ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის ოჯახის წევრები გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ოქროპირიძის დედამ, ცირა გოდერძიშვილმა განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შემდეგ ოქროპირიძე უნდა გათავისუფლდეს. ცირა გოდერძიშვილის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ოქროპირიძესთან მიმართებაში მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც გიგი უგულავსთან მიმართებაში.
"გიორგი ოქროპირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე უკანონო პატიმარია, თუმცა ის არის ირაკლი ღარიბაშვილის პატიმარი, გიგი უგულავა კი ბიძინა ივანიშვილის პატიმარი. ციხის კართან ველოდები ჩემი შვილის გათავისუფლებას", - განაცხადა ცირა გოდერძიშვილმა.
გიორგი ოქროპირიძე ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულად გასული წლის სექტემბერში ცნეს. მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ, თუმცა ვერდიქტი ვერ მიიღეს. განხილვების ბოლოს ოქროპირიძეს პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურა, რა დროსაც მას ახალი ბრალი წარედგინა ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების შესაბამისი მუხლებით. რაც შეეხება ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეს, ამ საქმეზე ნაფიცი მსაჯულების ხელახალი შერჩევა მიმდინარეობს, პარალელურად კი ოქროპირიძის ახალ ბრალდებას საქალაქო სასამართლო განიხილავს.