გიგი უგულავას მხარდამჭერები გუშინ ე.წ. მატროსოვის ციხესთან შეიკრიბნენ

გიგი უგულავას მხარდამჭერები გუშინ ე.წ. მატროსოვის ციხესთან შეიკრიბნენ

გიგი უგულავას მხარდამჭერები და თანაგუნდელები გუშინ ე.წ. მატროსოვის ციხესთან შეიკრიბნენ. ისინი ციხიდან უგულავას გათავისუფლებას ელოდნენ. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, "ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი არაკონსტიტუციურად ჰყავდათ ციხეში გამოკეტილი". 

"მთელი ამ დროის განმავლობაში გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი იყო და აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად ჰყავდათ ციხეში გამოკეტილი. თუ მართლა ჩრდილოეთ კორეად არ ვიქეცით, გიგი უგულავა რამდენიმე საათში უნდა გამოვიდეს", - აღნიშნა მელიამ. 

პარტიის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოში "ჭორვილის დიქტატურა" ვერ შედგება. "რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს დღეს პრაქტიკულად ყველაფერი უზურპირებული აქვს, მაგრამ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები და მოქალაქეები, არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომლებიც დაიცავენ საქართველოს სახელმწიფოებრივ წესრიგს", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. 

ირაკლი აბესაძის განცხადებით კი, აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიღოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას როგორც უკანონო პატიმრის გათავისუფლების შესახებ. "სხვა შემთხვევაში უკანონო პატიმრობა არის სისხლის სამართლის დანაშაული", - აღნიშნა აბესაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა კონსტიტუციის უხეში დარღვევა იქნება. 

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო იურისპრუდენციის თვალსაზრისით ქვეყანაში უზენაესი ორგანოა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება. აქედან გამომდინარე, შაშკინის განცხადებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს.
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გუშინ, 21.00 საათზე გამოაცხადა. პროცესს პლენუმის 8 წევრი ესწრებოდა. მოსამართლე მერაბ ტურავა სხდომაზე არ გამოცხადდა.

"2015 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (კონსტიტუციური სარჩელი N646).

მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა ის გარემოება, რომ პარალელურად რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ 9 თვეს.