უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სანქციები დაწესდება რუსეთის და ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებიც "ყირიმის ანექსიასა და დონბასში აგრესიულ ქმედებებში მონაწილეობდნენ".
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თავად პოროშენკომ განაცხადა.
"ეს განცხადება ჩვენს ევროპელ, ამერიკელ და სხვა პარტნიორებთან კოორდინირებით მივიღეთ, ეს არის შესაბამისი პასუხი ყირიმის ანექსიასა და დონბასში აგრესიაზე", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები 388 ადამიანის წინააღმდეგ ამოქმედდება. მათ შორის არიან რუსეთის, უკრაინის და დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები. ასევე რამდენიმე ევროპული ქვეყნის და ისრაელის მოქალაქეებიც.
სანქციები ანგარიშების გაყინვას, უკრაინიდან კაპიტალის ექსპორტის აკრძალვას და სავიზო შეზღუდვებს მოიცავს.
რუს მაღალჩინოსნებს შორის უკრაინის ე.წ. შავ სიაში თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, შეიარაღებული ძალების მეთაური ვლადიმირ შამანოვი, დუმის პრესსპიკერი, სერგეი ნარიშკინი და კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ზორკინი მოხვდნენ. სანქციები ამოქმედდება ასევე ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის წინააღმდეგაც.