როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰესის მშენებლობისთვის საფუძველის ჩაყრის ღონისძიებაზე განაცხადა, „ნენსკრა ჰესის“ საშუალებით, ზამთრის სეზონზე იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება მოხდება.
მისი თქმით, ექსპლუატაციიდან 35 წლის შემდეგ, "ნენსკრა ჰესი" საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში გადაეცემა.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ასეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური, პირველია, რომელიც იქნება ძლიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ამ პროექტს ვახორციელებთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, სამხრეთ კორეის სახელმწიფო კომპანიასთან ერთად, რომლის პარტნიორი საქართველოს მხრიდან იქნება საპარტნიორო ფონდი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტში მხარდამჭერები არიან ასეთი ცნობილი ორგანიზაციები. საპარტნიორო ფონდის კონსულტანტი ამ პროქტში იყო მსოფლიო ბანკი, კერძოდ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ეს ჰესი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰესი, რომლის სიმძლავრე იქნება 280 მეგავატი და მისი წლიური პოტენციური გამომუშავება იქნება 1.2 მილიარდი კილოვატ საათი. სადგური ენერგიის გამომუშავებას დაიწყებს 2019 წლიდან და 2012 წელს პროექტი საბოლოოდ დასრულდება. ეს უზრუნველყოფს ზამთარში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემა გახდება ბევრად უფრო მდგრადი და დამოუკიდებელი. ჰესის მშენებლობა ემყარება ე.წ. "BOT" მოდელს, ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰესი, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და შემდეგ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. ყველას გილოცავთ ამ პროექტის დაწყებას, მინდა მადლობა გადავუხადო ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს, საპარნტიო ფონდის ხელმძღვანელ ირაკლი კოვზანაძეს და მის გუნდს, რომელთაც მნიშვნელოვანი სამუშაოები გასწიეს ამ პროექტის განსახორციელებლად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.