საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და წევრების მხრიდან, მასზე ზეწოლა ხორციელდება.
როგორც ტურავამ განაცხადა, როგორც ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს გიგი უგულავას საქმეზე განაჩენის გამოცხადება ძალიან ეჩქარება, რაც მას არაგონივრულად მიაჩნია. ტურავას თქმით, მას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად გონივრული დრო არ მიეცა.
როგორც მოსამართლე აცხადებს, დღეს საავადმყოფოში გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა მას შესთავაზეს განაჩენზე ხელის მოწერა, რაზეც მან უარი თქვა. ტურავა ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ყველანაირი წესი დაარღვია.
„გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მოსულები იყვნენ, უნდოდათ ხელი მომეწერა, მაგრამ არ მოვაწერე. მიზეზი, რის გამოც მე ამ გადაწყვეტილებას ხელს არ ვაწერ, არის არა ავადმყოფობა, არამედ ის, რომ მე არ მომეცა საშუალება საქმის სარეზოლუციო ნაწილს გავცნობოდი. გუშინ 15:40 მივიღე გადაწყვეტილების სრული ტექსტი, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი საათი რჩებოდა. ერთ-ერთმა მოსამართლემ დამირეკა და მითხრა, გავიგე ცუდად ხარ, მაგრამ მე თავად მოვალ და ხელს მოგაწერინებო. მე ვადებში არ ვარ შეზღუდული, გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა მივიღო, რისთვისაც ერთი კვირა მაინცაა საჭირო“, - აცხადებს ტურავა.
მოსამართლის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ ყველანაირი წესი დააღვია.
„ეს არის ტყუილი, რომ დღეს უნდა უზრუნველყოს სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სასამართლოს აღსრულების ვადები ჰქონდეს განსაზღვრული. მე საკონსტიტუციო სასამართლომ დროში შემზღუდა. დღეს მოვიდნენ ჩემთან მოსამართლეები, მათ შორის, თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და უნდოდათ, ხელი მომეწერა, მაგრამ გარკვევით ავუხსენი, არცერთი მოსამართლე არ აწერს ხელს გადაწყვეტილებას, სანამ მას კარგად არ წაიკითხავს. მე არც ვიცი, დანარჩენმა მოსამართლეებმა წაიკითხეს თუ არა. ერთი წესი არსებობს სამართალში, რომ ჯერ ყველა მოსამართლე აწერს ხელს და მხოლოდ ამის შემდეგ ნიშნავენ დროს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად. მე ვფიქრობ, რომ ზეწოლაა, როდესაც მოსამართლე არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად და ხელმოწერას ითხოვენ. მე უმცირესობა ვარ და განსხვავებულ აზრს პატივი უნდა სცენ. აქამდე არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მისულიყო მოსამართლესთან და ხელმოწერა მოეთხოვა. ჯერ არ მახსოვს, საკონსტიტუციო სასამართლო ასე ჩქარობდეს გადაწყვეტილების მიღებას“, – აცხადებს მერაბ ტურავა.