გარწმუნებთ, რომ ძალიან მალე მოგაშორებთ ქართული სახელმწიფოს მართვისგან, - ასე მიმართავს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი მმართველ გუნდსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ნადირაშვილი ყურძნის ფასთან დაკავშირებით კახელი გლეხების უკმაყოფილებას, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და ირაკლი ღარიბაშვილი მევენახეების მიმართ "თავხედურ" ლაპარაკში დაადანაშაულა.
"ცალკე საუბრის თემაა როგორ იქცევა პრემიერ-მინისტრი. როგორი თავხედური ტონით ელაპარაკება გლეხებს, როგორ ეძახის მათ "ბირჟავიკებს". გასაგებია, რომ ის გლეხების მიმართ არანაირ ვალდებულებას არ გრძნობს, არის ერთადერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონა და რასაც დაავალებს იმას აკეთებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ასეთ ტონს პრემიერ-მინისტრს არავინ აპატიებს.
მე დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა ამას არ მოითმენს. თქვენ შეგიძლიათ თავი დაიმშვიდოთ და მათ ხან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ხან პროვოკატორები ეძახოთ, მაგრამ ძალიან კარგად იცით, რომ კახეთში არის ნამდვილი სახალხო პროტესტი და პასუხისგება მოგიწევთ იმაზე, რასაც ახლა სჩადიხართ.
აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის ერთ ფრაზასაც იმის თაობაზე, რომ ღვინიაშვილი თურმე უნდა მოაშოროს კახეთიდან. ღვინიაშვილს ვერა, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ძალიან მალე თქვენ - საპარლამენტო გუნდსაც და აღმასრულებელ ხელისუფლებას მოგაშორებთ ქართული სახელმწიფოს მართვისგან", - განაცხადა ნადირაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, ქვეყნის მმართველები "აბსოლუტურად მავნებლები" არიან.