არჩევანი, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, ჟღერს ასე: ან ბიძინა ივანიშვილი ან საქართველო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაში, ასევე მის გაღატაკებამდე მიყვანაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებს.
"გასაკვირი აღარაა რატომ წამოიშვა პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით. იმიტომ, რომ ქვეყანას მართავს არაუფლებამოსილი პირი. თუ მატყუარა მართავს ქვეყანას, მაშინ არავის უნდა გაუკვირდეს, რომ მთავრობა იქნება დისფუნქციური და ის ვერ შეასრულებს იმ მოვალეობებს, რომელიც აკისრია. თუ რუსი ოლიგარქი მართავს ქვეყანას არაუფლებამოსილი პირის სახით, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ თავისუფალი აზრი იდევნება და ადამიანებს უკვე აპატიმრებენ შენობაზე გადმოფენილი პლაკატის გამო, რომელზეც მათი მოსაზრებებია დაფიქსირებული. თუ ევრაზიული იდეის ადეპტი და პუტინის პირდაპრიი წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას, მაშინ არავის უნდა უკვირდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამორჩეულები არიან თავიანთი ევროპული მისწრაფებით და ასეთები არიან გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ბაჩანა ახალაია, ჩაგდებულები არიან ციხეში და ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები.
დიახ, მეგობრებო, სამწუხაროდ, საქართველომ უარი თქვა ევროპულ მისრაფებაზე, ევროპულ, დემოკრატიულ განვითარებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ უკანონო კონტროლს ექვემდებარება ოლიგარქის მხრიდან. ბიძინა ივანიშვილს დღეს ეწირება ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ევროპული მომავალი, ამიტომ არჩევანი, რომელიც დღეს ჩვენ წინაშე დგას, ჟღერს ასე: ან ბიძინა ივანიშვილი ან საქართველო. მე ვარ დარწმუნებული, რომ "ბირჟავიკები", უსაქმურები, პროვოკატორები, უწიგნურები, როგორც თქვენ ხალხს მუდმივად მოიხსენიებთ, მიიღებენ გადაწყვეტილებას და ეს არჩევანი იქნება გაკეთებული საქართველოს სასარგებლოდ და არა იმ ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც დამხობამდე, უკიდურეს გაღატაკებამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა", - მიმართა ნუგზარ წიკლაურმა მმართველი გუნდის წევრებს.