თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს შეკითხვებით მიმართავს.
ალასანიამ სესიაშვილის მიმართ შეკითხვები ე.წ. კაბელების საქმეზე პროცესზე დასწრების შემდეგ გაასაჯაროვა. როგორც მან აღნიშნა, სესიაშვილის მხრიდან აინტერესებს, იცოდა თუ არა ის, რომ ჭოლოკავას პროექტის განხორციელების შედეგად, თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია ხელში ჩაუვარდებოდა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს. ალასანიას ასევე აინტერესებს, ე.წ.კაბელების საქმის მოწმის ჭოლოკავას ნასამართლობის შესახებ თუ ჰქონდა სესიაშვილს ინფორმაცია.
"იცოდა თუ არა ირაკლი სესიაშვილმა, რომ ამ პროექტს შეეძლო თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ხელში ჩაეგდო. ასევე მაინტერესებს სესიაშვილის შეფასება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მიმდინარეობის გამო შეჩერებულია ოპტიკურბოჭკოვანი ხაზების სხვა პროექტი და თითოეული დღე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას აფერხებს. ამ პროექტს, რომელიც მზადდებოდა, არ იბარებს თავდაცვის სამინისტრო, რადგან პროკურატურისგან არის ზეწოლა. მინდა სესიაშვილის მხრიდან მოვისმინო შეფასება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ცუდი პრაქტიკა ინერგება და სასამართლო ყველა მტკიცებულებას, რომელიც პროკურატურის მხრიდან საქმის განხილვის ეტაპზეა წარმოდგენილი, დასაშვებად ცნობს.
"ყურადრება მინდა გავამახვილო მოწმე ჭოლოკავაზე, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შეთავაზება თავდაცვის სამინისტროსთვის იყო ასევე იმ საფუძველზე გაკეთებული, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეეძლო ამ კაბელს გავლა. მე შევხვდი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და მასთან მაქვს შეკითხვა, როდესაც მან ეს პირი მომიყვანა, იცოდა თუ არა მისი წარსული და ის, რომ თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი, ასევე იცოდა თუ არა მისი კავშირების შესახებ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. თუ იცოდა, რა აზრს ხედავდა ამ პროექტში და როგორ გამოადგებოდა ეს პროექტი ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.