ბაზარზე ლარის კურსი ბოლო წლებისთვის უპრეცედენტო ნიშნულზე, 2,5 პუნქტზე ფიქსირდება. შექმნილ ვითარებაში ის ექსპერტებიც კი, რომლებიც ლარის გაუფასურებაში მმართველი გუნდის დადანაშაულებას ერიდებოდნენ, დღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს მწვავედ აკრიტიკებენ.
ლარის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა განმარტებებს არ აკეთებენ და საზოგადოებას არ უხსნიან, რა პროცესებთან გვაქვს საქმე ან მოვლენათა განვითარების როგორ სცენარს ელოდებიან.
ეს კი ფსიქოლოგიურ განწყობებზე (რაც როგორც თავად ხელისუფლება აცხადებს, მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს ლარის კურსზე) ნეგატიურად აისახება.
მთავრობის ბოლო სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისთვის შეკითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ. ორი დღის წინ მინისტრმა ბრიფინგი დააანონსა, როგორც აღმოჩნდა, მან ბრიფინგი არა საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალურ, ლარის თემას, არამედ რუსეთსა და სხვა ქვეყნებთან მგზავრთნაკადის ზრდის საკითხს მიუძღვნა.
განმარტებები არ ისმის არც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან. გიორგი ქადაგიძის ერთერთი ბოლო განცხადება სავალუტო კრედიტების რესტრუქტურიზაციის საკითხს ეხებოდა. სებ–ის პრეზიდენტმა ბანკებს რესტრუქტურიზაციის პროცესში მოქნილობისკენ მოუწოდა, რაც მომხმარებლისთვის ამ მხრივ რაიმე სიახლეს არ წარმოადგენდა.
ლარის გაუფასურების კონტექსტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კრიტიკით შემოიფარგლება საპარლამენტო უმრავლესობა, სადაც ეროვნული ვალუტის კურსის დაცემაში პრაქტიკულად მთელ პასუხისმგებლობას გიორგი ქადაგიძეს აკისრებენ და არ საუბრობენ იმაზე, თავად რა ნაბიჯები გადადგეს ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკის ზრდის მიზნით. მათ არ ახსენდებათ, რომ სწორედ მათ ხელშია იმ საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელმაც ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა უნდა წაახალისოს.
ხელისუფლების მსგავსად პროგნოზებს ერიდებიან ექსპერტებიც. მათმა ნაწილმა „კომერსანტის“ შეკითხვაზე ლარის კურსის პროგნოზთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოერიდება კომენტარების გაკეთებას.
ვრცელ კომენტარზე დაგვთანხმდა საზოგადოება 20/30–ის წევრი, ეკონომისტი ნოდარ ჭიჭინაძე, რომლისთვისაც მიუღებელია ხელისუფლების დუმილი იმ პირობებში, როდესაც ლარის საბაზრო კურსმა უკვე 2,5–ს მიაღწია. ჭიჭინაძის თქმით, ამ დუმილის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა არცერთი პროგნოზი არ გამართლდა ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით, ამიტომ ისინი უბრალოდ აღარ აკეთებენ ამ საკითხზე კომენტარს და არ იღებენ პროგნოზების კეთების პასუხისმგებლობას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი, როგორც ჭიჭინაძე ამბობს, დემაგოგიურ განცხადებებით გამოდის და რესტრუქტურიზაციაზე საუბრობს.
„2,4 არის ის ნიშნული, რომლის გადალახვის შემდეგ ეკონომიკური გუნდის მიმართ ნდობა იკარგება. ამ ვითარებაში კი ეკონომიკის მინისტრი იწვევს პრესკონფერენციას და აკეთებს არაადეკვატურ განცხადებას რუსეთიდან მგზავრთა ნაკადის გაზრდაზე. არადა საზოგადოებას აინტერესებს თუ როგორი შეიძლება იყოს ლარის კურსი და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების შემთხვევაში,“ – აცხადებს ჭიჭინაძე.
მისი აზრით, ახლა ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე პოზიტიურის თქმა რთულია, სწორედ ამიტომ ეროდებიან პროგნოზების კეთებას არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტებიც კი.
ლარის მიმდინარე, მკვეთრ გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას ნოდარ ჭიჭინაძე ყურადღებას ამახვილებს მეტნაკლებად მსხვილი ანგარიშების დოლარში გადატანის ტენდენციაზე და ასევე ეროვნული ბანკის მიერ ბანკებისთვის სესხების ნაწილზე დარეზერვების მოთხოვნის გაზრდაზე, რამაც ლარის კურსზე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, რადგან ბანკებს გაუჩნდათ ვალებულება მოიძიონ დოლარის გარკვეული მოცულობა, რაც მოკლე დროში აისახება ვალუტის კურსზე.
„ყველა – ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად ბანკირებიც კი თანხმდებიან, რომ ლარის გაუფასურების ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, შესაძლოა, მიზეზი ეროვნული ბანკის ქმედებებში ვეძიოთ, რომელიც საბანკო ზედამხედველობის გამოყოფამდე „კუდის მოქნევას“ ცდილობს ბანკებისთვის დარეზერვების მოთხოვნის გაზრდით. შესაძლოა ვინმეს ეჭვი არ ეპარებოდეს სებ–ის კეთილსინდისიერებაში, მაგრამ მე არ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი არ შევიტანო მისი ნაბიჯების მოტივებში. რადგან ოფიციალურად ვერ მოვიძიე ახსნა, უკავშირდება თუ არა მისი მოთხოვნა სესხების ხარისხს. ამასთან, ვფიქრობ, ეროვნული ბანკის რბილი მონეტარული პოლიტიკა ანეიტრალებს ყველანაირ შემოდინებას,“ – აცხადებს ჭიჭინაძე და ხაზს უსვამს, რომ ინფლაცია უკვე გადასცდა დაგეგმილ 5%–იან ნიშნულს და არის რისკი, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს.
შექმნილ ვითარებაში ექსპერტი ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს თავადაც ვერ აკეთებს და ამბობს, რომ „იმედის ნაპერწკალია“ მეოთხე კვარტალში საგარეო ვალის მომსახურების მოცულობის შემცირება – მილიარდიდან დაახლოებით 750 მილიონ დოლარამდე.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ბოლო კვირებში ლარის მკვეთრ გაუფასურებას ტურისტული სეზონის დასრულებით ხსნის. მისი შეფასებით, ახლა ის პერიოდია, როდესაც თითქმის ყველა უცხოელმა ტურისტმა დატოვა საქართველო, რის გამოც დოლარის დიდი ნაკადები შეწყდა.
„ახლა ხდება ტურისტული სეზონიდან არატურისტულ სეზონზე გადასვლის კორექტირება. შედეგად, ლარის კურსის ახალი ნიშნული ყალიბდება“-აცხადებს ნამჩავაძე.
მისივე განმარტებით, ის რომ ლარი ასე მკვეთრად უფასურდება, საგარეო ფაქტორებითაც აიხსნება. კერძოდ, ბოლო ერთ კვირაში რუსული რუბლი და თურქული ლირა მკვეთრად უფასურდება, ეროვნულ ბანკს კი არ აქვს იმხელა რეზერვი, რომ ეს ზეწოლა ბოლომდე გადაფაროს.
ნამჩავაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი 23 სექტემბერს მონიტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მონეტარულ პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს.
„კომერსნტის“ კითხვაზე, აუცილებელია თუ არა ხელისუფლების მხრიდან სამოქმედო გეგმის წარმოდგენა, ან უბრალოდ რაიმე განცხადების გაკეთება საზოგადოებისთვის იმისთვის, რომ პანიკა არ იყოს, ნამჩავაძე პასუხობს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთებას აზრი არ არქვს, რადგან არცერთმა მათმა მოლოდინმა არ გაამართლა.
მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ხელისუფლებიდან კონტრნაბიჯები არ იდგმება, ეროვნული ბანკი კი დისკრედიტებულია.
„დეკემბრის ბოლოს გიორგი ქადაგიძე გამოვიდა და განცხადება მაინც გააკეთა, ახლა ესეც არ ხდება, არადა ასეთი ავტორიტეტების გამოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. სავარაუდოდ იმიტომ არ ხდება მსგავსი რეაგირებები, რომ მათი მოლოდინები არ გამართლდა, შედეგად, მათ სიტყვას ფასი აღარ აქვს, ანუ ნდობაა დაკარგული“-აცხადებს ნამჩავაძე.
მაისის ბოლოს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა ზაფხულისა და შემოდგომისთვის ლარის კურსის დასტაბილურება ივარაუდა, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა.
თბილისში, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ამ მომენტისთვის 2,5 პუნქტს აღწევს.
გუშინ ლარის კურსი კიდევ გაუფასურდა და 2.4170 პუნქტზე დაფიქსირდა.