერ.) შესძახა - “სდავაიტეს, ა ტო ვ შტიკი პოედუ”! თურქებმა თეთრი ალამი აღმართეს და დელი-გურჯი დანებების პირობებზე მოსალაპარაკებლად შტაბში მიიწვიეს. 

წლების შემდეგ იოლი სათქმელია, მაგრამ თვითონვე წარმოიდგინეთ თავი იმ სიტუაციაში და კაპიტანი ვაშაკიძის ადგილზე. საკმარისი იყო თურქთა მხრიდან ოდნავი შეეჭვებაც კი და მთელი ავანტურა ჩაიშლებოდა (ჯარისკაცთა სიცოცხლეზე არაფერს ვამბობ). “მათ რომ სცოდნოდათ, რამდენი ვიყავით სინამდვილეში, ჯოხებით თავისუფლად გამოგვრეკავდნენ ტყიდან ცელქობის გამო”- ირონიულად შენიშნავდა მოგვიანებით თავის მოგონებებში სარიყამიშის გმირი. მან ტყვეები შტაბში წაასხა და რუსთა ჯარის გაოგნებულ მეთაურს ჩააბარა.

საენციკლოპედიო სტატია, რომელიც წინამდებარე ბლოგტექსტის დასაწყისში დავიმოწმე, არასწორ მონაცემებს შეიცავს ვაშაკიძის მიერ ტყვედ ჩაგდებულ თურქთა რაოდენობის შესახებ. საარქივო დოკუმენტების თანახმად “შაითან-კაპიტნის” ერთსაათიანი მონაგარი გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო - მე-IX კორპუსის მეთაური ისხან-ფაშა, სამი დივიზიის მეთაური თავიანთი შტაბებითურთ, 107 სხვადასხვა რანგის ოფიცერი, სამედიცინო პერსონალი, 2000-ზე მეტი ასკერი თოფ-იარაღით, 8 ზარბაზანი და 24 ტყვიამფრქვევი, ვაზნები, ბანაკი, ჰოსპიტალი, ცხენები, მოლები და ა.შ. 

სამხედრო ხელოვნების ისტორიაში ამ იშვიათი პრეცედენტის მქონე ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პრესაში გამოქვეყნდა არაერთი სტატია. ვაშაკიძეს უამრავი მოშურნე გამოუჩნდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთებმა საერთოდ ეჭვქვეშ დააყენეს მისი და მე-14 ასეულის დამსახურება. თუმცა სიმართლე არ დაიმალა და ქართველი კაპიტნის გმირობა სათანადოდ დააფასა უმაღლესმა მთავარსარდლობამ. გენერალ ბერხმანის მიერ გამოცხადებული მადლობა რა მოსატანია, როცა 1915 წლის 9 იანვარს მას მისალოცი დეპეშა თვით იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ გაუგზავნა. კავკასიის არმიის მთავარსარდლის ბრძანებით ვაშაკიძე წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. საგულისხმოა, რომ “შაითან-კაპიტნის” ამბავი რუსეთის ფარგლებსაც გასცდა და 1915 წლის 8 აგვისტოს მას საფრანგეთის პრეზიდენტის ბრძანებით საზეიმოდ გადაეცა ამ ქვეყნის საპატიო სამხედრო ჯილდო- “მედაილლე მილიტაირე” (მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვთან ერთად).

+ + + 

ვაშაკიძის ასეულის მიერ თურქთა კორპუსის დატყვევება სამხედრო ხელოვნების უბრწყინვალესი მაგალითი და მარად მღელვარე ქართული მხედრული სულის დიდებული გამოვლინებაა. ასეთ ფაქტზე თვალის დახუჭვა, ან მიჩქმალვა (მით უფრო, როდესაც ეს ველიკოდერჟავული შოვინიზმის გამო ხდება) ისტორიისთვის თვალში ნაცრის შეყრას ნიშნავს. ისტორია კი, როგორც ცნობილია, ამას დიდხანს ვერ ეგუება. საჭირო მომენტში იგი კვლავ შთაბერავს სიცოცხლეს ჟამთა ვითარებისა და კალამბრგვნილი ისტორიკოსების მიერ უსამართლოდ დავიწყებულ გმირთა აჩრდილებს. თურქების მიერ “შაითან-კაპიტნად” მონათლული ტარასი ვაშაკიძეც სწორედ ასეთ გმირთა კატეგორიას განეკუთვნება. იგი ჩვენი ისტორიის უკვე დახურული, რომანტიკული ხიბლით გაბრწყინებული ფურცელია, რომელიც ხშირად უნდა გადავშალოთ და გადავიკითხოთ, რათა ღრმად ჩავწვდეთ საკუთარ გენეტიკურ ფენომენს, ქართული მხედრული სულის საიდუმლოებას, ეროვნული ცნობიერებისა და ყოფიერების უქვედაეს, ჯერ კიდევ მზის სხივებშეუღწეველ შრეებს.

+ + + 

ალბათ, მიაქციეთ ყურადღება საენციკლოპედიო სტატიის ცნობას იმის თაობაზე, რომ ტარასი ვაშაკიძე 1922 წლიდან სამოქალაქო სამსახურში იმყოფებოდა.

დიახ, რამდენადაც გასაოცრად უნდა მოგეჩვენოთ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჯერ კიდევ ახალგაზრდა (იმ დროს 49 წლის იყო) და ენერგიით აღსავსე მსოფლიო ომის გმირი სამხედრო სამსახურს ჩამოაცილეს და “კანცელარშჩინითვის” გაიმეტეს. ამაში გასაოცარი არაფერია - ბოლშევიკები ჭირის დღესავით უფრთხოდნენ მეფის არმიაში ავტორიტეტმოხვეჭილ პროფესიონალ სამხედროებს, მით უმეტეს, თუ ისინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარშიც მსახურობდნენ...

+ + + 

შაითან”-კაპიტნის” პერსონამ დიდი კონსტანტინე გამსახურდიას ყურადღებაც მიიპყრო და “მთვარის მოტაცებაში” გაიელვა მსოფლიო ომის გმირის სახემ.

გახსოვთ, ალბათ, თარაშის, თამარისა და კაროლინას ვიზიტი მამიდა არმადარ ფარჯანიანთან. დამხვდური და შემოსწრებული სტუმრებიც გაიხსენეთ - ჩამომჭკნარი თამარ ბაგრატიონი, ბურების ომის ვეტერანი “კნიაზ ორბელიანი”, ნოშრევან ფარჯანიანი და... 

თუმცა, სჯობს, თვითონ დიდოსტატ კონსტანტინეს დავუთმოთ სიტყვა:

“ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.
“ენტრეზ”! გასძახა მამიდა არმადარმა.
ტანმორჩილი ჩოფურა მოხუცი შემოვიდა.
თარაშ ემხვარს გაუხარდა “შეითან-კაპიტნის” მოსვლა.
“ეს კაცი ყოფილი გენერალია, მსოფლიო ომის დროს მან ერთი ბატალიონით თურქეთის მთელი კორპუსი შტაბიანად შეიპყრო”, - ეუბნება თარაში კაროლინას ინგლისურად, ხმადაბლა, თანაც დასძინა: მან არც კი იცის, რომელიმე სენსაციური ამერიკული გაზეთი მილიონ დოლარს არ დაიშურებდა მისი მემუარებისთვის”.

ძველი რომანტიკის ხიბლი აღარ სცხია კონსტანტინესეულ “შაითან-კაპიტანს”. გენიალურმა მწერალმა კალმის ერთი მოსმით დახატა პირქუში საბჭოთა სინამდვილის მიერ დამუშავებული, ამაღლებულისგან განძარცვული, გაჩინოვნიკებული რაინდის სახე, რომელიც, “მოათავებდა თუ არა “ზედმეტ საათებს” თავის საანგარიშო კანტორაში, ორი წუთით შემოირბენდა “მომპასიანი” ჩაის დასალევად და ნოშრევან ფარჯანიანთან ორიოდე პარტია ნარდს წაითამაშებდა.” 

უსასტიკეს გროტესკად გამოიყურება სარიყამიშული ისტორიის ფონზე “ყოფილი გენერლის” (ნუ შევედავებით კონსტანტინეს. ტარასი ვაშაკიძეს სინამდვილეში არც გენერლის წოდება ჰქონდა, არც ბატალიონის მეთაური ყოფილა ისხან ფაშას დატყვევების ჟამს, მაგრამ მწერალს აქვს ფაქტების შელამაზება-გადაკეთების უფლება) ამგვარი დახასიათება: “მისი წვრილი, ლოპიანისფერი თვალები ისე მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ, როგორც აკვარიუმის შუშიდან თევზი”.

ბარე არ მემეტება ასეთი უსახური პორტრეტისთვის “შაითან კაპიტანი”, მაგრამ მესმის, დიადი ძველისა და უსახური ახლის კონტრასტულად დასურათხატების რაგვარ ჩანაფიქრსაც შეეწირა მისი სახე და ვერ ვუწბილებ დიდოსტატს ამიტომაც.

+ + + 

ტარასი ვაშაკიძე 1937 წლის 26 თებერვალს გარდაიცვალა. 
ვინ იცის, იქნებ ბუნებრივი სიკვდილით გამოეთხოვა წუთისოფელს, მაგრამ ეს ავბედითი თარიღი მაინც აღძრავს გარკვეულ ეჭვებს
იქნებ... ვაი თუ...
სად წამოეწია სიკვდილის ცელი სარიყამიშის გმირს?
ვინ დაუხუჭა უკანასკნელად ფოლადისფერი თვალები “შაითან-კაპიტანს”?