საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დღევანდელ სასამართლო სხდომასთან არანაირი სამართლებრივი შემხებლობა არ აქვს , - ამის შესახებ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმის პროკურორმა, გიგა ძნელაძემ განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხზე იმ საქმის მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, რომელზეც უგულავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
"ნებისმიერი ბრალდებული პატიმრობაში იმყოფება სასამართლოს განჩინების საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ნორმა და აქ საუბარი არ არის სასამართლო განჩინების არაკანონიერებაზე. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საფუძველს, რომ სასამართლომ გადახედოს ბრალდებულის მიმართ პატიმრობის სახით გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიების საკითხს. ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს იმ საქმის მოსამართლემ, რომელ საქმეზეც გიგი უგულავას შეფარდებული აქვს პატიმრობა", - აღნიშნა პროკურორმა და განმარტა, რომ დღეს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე უგულავას არც ერთი აღკვეთის ღონისძიების სახე არ აქვს შეფარდებული.
რაც შეეხება რიყის ტერიტორიისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმეს, პროკურორის თქმით, ამ საქმეზე დღეს დაცვის მხარემ უნდა დაასრულოს დასკვნითი სიტყვა. ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გიგა ძნელაძემ განმარტა, რომ არ არის გამორიცხული დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოაცხადოს.