პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორების და სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
პრემიერმა საქართველოში აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი წლის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და სან დიეგოს უნივერსიტეტს, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის განხორციელების თაობაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სან დიეგოს უნივერსიტეტი არის საქართველოში პირველი ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც თავისი სტანდარტის და ხარისხის განათლებას შემოიტანს და ამ განათლებას მომავალ თაობებს გადასცემს.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ წელს საქართველოში მნიშვნელოვანი ტენდენცია შეიმჩვნევა, რადგან საინჟინრო და ტექნიკური საგნები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ქართველები განსაკუთრებით ნიჭიერები არიან.
„ჩვენ გვაქვს დიდი ნიჭი, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ახლა საჭიროა კონცენტრირება ისეთ სფეროებზე, როგორიც არის ინჟინერია და ტექნიკური სფერო“, - განაცხადა პრემიერმა და ახალგაზრდებს განათლების მიღების საქმეში მთავრობის სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.
პრემიერმა აქვე დაამატა, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტის პროექტი საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაც საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის განხორციელებულა. პრემიერის თქმით, ყველაზე დიდი კონტრიბუცია რაც შეიძლება ერთმა ქვეყანამ მეორეში ჩადოს, ეს არის განათლების სფეროში დახმარება.
ღონისძიებაზე სიტყვით განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძეც გამოვიდა. მან საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს მადლობა გადაუხადა იმ პრეცედენტისთვის, რომელიც საქართველოში შეიქმნა. სანიკიძის თქმით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში ისეთი განათლება მიიღონ, რომლის მიღება მხოლოდ აშშ-ში შეიძლება
„მინდა გამორჩეული მადლობა გადავუხადო სან დიეგოს უნივერსიტეტს მონდომებისთვის და მზად ვიქნებით ნებისმიერ ეტაპზე ვიყოთ მატი პარტნიორები“, - განაცხადა სანიკიძემ.
ცნობისთვის თსუ-ში დღეს საქართველოში აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი წლის შეხვედრა გაიმართა. პროექტო „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო“ 2014 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც საქართველოს მთავრობა სა და სან დიეგოს სახელმწიფოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთ თანნამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.