საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება რომელიმე პირის გათავისუფლების საფუძველი.
ბესელიას თქმით, ამას საერთო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება სჭირდება.
"საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც მიღებულია 2010 წლის სექტემბერში სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს და ამის შემდგომ უკვე იწყება პროცედურები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. საკონსტიტუციო სასამართლოს კოდექსში წერია, რომ ნორმის გაუქმება არ იწვევს ადრე მიღებული გადაწყევტილების გაუქმებას, არამედ საპროცესო კოდექსის თანახმად ხდება მოქმედებები. პატიმრობის კოდექსში წერია, რომ პირის გათავისუფლება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანუ ავტომატურ რეჟიმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება რომელიმე პირის გათავისუფლების საფუძველი, თუ არ მოყვება მას საერთო სასამართლოს მიერ გადაწყვტილების მიღება", - განაცხადა ბესელიამ.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების, ან ბრალის წაყენების საკმარისი საფუძველის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე.