2015 წლის ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს საქართველო მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის მე-11 ადგილზეა.
საქართველო რეიტინგში 7.83 ქულით ისეთ ქვეყნებზე წინაა, როგორიცაა აშშ, ფინეთი, დანია, ნორვეგია, გერმანია და ა.შ.
ეკონომიკური თავისუფლების 2015 წლის ანგარიში მომზადებულია Fraser-ის ინსტიტუტის მიერ. ანგარიშში მოცემულია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 157 ქვეყნისთვის.
ანგარიში აფასებს ეკონომიკურ თავისუფლებას 2-წლიანი შუალედით. შესაბამისად, 2015 წლის ანგარიშში მოცემულია ეკონომიკური თავისუფლების შეფასება 2013 წლისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო მე-14 ადგილზე იყო 7.78 ქულით.
2013 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა რამდენიმე მიმართულებით, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გაუმჯობესება სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლების დაცვის კომპონენტში. კერძოდ, ამ კომპონენტში მდგომარეობა გაუმჯობესდა სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასამართლოს მიუკერძოებლობის, საკუთრების უფლებების დაცვის და სხვა ქვეკომპონენტებში. ასევე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა ვაჭრობის თავისუფლების კუთხით, სადაც რეიტინგი გაიზარდა ვაჭრობაში არასატარიფო ბარიერების შეზღუდვის კუთხით.
აღნიშნული ინდექსი აფასებს, თუ რამდენად უწყობს ხელს ქვეყანაში არსებული პოლიტიკა და ინსტიტუტები ეკონომიკურ თავისუფლებას.
ინდექსი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, რომელთა შორისაა: მთავრობის ზომა (ხარჯები, გადასახადები და სახელმწიფო საწარმოები); სამართლებრივი სტრუქტურა და საკუთრების უფლების ფინანსურ რესურსებზე წვდომა; საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება; შრომისა და ბიზნესის რეგულირება. აღნიშნული კომპონენტები თავის მხრივ მრავალ ქვეკომპონენტს მოიცავს.