მოსკოვი ვაშინგტონს სამხედრო მოლაპარაკებებს სთავაზობს

მოსკოვი ვაშინგტონს სამხედრო მოლაპარაკებებს სთავაზობს

რუსეთმა აშშ-ს სირიაში რუსული ტექნიკის გადაადგილების გამო, გაზრდილი დაძაბულობის აღმოსაფხვრელად პირდაპირი სამხედრო მოლაპარაკებები შესთავაზა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვს სურს მოლაპარაკებები, რათა კონფლიქტის პოტენციური რისკების შემცირება მოხდეს. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობა გასულ წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გაიყინა. დათანხმდება თუ არა აშშ მოსკოვის წინადადებას სამხედრო მოლაპარაკებების შესახებ, ეს ჯერ უცნობია. 

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირაა სირიის ქალაქ ლატაკიასთან რუსეთის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსი სამხედროებისა და ტექნიკის სირიაში გაგზავნას ჰუმანიტარული მიზნები აქვს. 

მოსკოვში აცხადებენ, რომ სამხედრო შეიარაღების გაგზავნა სირიის მთავრობის მხარდასაჭერად ტერორისტებთან ბრძოლის მიზნით ხდება.