მთავრობა რაჭველებს უსინდისოდ ატყუებს

მთავრობა რაჭველებს უსინდისოდ ატყუებს

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავრობამ რაჭველები ბევრჯერ გააცურა, საქმე ეხებოდა სტიიქით დაზარალებულების კომპენსაციას თუ ტურისტული ინფრასტრუქტურის აყვავებას. თუმცა, ყველაზე დიდი ტყუილი ხელისუფლებამ სართვლოდ შემოინახა და ისეთი მანევრი ჩაატარა, რომ “გასამდიდრებლად განწირული” რაჭველები პირში ჩალაგამოვლებულები დატოვა.

 

წლეულს რაჭაში რთველს ისეთი პირი უჩანდა, რომ თითო კილო ალექსანდროულსა და მუჯურეთულში გლეხებს 4-5 ლარი (მათ შორის, მთავრობის მიერ გამოყოფილი 1-ლარიანი სუბსიდიაც იგულისხმებოდა) უნდა მიეღოთ. მთავრობის გულგრილობით და უმოქმედობით საქმე ისე წავიდა, რომ რაჭაში რთველი პირწმინდად ჩავარდა.

 

ჯერ იყო და ნაციონალურმა ხელისუფლებამ რაჭველი გლეხები გასამდიდრებლად ვერ “გაიმეტა”. ამიტომ ზედ რთველის დაწყების წინ 1-ლარიანი სუბსიდია ყურით მოთრეული მიზეზით გაუუქმა. თითქოს რაჭაში ყურძნის ჩაბარების საქმე ისე კარგად მიდიოდა, რომ გლეხებს ისედაც მაღალ მაზანდას შესთავაზებდნენ.

 

ყურძნის კრეფიდან არ გასულა 2-3 დღე და გარიკვა, რომ რაჭაში ყურძნის მიმღები პუნქტები საერთოდ დაკეტილია და მოსავალს არავინ იბარებს. ამასობაში კი ყურძენი გადამწიფდა, რასაც ბოლო პერიოდის გადაუღებელი წვიმებიც დაემატა და მოსავალი საბოლოოდ გაფუჭდა.

 

მოსახლეობამ განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართა სამხარეო ადმინისტრაციას, თუმცა უშედეგოდ. რთველის ადგილობრივი ცხელი ხაზის ნომერი კი რამდენიმე დღეა გამორთულია.

 

რთველთან დაკავშირებულ პრობლემებს რაჭის სამხარეო ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ. რაჭის გუბერნატორის მოადგილის როსტომ ცხვედიანის განცხადებით, წელს გლეხებმა მოსავალი ჩაბარების ნაცვლად თავად უნდა დაწურონ. მისი თქმით, გადაუღებელი წვიმების გამო ყურძნის შაქრიანობა დაეცა, ამიტომ ასეთი ყურძნის ჩაბარებაზე ღვინის კომპანიები უარს ამბობენ.

 

ცხვედიანის განმარტებითვე, ასეთი დაბალხარისხიანი ყურძნისაგან „ხვანჭკარის“ ჩამოსხმა შეუძლებელია, მშრალი ღვინის დასამზადებელ მასალაში კი კომპანიებს 3 ლარის გადახდა არ უღირთ.

 

განსხვავებულ განცხადებას აკეთებენ „ბადაგონში“. კომპანიის დირექტორის გია შენგელიამ რადიო “კომერსანტს” აუწყა, რომ კომპანიამ მიმდინარე წელს რაჭიდან საუკეთესო ყურძენი ჩამოიტანა. „ბადაგონმა“ 20 ტონა ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი კილოგრამი 3 ლარად ჩაიბარა. 

 

ადგილობრივი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ამტკიცებს, რომ რაჭაში ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ არსებობს. ამის შესახებ ბაკურ კვეზერელმა ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რაჭაში ყურძნის ჩაბარება არ შეჩერებულა და ახლაც მიმდინარეობს.

 

რამდენად სანდოა მინისტრის ინფორმაცია ძნელი სათქმელია. კვეზერელის სიტყვა და საქმე ერთმანეთს ნაკლებად ემთხვევა ხოლმე. სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრი ამცნობდა საზოგადოებას რაჭაში 1-ლარიანი სუბსიდიის გაცემის შესახებ მაშინ, როცა რეალურად ეს შეღავათი გაუქმებული ყოფილა.

 

რაჭაში წელს 430 ტონა მოსავალს ელოდებიან, რაც შარშანდელთან შედარებით განახევრებული მაჩვენებელია.