მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოსა და მისი მოსამართლის ღირსებას დაიცავს, – აღნიშნული განცხადებით დეპუტატი ეკა ბესელია გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებთან და მოსამართლე მერაბ ტურავასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.
როგორც ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საქართველოში ზონდერ მოსამართლეები მართლაც იყვნენ, რომელიც "ტროიკის" და ბოლშევიკური მეთოდებით ასამართლებდნენ, მათ შორის მოსამართლეებს და ეს დრო წარსულს ჩაბარდა.
ბესელიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში იმ კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არის დავა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს მიიღეს.
"სასამართლოს დამოუკიდებლობა, მისი ინსტიტუციური სიძლიერე, ჩვენი მოსახლეობისათვის სამართლიანობის დაბრუნება – ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა და ღირებულებაა, ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც მოქალაქეებს დავუბრუნეთ. ეს არის პროცესი, რომელსაც ბოლომდე უნდა მივყვეთ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრი განცხადება იყო იმ სასამართლო პროცესზე, სადაც პარლამენტი არის მოპასუხე. პროცესზე იმ კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არის დავა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს არის მიღებული. დანარჩენს საკონსტიტუციო სასამართლო გაარკვევს. ამ პროცესში არც ერთი პოლიტიკური ფიგურა, არც ერთი ჩვენთაგანი არ უნდა ჩაერიოს. პირადად ველოდები, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი იქნება. როგორც ჩანს, გოკა გაბაშვილმა იცის, რა გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს მისი განცხადებებიდან აშკარად ჩანდა. მე არ ვიცი. ვიცი ის და მაქვს მოლოდინი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაიცავს სასამართლოს ღირსებას, დაიცავს მისი მოსამართლის ღირსებას, რომელსაც ასე უდიერად, ასე უწესოდ, ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებენ გუშინ და დღეს. საქართველოს პარლამენტმა გამოუცხადა ნდობა მოსამართლეს, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.