ჩილეს ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. "ბიბისის" ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 8,3 მაგნიტუდა შეადგინა. დაიღუპა ხუთი ადამიანი, სანაპირო რეგიონებიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მიწისქვეშა ბიძგებმა ხუთ მეტრამდე სიმაღლის ტალღები გამოიწვია, რის გამოც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ჩილეს, პერუს, ჰავაის და კალიფორნიის სანაპიროებთან. ამას გარდა, სტიქიას მოჰყვა ნგრევაც. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.
სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ილიაპელიდან 55 კილომეტრში 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. იყო განმეორებითი ბიძგებიც, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.