ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი, რომელსაც შეეძლო ზიანი მიეყენებინა ლარის კურსისთვის, გამოსწორებულია.
როგორც „პირWელს“ დუნდუამ განუცხადა, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, სავაჭრო დეფიციტი 107 მილიონი დოლარით არის გაუმჯობესებული, ასევე გაზრდილია ინვესტიციების მაჩვენებელი.
„ყველა ეკონომიკური ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ლარი უნდა გამყარდეს. ბოლო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ სამომხმარებლო სესხების გაცემის ფაქტმა იმატა. თუ ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სესხები მოხმარდება არა ეკონომიკას, არამედ სამომხმარებლო სექტორს და დავალიანება გაიზრდება, ბუნებრივია ეს ფაქტორი უარყოფითად იმოქმედებს სავალუტო კურსზე. ეროვნულმა ბანკმა უნდა შეასრულოს ის მოთხოვნები, რომლითაც სავალუტო ფონდმა მიმართა და მოუწოდა, საცალო სესხების რიგების შეზღუდვისკენ. სავალუტო ფონდმა ხაზი გაუსვა, რომ წინა წელს, როდესაც ასეთი კრიზისი არ იყო, საცალო მსესხებელთა მესამედი შემოსავლის ნახევარს ბანკის ვალის დაფარვაზე ხარჯავდა. დღეისათვის ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია და ასეთ პირობებში, ეროვნული ბანკის მიერ, მაქსიმალურადაა წახალისებული საცალო გასესხების პროცესი. ეროვნული ბანკის მოქმედება იმდენად რადიკალურად განსხვავდება წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რომ მოცემული სიტუაცია აბსოლუტურად მის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ახლა აჟიოტაჟური სიტუაციაა, რაც ძალიან უწყობს ხელს ლარის კურსის გაფუჭებას. მე ველოდები როდის დასრულდება საზედამხედველო სამსახურის გამოყოფა, რადგან ეს იქნება დამატებითი გარანტია იმისა, რომ არ მოხდეს სპეკულაციური შეტევა ლარზე და მოიხსნას ყველა ის მავნე ფაქტორი, რაც კურსის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს“,- აცხადებს ექსპერტი.
დუნდუა მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ცვალებადობა შესაძლოა კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდეს, თუმცა როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხელოვნურად შექმნილი პროცესია და კურსი უახლოეს მომავალში დასტაბილურდება. მისი თქმით, დღეს არსებული კურსი არარეალურია. ამასთან დუნდუა აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი, დოლართან მიმართებაში, ორ ლარზე დაბალ ნიშნულს ვერ ჩაცდება.
„ორს ქვემოთ კურსის ჩამოსვლა შეუძლებელია, რადგან ამ სიტუაციას გარემო ფაქტორები ემატება. დოლარის საერთაშორისო გამყარების ტენდენცია მიმდინარეობს, მაგრამ ის რაც დღეს არის, აბსოლუტურად შეუსაბამოა“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.