“რუსეთისთვის წარმოუდგენელია არსებობდეს თავისუფლების დერეფანი, რომელსაც ვერ აკონტროლებს

“რუსეთისთვის წარმოუდგენელია არსებობდეს თავისუფლების დერეფანი, რომელსაც ვერ აკონტროლებს"

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს.

თინა ხიდაშელი თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა.

საჯარო გამოსვლისას მან თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევების, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილის, ნატო-საქართველოს ურთიერთობების და ტერორიზმთან ბრძოლაში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო განსაკუთრებულ ინტერესს იძენს მსოფლიოსთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის რეგიონში გამორჩეული ქვეყანა საკუთარი მისწრაფებებითა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით, არამედ, ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც. საქართველოს უსაფრთხოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ენერგოდერეფნის კონტექსტში, რკინიგზის კონტექსტში, რომელიც ჩინეთს ევროპასთან დააკავშირებს, მომავალი შესაძლებლობების კონტექსტში, რასაც ირანთან და დასავლეთ ევროპის და აშშ-ის მხრიდან შეთანხმების მიღწევის პირობებში შეიძლება ელოდებოდეს სამყარო. ეს, ალბათ, არის მიზეზიც და შედეგიც ყველა იმ პრობლემისა, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა. როგორც ჩანს, რუსეთისთვის სრულიად წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ მის კონტროლს მიღმა არსებობდეს ასეთი თავისუფლების დერეფანი, არსებობდეს ტერიტორია, რომელსაც ვერ აკონტროლებს, რომელზეც გავლენა არ აქვს, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ამასობაში ეს დერეფანი გამოყენებულია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, აზიის და ევროპის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის, ტვირთბრუნვისთვის, ვაჭრობისთვის, წარმატებისთვის. როგორც რუსეთის ინტერესია ნათელი და ცალსახა ამ შემთხვევაში, ასეთივე ნათელი და ცალსახა უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების და იმ ქვეყნების ინტერესები, რომლებიც მოსარგებლე არიან ამ თავისუფლების დერეფნით. ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი არგუმენტია ჩვენს ხელში, რომელიც ხმამაღლა, ყველა ფორუმზე რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ პრაქტიკული მიზეზი, თუ კიდევ რატომ უნდა იდგნენ საქართველოს გვერდით, გარდა იმ დიადი მიზნებისა, რომელიც დემოკრატიის, ევროპული მისწრაფებების და ერთიანი ევროპული ოჯახის გაფართოებას მოიცავს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გამოსვლა დადებითად შეაფასა თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის მკვლევარმა სარა ლეინმა და ყურადღება მინისტრის კონკრეტულ განცხადებაზე გაამახვილა, რომლის თანახმადაც, საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრობას იმსახურებს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დღეს აქ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ვმასპინძლობთ. მინისტრის გამოსვლა, ძირითადად, საქართველოს უსაფრთხოების, ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობის საკითხებს შეეხო. მინისტრმა შეგვახსენა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე და ღიად ისაუბრა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს დაძაბულ ურთიერთობაზე რუსეთთან. ვფიქრობ, მინისტრთან ძალიან საინტერესო და საჭირო საუბარი გვქონდა აქ, ლონდონში, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი ადგილია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვისთვის. გაერთიანებული სამეფო ნატოს ერთ-ერთი წამყვანი მოკავშირეა. ვფიქრობ, ლონდონიდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის მთავარი გზავნილის მიწოდება ბევრად ადვილია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გამოსვლის მთავარ გზავნილად კი მახსენდება მისი სიტყვები, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრობას იმსახურებს და არცერთ მესამე ქვეყანას, განსაკუთრებით რუსეთს, საქართველოს მისწრაფებაში ჩარევის უფლება არ აქვს. ნატო და ევროკავშირი უნდა ხედავდნენ, თუ როგორ წარმოუდგენიათ საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობა“,- განაცხადა სარა ლეინმა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლას ლონდონში მცხოვრები ქართველი სტუდენტებიც დაესწრნენ. მათ შორის იყო ნათია სესკურია, რომელიც RUSI-ში მაგისტრის კურსს პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის მიმართულებით გადის.

„მინისტრმა მკაფიოდ ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, განსაკუთრებით, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებაში, მართებული და კორექტული მესიჯი გაუგზავნა ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს. ჩემი აზრით, პროდუქტიული და სასიამოვნო იყო თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში და ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი“, - აღნიშნა ქართველმა სტუდენტმა.