"გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საქმის გამოცხადებაზე პლენუმის ყველა მოსამართლეს უნდა მოეწერა ხელი, მაგრამ თვითონ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ გიგი უგულავას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 9 წევრიდან, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელი რვა მოსამართლემ მოაწერა, გამოცხადებას არ ესწრებოდა და დოკუმენტზე არ დაფიქსირებულა მოსამართლე მერაბ ტურავას ხელმოწერა.
როგორც მერაბ ტურავა განმარტავს, სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებაზე პლენუმის ცხრავე წევრის ხელმოწერა იყო საჭირო. მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ მას საკმარისი დრო არ ჰქონდა საქმეზე საბოლოო ვარიანტს, 50 გვერდიან მასალას გაცნობოდა. მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია და სამი ან ოთხი დღით გამოცხადების გადადება პრობლემას არ წარმოადგენდა.
"ვამბობ, რომ ყველას უნდა მოეწერა ხელი, თვითონაც გუშინ ამბობდნენ, რომ ყველას უნდა მოეწერა, დღეს რვა მოსამართლემ მოაწერა ხელი, მაგრამ მათი დასაბუთება ამის შესახებ არ მომისმენია. ერთ დღეში კანონი არ შეცვლილა, მაგრამ გამოცხადების პროცედურა შეიცვალა. რატომ არ მოხდა სამი ან ოთხი დღით დალოდება, რომ გავცნობოდი სარეზოლუციო ნაწილს არ ვიცი, ეს საკითხი იურიდიული საზოგადოების შესაფასებელია", - აღნიშნა გუშინ მერაბ ტურავამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გიგი უგულავას სარჩელი, წინასწარი პატიმრობის 9 თვიან ვადასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.